"უკვე ბევრი ხვდება, რომ ადგილობრივ პროდუქციას ვერაფერი შეედრება" - კვირის პალიტრა

"უკვე ბევრი ხვდება, რომ ადგილობრივ პროდუქციას ვერაფერი შეედრება"

"საქმე დაიძრა და ადამიანები, რომლებიც ამ პურს დღესაც ყიდულობენ, დარწმუნებული არიან, რომ მხოლოდ ქართული ხორბლისგან გამომცხვარ ნამდვილად ჯანსაღ პურს მიირთმევენ"

ახალგაზრდა ფერმერი ირაკლი ჩავლიშვილი დარწმუნებული იყო, რომ მხოლოდ მაშინ დადგებოდა მყარად ფეხზე, როცა წმინდა ქართული პროდუქტის წარმოებას მოჰკიდებდა ხელს. ასეც მოხდა. ეს გზა იოლი ნამდვილად არ ყოფილა, უდიდეს შრომასა და მოთმინებასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ფერმერისთვის ისტორიას ყავლი არ გასდის - დარწმუნებულია, რომ ტრადიციულ ქართულ პროდუქციას შეუძლებელია ანალოგი მოეძებნოს. საუბარია, ფაქტობრივად, ნებისმიერი ჯიშის პროდუქტზე - ხორბლით დაწყებული, პირუტყვის ადგილობრივი ჯიშებით დამთავრებული. აი, რის აღსადგენად ემზადებოდა ფერმერი, როცა ერთმა შემთხვევამ ყველაფრის დაწყების ბიძგი მისცა.

- რამდენიმე წლის წინ სვანეთში გახლდით სტუმრად და ერთ ჭარმაგ სვანს ვკითხე, ამ მთებში, ამ სუფთა ჰაერზე ჯანმრთელობის საქმე როგორ გაქვთ-მეთქი? მიპასუხა, რაც სვანებმა ქართული პურის მოყვანას თავი დავანებეთ, მას შემდეგ ჯანმრთელობა ცუდად გვაქვსო.

ქართული ხორბლის პურს რომ აღარ ვაცხობთ და ამით ჩვენს ჯანმრთელობას საფუძვლიანად ვარყევთ, ამაზე სხვა დროსაც მიფიქრია, ამ დინჯი კაცის ნათქვამმა კი საბოლოოდ გადამაწყვეტინა, სწორედ ამ საქმისთვის მომეკიდა ხელი. პური იმ ხორბლით უნდა გამომეცხო, რომელიც ჩვენს წინაპრებს მოჰყავდათ. ქართველებს 27 ჯიშის ხორბალი გვაქვს და ესეც ბევრს მეტყველებს.

ცხადია, ასეთი ხორბლის პოვნა ადვილი არ იქნებოდა და მეც დიდხანს ვეძებდი. ბოლოს მივაგენი: ბორჯომში არის ერთი პატარა სოფელი მზეთამზე, მითხრეს, ამ სოფელში ერთ-ერთმა უცხოურმა ორგანიზაციამ ქართული ხორბლის აღდგენის პროექტი გააკეთა, ხალხს დოლის პური მოჰყავს, მაგრამ პროექტი დასრულდა და ახლა ეს სოფელი ხორბალს ვეღარ ყიდისო. 10 ტონა ხორბალი ჰქონდათ გაუყიდავი. Hჰოდა, ვიყიდე, მერე კი იმაზე ფიქრი დავიწყე, რომ პური საფუვრით არ უნდა მომეზილა.

- ჩვენი ბებიები საფუარს მოძველებული ცომით ამზადებდნენ, რამდენიმე დღეს ცომს ქილაში ჩადებდნენ, დაამჟავებდნენ, მერე კი პურს ზელდნენ.

- შეიძლება საფუარს ამგვარად დღესაც ამზადებს ზოგიერთი სოფლად, მაგრამ ნამდვილი, ტრადიციული საფუარი თურმე მხოლოდ წყალსა და ფქვილზე მზადდება. ეს მოგვიანებით აღმოვაჩინე, როცა პურის ცხობა რამდენიმე თვის დაწყებული მქონდა. ერთ-ერთი მთავარი სიძნელე ის აღმოჩნდა, რომ სანამ ქართული ხორბლით პურის ცხობას დავიწყებდი, ყველა გამოცდილი პურის ტექნოლოგი მეუბნებოდა, მხოლოდ ქართული ხორბლით ერთგვაროვან პურს ვერ გამოაცხობო! მაგრამ ამ შემთხვევაშიც რწმენა დამეხმარა - თუ ჩვენი წინაპრები მხოლოდ ქართულ ხორბალს აცხობდნენ, მათი პური აღარ იჭმებოდა? პური სწორედაც არაერთგვაროვანი უნდა იყოს, მასში იმდენი კაცის შრომაა ჩადებული - მხვნელის, მთესველის, მცხობელის...

თუმცა არასწორმა კონსულტაციებმა ხელი მაინც დიდხანს შემიშალა - ცნობილმა პურის ტექნოლოგებმა პურის საცხობისთვის ისეთი ღუმელის ყიდვა მირჩიეს, როცა ცხობა დავიწყე, მერეღა მივხვდი, რომ ნამცხვრის საცხობი იყო. თუმცა არ გავბრაზებულვარ - არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში ყველა თავის გადარჩენას ცდილობს და ეს იგივე შემთხვევა იყო. მთავარი ის იყო, რომ საქმე დაიძრა და ადამიანები, რომლებიც ამ პურს დღესაც ყიდულობენ, დარწმუნებული არიან, რომ მხოლოდ ქართული ხორბლისგან გამომცხვარ ნამდვილად ჯანსაღ პურს მიირთმევენ.

ქართული ტრადიციული პროდუქციის აღდგენა არა მხოლოდ პირადი საქმის, იმის გამოც მინდა, რომ ხალხი ჯანმრთელი იყოს. ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანი როდია. არადა, მქონდა პერიოდები, როცა საქმეს კინაღამ თავი დავანებე - ქართული პროდუქციის აღდგენა არც ისე იოლი გამოდგა, მით უფრო, რომ ამისთვის ფული არც მე მქონდა და არც ჩემს მეგობრებს, რომლებიც ამ საქმეს ჩემთან ერთად შეეჭიდნენ.

ერთხელაც უფულობის გამო ქართული ხორბალი ვეღარ ვიყიდე, პური ვეღარ გამოვაცხვე და საწოლიდან აღარ წამოვდექი: მორჩა, ამ საქმეს გაგრძელება არ უწერია-მეთქი. აი, მაშინ ცოლი დამადგა თავზე და მითხრა: დედოფლისწყაროდან გირეკავენ, ვიღაცას ხორბალი ჰქონია გასაყიდი, იქნებ ფულის გადახდა გაცალოსო. რომ ჩავედი, იმ კაცმა, ოღონდაც ეს ხორბალი წაიღე, ფული როცა გინდა, მაშინ მომიტანეო. ასე გავაგრძელე ცხობაც და სხვა საქმეც.

მერე უკვე ქართული ღორისა და თხის ჯიშების აღდგენა დავიწყე. თითოეული მათგანისთვის კახეთი და სამეგრელო მოვიარე.

როცა სამეგრელოდან თხები გურიაში მომყავდა გასამრავლებლად - გურული გახლავართ, ოზურგეთის ულამაზეს სოფლებში, ვანისქედსა და ოქროსქედში მაქვს ბავშვობა გატარებული - იქაურმა კაცმა პირობა ჩამომართვა, მხოლოდ იმიტომ გატან, რომ არც ერთ სხვა ჯიშის თხაში არ უნდა შეერიოს, ათადან-პაპადან რაც იყო ეს ჯიში, ისე უნდა დარჩესო.

