"მეუბნებოდნენ, ყვავილები და ცხოველები ადამიანებზე მეტად გიყვარსო" - კვირის პალიტრა

"მეუბნებოდნენ, ყვავილები და ცხოველები ადამიანებზე მეტად გიყვარსო"

"ექვსი წელია, ერთად ვართ. ჩვენი ყველაზე დიდი ნატვრა შვილია და იმედია, ეს ოცნება აგვისრულდება. ჩემს ბაღში ორანჟერეა მინდა გავაკეთო და ფლორისტი გავხდე. მჯერა, ერთ დღეს ჩვენს გატაცებებს გავაერთიანებთ და ჩვენს ეზოს, სახლს ხელოვნების ნიმუშად ვაქცევთ", – გვეუბნება სალომე ასათიანი. პოეტი ზვიად მეფარე და მისი მეუღლე ქუთაისში ცხოვრობენ და მოკრძალებული თანხებით იმგვარი გარემო შექმნეს, სადაც ხალხს მისვლა ისე სურს, როგორც მუზეუმში.

– დაახლოებით 700 სახეობის მცენარე გვაქვს. მე და ჩემი მეუღლე კერძო სახლში ვცხოვრობთ. ორი სართული და ეზოც სავსეა მცენარეებით. სამსახურიდან დაღლილი ამ სილამაზეში რომ ვბრუნდები, დიდი ბედნიერებაა. ამ ბოლო დროს ადამიანებთან ურთიერთობა უფრო მიჭირს, ყვავილები კი ყოველთვის დადებითი მუხტით მავსებენ. მოვლას დიდი დრო მიაქვს. დილით ადრე ვდგები, სამსახურში წასვლამდე რომ ყველაფერი მოვასწრო. ახლა მორწყვა აღარ სჭირდებათ, ზამთარში ნაკლები საქმეა, მაგრამ გაზაფხული და ზაფხული ძალიან დატვირთულია. რთულ საქმეს ჩემი მეუღლე ასრულებს – მიწა მოაქვს, ყვავილებს გადარგავს, ეზოში ხეებს უვლის, სხლავს... ზვიადის ცხოვრება პოეზიაა, შექსპირის სონეტები თარგმნა, გამოსცა ლექსების ექვსი კრებული.

– სოციალურ ქსელში უამრავი თაყვანისმცემელი გყავთ.

– მიხარია, რომ ჩვენთან უყვართ მოსვლა. ქუთაისის საბავშვო ლიტერატურული კლუბის ხელმძღვანელმა შემოგვთავაზა, თქვენი სახლი მუზეუმს ჰგავს, ბავშვებს მოვიყვანთ ხოლმეო. სიამოვნებით დავთანხმდით. კარგი იქნება, ბავშვებმაც დააფასონ ის, რაც ღირებულია. ვამჩნევ, რომ ჩვენს მცენარეებსაც მოსწონთ ჩვენი ცხოვრების სტილი. ხშირად ვუსმენთ კლასიკურ მუსიკასა და როკს. სახლშიც სულ პოზიტიური განწყობაა, ყველაფერში ვხედავთ ბედნიერებას, მცენარეებიც კარგად იზრდებიან, მრავლდებიან, ყვავილობენ... ბოლო დროს ცხოველები განსაკუთრებით შემიყვარდა. ქუჩაში ნაპოვნი ორი ძაღლი წამოვიყვანე. ბევრ მეგობარს დავშორდი, რადგან ცხოველების მიმართ აგრესია შევნიშნე. მეუბნებოდნენ, ყვავილები და ცხოველები ადამიანებზე მეტად გიყვარსო. რა ვქნა, ვერ ვიმეგობრებ მათთან, ვინც ცხოველებს დაჩაგრავს, ხეებს ტოტებს დაამტვრევს, ნარგავებს გადათელავს... მე და ჩემს მეუღლეს გართობა და რესტორნები არ გვიზიდავს. როცა გვეპატიჟებიან, მივდივართ, მაგრამ ადრე ვბრუნდებით. საშინელი მუსიკა, ტრაფარეტული სადღეგრძელოები, უინტერესო საკითხებზე საუბარი. ასეთ გარემოში ყოფნა დამღლელია. მიყვარს ხელსაქმე. Uუმეტესად ვქსოვ. ადრე ვკერავდი, ვქარგავდი.

– შეიძლება XXI საუკუნეში მოკრძალებული შემოსავლითაც ბედნიერად იცხოვრო?

– მე და ჩემს მეუღლეს ისედაც დაბალი ხელფასი ბოლო დროს უფრო შეგვიმცირეს. თუმცა ხელსაქმეც დავიხმარე, ყვავილებსაც ვამრავლებ, ვყიდი და ფული ერთმანეთს ემატება. ჩემი მეუღლე თავის კრებულს წელიწადში ერთხელ საკუთარი ხარჯით გამოსცემს. გვიყვარს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობა, მაგრამ მიზერული თანხით მივდივართ. ავტოსტოპით ვმგზავრობთ და იქაური ადამიანების იმედად ვართ, ვინც შეგვიფარებს. ახლახან გოდერძი ჩოხელის სოფელში ვიყავით. თითქმის დაცლილია, მაგრამ მაინც ვიპოვეთ ქალი, რომელთანაც დავბინავდით. თან გადაგვყვა, დაგვიმეგობრდა, გვემუდარებოდა, კიდევ დარჩითო.

ყველას ჰგონია, რომ დალხენილი ცხოვრება გვაქვს, რადგან დაბალი შემოსავლით ვკმაყოფილდებით, ბედნიერად ვცხოვრობთ, ვმოგზაურობთ, ცხოვრებით ვტკბებით, მაგრამ ჩვენც უამრავი რამ გვაწუხებს... სევდიანია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. გიწევს გაჭირვებული ადამიანების, მიუსაფარი ცხოველების ნახვა და თვალს ამაზე ვერ დახუჭავ. მცირედ ქველმოქმედებას ვეწევით – ვმართავთ საღამოებს, ყვავილებიც გამიყიდია, რათა დავხმარებოდი გაჭირვებულ ადამიანს. დედაჩემი ავადმყოფობს და მის მკურნალობას დიდი თანხა სჭირდება. რომ არა ის სამყარო, რაც შევქმენით, ვერ გავუძლებდით, არც ასეთი ძლიერები ვიქნებოდით.

– თქვენ და თქვენს მეუღლეს ერთმანეთის მხარში დგომა გიადვილებთ ცხოვრებას...

– ვეღარც წარმომიდგენია, სხვანაირად რომ იყოს. ექვსი წელია, ერთად ვართ. ჩვენი ყველაზე დიდი ნატვრა შვილია და იმედია, ოცნება აგვისრულდება. ჩემს ბაღში ორანჟერეა მინდა გავაკეთო და ფლორისტი გავხდე. მჯერა, ერთ დღეს ჩვენს ეზოს, სახლს, ხელოვნების ნიმუშად ვაქცევთ.

მანანა გაბრიჭიძე