თუშეთში ლუდის ხარშვის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის - კვირის პალიტრა

თუშეთში ლუდის ხარშვის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის

საქართველო რომ ღვინისა და მეღვინეობის სამშობლოა, ეს ჩვენ კი არა, უკვე ლამის მთელმა მსოფლიომ იცის. ბოლო აღმოჩენებით, საქართველოს ტერიტორიაზე მეღვინეობას არც მეტი, არც ნაკლები - 8 ათასი წლის წინ მისდევდნენ. მაგრამ თურმე არც ლუდის მოხარშვაში ვართ ახალბედები. "საქართველოში ლუდი, როგორც კულტურა, ძველი მსოფლიოს ქვეყნებიდან შემოვიდა. აღმოსავლური ლუდის უძველესობა დღეს უკვე უეჭველია", - წერს პროფესორი ელდარ ნადირაძე ნარკვევში "ქართული ლუდი".

საქართველოს ბარში თუ ღვინო უკონკურენციო იყო, მთაში, სადაც ვაზი არ ხარობს, ლუდის ხარშვამ მოიკიდა ფეხი და აქ დასახლებული ხალხის ყოფაში უპირველესი ადგილიც დაიჭირა.

ტრადიციული ქართული ლუდებიდან ყველაზე ცნობილი, ალბათ, მაინც თუშური ალუდია, რომელიც, თუ თუშებს შევეკითხებით, გარდამავალი საფეხურია ღვინოსა და ლუდს შორის. ალუდი ზაფხულის რელიგიურ დღესასწაულ ათნიგენობებზე (ათენგენობა) დღემდე იხარშება. თავისთავად იბადება შეკითხვა - თუ ღვინის ქვევრში დაყენების საუკუნეებგამოვლილი წესით შეგვიძლია მსოფლიო გავაოცოთ, რა დააშავა თუშურმა ალუდმა, რომლის მოხარშვის წესიც ასევე საუკუნეებს ითვლის? ეტყობა, ეს შეკითხვა საკუთარ თავს თუშებმაც დაუსვეს და ზოგმა პასუხიც იპოვა.

ბოლო წლებში თუშეთში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა. სოფლებში მცხოვრებთა დიდი ნაწილი აქტიურად მუშაობს მცირე ბიზნესში. ნაწილს სოფლის მეურნეობის პროდუქტები მოჰყავს, ნაწილი საოჯახო სასტუმროებს უძღვება, ნაწილი კი გასტრონომიულ ბიზნესს მისდევს და ტურისტების მოზიდვას ძველი ტრადიციების აღდგენით ცდილობს.

გიორგი იჩუაიძემ ტრადიციული თუშური საქვაბე, სადაც წლების წინ ალუდს ხარშავდნენ, ცოტა ხნის წინ აღადგინა. საქვაბეს თუშები მხოლოდ დღესასწაულებისას იყენებდნენ და შენობა დანგრევის პირას იყო. ლუდსახარშში ორი ქვაბი დგას, ორივე სპილენძის ფირფიტებისგან არის აწყობილი და 400-ლიტრიანია.

"ძალიან მინდოდა, შენობა გადამერჩინა, რადგან ეს არის ტრადიციული თუშური საქვაბე. XX საუკუნის დასაწყისში, 20-იან წლებში თუშეთში ასეთი საქვაბეები ყველა სოფელში იყო. ეს საქვაბეც 1920 წელს არის გაკეთებული. გადმოცემით ვიცი, რომ ქვაბი მჭედელმა ძმებმა დაამზადეს", - ამბობს გიორგი იჩუაიძე.

ლუდის ხარშვა კიდევ ერთ თუშურ ძირძველ ტრადიციას უკავშირდება - შულტაობას. შულტაობა ტრადიციული თუშური დღეობაა, რომელიც დღემდე ყოველწლიურად იმართება თუშეთის სოფლებში. შულტაობაზე თითო სოფელში ექვსი მასპინძელი ოჯახია, რომელიც დღეობის სტუმრებს თავიანთი მოხარშული ლუდით უმასპინძლდება.

გიორგი იჩუაიძემ თავდაპირველად სახურავი შეაკეთა, თუმცა, ლუდსახარშის ასამოქმედებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ გადაწყვიტა, პროექტი დაეწერა და "ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასისთვის" წარედგინა. პროექტმა მოწონება დაიმსახურა და გიორგი იჩუაიძემ საქვაბეს კიდევ ერთი ოთახი მიაშენა.

ომალოელ მეწარმეს საქმიანობაში ასევე ომალოს მკვიდრი, ახალგაზრდა დათო მოზაიძე ეხმარება. დათო მოზაიძე, იმავდროულად, საოჯახო სასტუმროსაც უძღვება. დათოსთან ერთად პაპა გიორგის შვილიშვილი - უმცროსი გიორგიც ეხმარება. ახალგაზრდამ განათლება დიდ ბრიტანეთში მიიღო, თუმცა სამშობლოში დაბრუნდა და საკუთარ მომავალს სწორედ თუშეთს უკავშირებს. დათოსაც და გიორგისაც დიდი გეგმები აქვთ. სწორედ ასეთ ახალგაზრდებზეა დამოკიდებული თუშეთის მომავალიც.

ომალოს აღდგენილ ლუდსახარშში გიორგი იჩუაიძემ და დათო მოზაიძემ პირველი სტუმრები ცოტა ხნის წინ, სეზონის დასრულებამდე მიიღეს. მეწარმეები ლუდს სწორედ ტრადიციული თუშური მეთოდით - ქერის ალაოზე ამზადებენ.

თუშური ლუდი ჩვენც გავსინჯეთ და ალბათ, მისი გემო კარგა ხანს არ დაგვავიწყდება.

საინტერესოა, რომ ტრადიციის მიხედვით, ფანჩატურს იქით ქალები არ დაიშვებიან. ტრადიციულ თუშურ დღეობებზე ე.წ. საკაცო და საქალო ლუდი ცალ-ცალკე იხარშება. იჩუაიძეები სტუმრებს ალუდით საკუთარ საოჯახო სასტუმროში უმასპინძლდებიან. ალუდის დაჭაშნიკება შეიძლება სახავიწეშიც, სადაც სხვა კერძებთან ერთად, თუშური სამზარეულოს ერთ-ერთი დელიკატესი - ხავიწიც შეგიძლიათ გასინჯოთ.

"პირველი სტუმრები სეზონის დასრულებამდე მივიღეთ და თუშეთობაზე გავუმასპინძლდით. წლეულს 100 ლიტრამდე ლუდი გავყიდეთ, სეზონზე ლიტრს 5 ლარად ვყიდით... ტრაბახით არ ვამბობ, მაგრამ ჩვენმა ლუდმა დიდი მოწონება დაიმსახურა და იმედია, ახალი სეზონიდან ომალოში ჩამოსულ მეტ ტურისტს გავუმასპინძლდებით", - გვითხრა გიორგი იჩუაიძემ.

ვახტანგ თუთბერიძე