ჩურჩხელასთან "დაბ­რუნება"
04-12-2017
ჩურჩხელასთან "დაბ­რუნება"

"2014 წლიდან მუშაობს თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი საოჯახო ტიპის საწარმო. აქ ჩურჩხელასთან ერთად ხილის ჩირსაც ვამზადებ"

ჩურჩხელის უნიკალურობა საუ­კუნეებმა­ დაამტკიცა, ამიტომ გასაკვირი არც არის, რომ ის დღევანდელობის ბრენდადაც იქცა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ჩურჩხელით ბიზნესის დაწყება მაია ჯაჯანაშვილმა. გურჯაანში გაზრდილმა ამ გემრიელი და ძალიან სასარგებლო პროდუქტის ღირებულება კარგად იცოდა:

- პროფესიით ექიმი გახლდით, ამასთან, მოსკოვში არომათერაპიის კურსიც გავიარე, მაგრამ როცა დავინახე, რომ ოჯახის ფეხზე დასაყენებლად მეტი იყო საჭირო, დავიწყე ფიქრი, რა გამეკეთებინა
მომავლ­ისთვის. ასე მომიხდა ჩურჩხელასთან "დაბ­რუნება". დედით უძველესი ქართული გვარის შთამომავალი ვარ, ჯაჯანაშვილი კი უძველესი ქრისტიანი ებრაელებიდან მოდის. ჩემი დიდი პაპა ღვინის ვაჭარი
და ღვინის გილდიის წევრი იყო, კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში ცხოვრობდა და იქ ჩინურის ზვრები ჰქონდა. მერე ვენახები გურჯაანში იყიდა. მამას ძალიან უნდოდა, მე და ჩემი ძმა მეღვინეები ვყოფილიყავით. ოჯახშიც ჩურჩხელების ამოვლების ტრადიცია გვქონდა და ბებია მთავარი სპეციალისტი გახლდათ. მეც ჩურჩხელების გასაღების ბაზარი მოვძებნე და ექვსი წლის წინ 5000 ჩურჩხელა შინ, გურჯაანში ამოვავლე.

- ამდენი ჩურჩხელის გასაღების ბაზარი­ როგორ მოძებნეთ ან ამდენი როგორ ამოავლეთ?

- კახეთში ჩურჩხელის ამოვლება, შრომასთან ერთად, სიამოვნებაა. თანაც, ოჯახის თითქმის ყველა წევრი მომეხმარა, განსაკუთრებით კი - ბებია. რაც შეეხება გასაღების ბაზარს, ადვილი არ ყოფილა, მაგრამ ახლობელი მოვძებნე, რომელმაც ითავა, რომ ეს ჩურჩხელა საბერძნეთში წაეღო ქართველი ემიგრანტებისთვის და არა მხოლოდ მათთვის. ბევრი ვიშრომე და ვიფიქრე იმისთვის, რომ უცხოეთში გაგზავნილი ჩურჩხელა რაც შეიძლება დიდხანს ყოფილიყო­ ვარგისი და პირვანდელი გემოც მეტხანს ჰქონოდა. ამაში ჩემი სამედიცინო განათლება დამეხმარა - ბუნებრივი დანამატ­ებით შევძელი, რომ მისი ვარგისიანობის ვადა სამი თვიდან ექვს თვემდე გამეზარდა. დღესაც ასეა - ჩემს საწარმოში ამოვლებული ჩურჩხელა ექვსი თვის მანძილზე ვარგისია.