ღორიც სუფთა კახური მოვაშენე სოფელ შემოქმედში. აბა, როგორ არ უნდა ვთქვა, რომ არც ჩვენებური ღორის მსგავსი მგონია იყოს სადმე - შემოქმედში ჩაყვანილი წყვილი ღორი ისე წავიდა ტყეში, რომ სულ არ ვიცოდით, ცოცხლები იყვნენ თუ არა, შემოდგომაზე კი უკან გოჭებით დაბრუნდნენ. ღორის ჭირია თუ რაც არის, შემოქმედშიც დახოცა ღორები, მაგრამ, საბედნიეროდ, დაავადება ქართულ ღორს არ მიჰკარებია - ტყეში იყო გასული და იმიტომ! და ჩემთვის ყველაზე საამაყო საქმე - ოზურგეთში, ოქროსქედში, ბებიაჩემის დანატოვარ მიწაზე, 3 ჰექტარზე ჩხავერი დავრგე და გავახარე. აქ ისეთი პირობებია, რომ ნაყოფი მესამე წლის ნაცვლად უკვე მეორე წელს მომცა.

- როგორც ვიცი, ოქროსქედი დაცლილი სოფელია.

- თითქმის, მათ შორის ჩემი ოჯახიც წამოსულია თბილისში. ბავშვობაში მიკვირდა, ნეტავ რას მიტოვებდა ბებიაჩემი ამ მიწას, ფერდობია და სახლის დადგმა არ შეიძლება, რომც შეიძლებოდეს, სოფელში არავინ ცხოვრობს-მეთქი. თურმე აი, რატომ მიტოვებდა - ფერდობს მთელი დღე მზე უდგება და ისეთი ჩხავერი მოდის, როგორიც ვერსად მოვა. ამ ჩხავერს არსად წავიღებ - ჩემს სოფელში რომ უცხოელები ჩამოვლენ, ისინი დალევენ ჩემს სოფლელებთან ერთად, ამით ხალხს ფული შემოუვა და ჩემი სოფელი და მის ირგვლივ სოფლები აღარ დაიცლება. პირველად იტალიელები აქ შარშან ჩამოვიყვანე, ჩვენებური, გურული ანსამბლ "ადილას" მეგობრები არიან. მათ სოფელმა მთისპირმა უმასპინძლა. ხალხი, რომელსაც დღემდე, ფაქტობრივად, შემოსავალი არ ჰქონია, იტალიელებს ლამის თან გადაჰყვა. არა მხოლოდ ფულის გამო, მაგრამ ფულიც ხომ იყო! ამ იტალიელებს უკანავის, იგივე ასკანის ციხეზე მოვუწყვეთ კონცერტი. მანამდე ციხე გავწმინდეთ, ეკალბარდებით იყო გადაფარული.

- ესე იგი, ციხეც აღგიდგენიათ.

- გამოვაჩინეთ. ეს უძველესი და უნიკალური ქართული ციხეა, ისევე, როგორც ბევრი რამ ჩვენს კულტურაში, რისი აღდგენაც გულით გვინდა მე და ჩემს მეგობრებს. ამ მიზნით ძველი ჯიშის ქართული კარტოფილი დავთესეთ ბაკურიანში. დღეს უკვე ბევრი ხვდება, რომ ადგილობრივ კარტოფილს უცხოეთიდან შემოტანილი კარტოფილის გაურკვეველი ჯიში ვერ შეედრება. გვინდა, რომ ეს საქმე ნებისმიერი ქართული პროდუქციით გავაფართოოთ და ბრენდული სახელით უცხოეთში გავიტანოთ. ჩვენ მხოლოდ ცეკვა და სიმღერა როდი გვაქვს მსოფლიოსთვის წარსადგენად - ის პროდუქციაც ისეთივე ძვირფასია, რომელსაც ჩვენი ერი ქმნიდა და რომელმაც ჯანმრთელობა უნდა შეგვინარჩუნოს.

ეთერ ერაძე