- საწარმო როგორ შექმენით?
- საქმემ ამისკენ თავისთავად წამიყვანა - გურჯაანულ ჩურჩხელას იმდენი მომწონებელი (მათ შორის, ტურისტები) გამოუჩნდა, რომ საწარმოს გახსნის საკითხი თავისთავად გაჩნდა. მიწის ნაკვეთიც ამოვირჩიე - დაუმუშავებელი მიწა ლილოსთან ახლოს, რომელიც ადმინისტრაციულად გარდაბანს ეკუთვნის. მართლაც ბევრი ვიფიქრე, რომ საწარმოსთვის კარგად გათვლილი პროექტი დამეწერა. საბედნიეროდ, დამიფინანსდა. ასე რომ, 2014 წლიდან მუშაობს თანამედროვე ტექნო­ლოგიით აღჭურვილი საოჯახო ტიპის საწარმო, რომელიც 160 კვმ-ზეა გაშლილი. აქ ჩურჩხელასთან ერთად, ხილის ჩირსაც ვამზადებ. ამ საქმეშიც ოჯახით ვარ ჩართული. ჩემი ვაჟი და მეუღლე ხშირად ფიზიკურადაც შრომობენ. სამაგიეროდ, წარმატებას ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ვაღწევთ. სხვათა შორის, ქართული ქვევრის ღვინოების საფუძველზე შევქმენით არომაღვინოებიც, რომლებსაც 100%-ით ნატურალური ეთერზეთები აქვს დამატებული. ამაშიც დამეხმარა ჩემი პროფესია - არომათერაპიის შესწავლისას ეთერზეთების შესახებ ბევრი რამ ვისწავლე.

- მსოფლიო ბაზარზე არომაღვინოები ძალიან ძვირი ღირს.
- დიახ. თუმცა ტურისტებისთვის ამ ღვინის დეგუსტაცია ჩვენთან, ფაქტობრივად, უფასოა. არომამარანიც ჩვენი საწარმოს ეზოში გვაქვს.

- მეწარმის ასეთი წარმატება ქვეყნისთვის აუცილებელია.

- უნდა ვაღიარო, რომ წარმატება ძნელად მისაღწევი იყო, რადგან მიწის ნაკვეთიც საკუთარი ხარჯით ვიყიდე და თანამედროვე სტანდარტის საწარმოც საკუთარი ხარჯით ავაშენეთ. თანამედროვე სტანდარტის საწარმო რომ არ მქონოდა, მაშინ არც ის თანამედროვე ტექნოლოგიები გვექნებოდა, რომელიც USAID-მა გვაჩუქა და ჩვენი ჩურჩხელის დამზადებაში უდიდეს როლს ასრულებს.… სიძნელეს გვიქმნის მონოპოლიზაციაც, - ზოგიერთი მეწარმე მაღაზიას პირდაპირ ეუბნება, რომ იქ მისი ჩურჩხელების შეტანის შემდეგ სხვების ჩურჩხელები არ მიიღოს, რაც არაკეთილსინდისიერებაა.

- იმედი მაქვს, ყველა სიძნელეს გადალახავთ. ასეთი შრომის ფასად ნამდვილად იმსახურებთ წარმატებებს.
- ვცდილობთ. სხვათა შორის, ჩვენს ღვინოებზე ჟურნალმა "ფორბსმაც" დაწერა, რითაც ნამდვილად შეიძლება იამაყო. თუმცა ჩვენს საქმეში მთავარ პირობად მაინც პატიოსნება მიმაჩნია - არასოდეს მოვატყუებთ მყიდველს და ყალბ პროდუქციას არ შევთავაზებთ. ჩვენი ჩურჩხელა ყოველთვის სასარგებლო და გემრიელი იქნება, ასევე - ლამაზიც: ლამაზწარწერიან ბრინჯის ქაღალდში ვფუთავთ და ისე ვყიდით.

- ჩურჩხელის ნამდვილობის გარჩევა ბევრს უჭირს. იქნებ თქვენ ახსნათ, ნამდვილია თუ არა, როცა ჩურჩხელა თეთრი ფქვილით არის დაფარული.

- ჩურჩხელის ნამდვილობას კიდევ ბევრი ნიშანი აქვს. უპირველესად, ჩურჩხელა 100%-იანი ნატურალური ინგრედიენტებისაგან უნდა იყოს გაკეთებული - უმაღლესი ხარისხის კაკლისა და უმაღლესი ხარისხის ყურძნის ნატურალური წვენისაგან, ჩურჩხელის გარსი კი თრთვილით დაფარული უნდა იყოს და არა - ფქვილით ან თუნდაც დაფქული შაქრით. დაკვირვებული თვალი თრთვილსა და ფქვილს ადვილად გაარჩევს ერთმანეთისაგან.

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები