კივის რთველი სოფელ დიღომში - კვირის პალიტრა

კივის რთველი სოფელ დიღომში

"მოსავლიდან არც ერთი ცალი არ გამიყიდია, მიხარია, რომ ვარიგებ"

კივის, როგორც კულტურული მცენარის მოშენება სამხრეთ ჩინეთში, ჩენგ კიანგის მინდორზე დაიწყო. ეს ხილი ჩინეთის მეფეებისთვის დელიკატესი იყო. პირველად გემო ბრიტანელებმა გაუსინჯეს და სახელიც გაუვარდა, თუმცა სამშობლოში კივის თესლის წაღება 1847 წელს მოახერხეს. მაგრამ ნისლიან ალბიონზე მცენარემ ვერ გაიხარა, კლიმატმა ხელი არ შეუწყო - კივის სიცივის ეშინია.

1904 წელს ამ ბუჩქის წაღება ამერიკელებმა მოახერხეს, 1906 წელს კი ახალმა ზელანდიელებმა ამ მცენარის მხოლოდ თესლი მოიპოვეს. რადგან კივიმ ყველაზე კარგად ახალ ზელანდიაში იხარა, გაამრავლეს და სელექციით 30 წელიწადში, ჩინეთიდან ჩატანილზე გაცილებით დიდი ნაყოფი მიიღეს, კივი კი იმიტომ შეარქვეს, რომ ზელანდიის სიამაყეს - უცნაურ, უფრთო და უკუდო ჩიტს - კივის მიამსგავსეს. კივი დღეს უკვე თითქმის მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, მათ შორის, საქართველოშიც. ის აქ 90-იან წლებში შემოვიდა და ყველაზე კარგად დასავლეთ საქართველოში - გურიასა და სამეგრელოში გაიხარა.

ამ კულტურის მოყვანას ფერმერები აღმოსავლეთ საქართველოშიც ხშირად ცდილობენ, თუმცა ზოგს უმართლებს და ზოგს - არა. ყველაფერს მაინც აღმოსავლეთ საქართველოს კლიმატი განსაზღვრავს. ერთხელ კივის ხეივანი თბილისშიც აღმოვაჩინე. შესაძლოა, "მამულ-დედულის" მკითხველს ახსოვს კიდეც ის სტატია.

ამჯერად მინდა, მოგითხროთ კივის ხეივანზე, რომელიც გასულ კვირას სოფელ დიღომში ვნახეთ. ის ჩვენი გაზეთის აქტიურ მკითხველს, ვაჟა გეგელიშვილს ეკუთვნის, რომელმაც შარშან მიგვიწვია, თუმცა მაშინ მისი გაცნობა ვერ მოხერხდა.

იმ ადგილას, სადაც ხეივანია გაშენებული, სათბური ყოფილა. ახლა მხოლოდ კარკასია შემორჩენილი, სადაც რვა წლის წინ ბატონ ვაჟას კივის ნერგები ჩაუყრია.

"დიღმელი ვარ, აქ დავიბადე და გავიზარდე... ეს ადგილი ჩემი სიმამრის იყო, რომელიც მაჩუქა. აქ ვენახი იყო, აქვე აყენებდნენ ღვინოს და მერე ტიკებითა და ურმით გაჰქონდათ. სხვა ტრანსპორტისთვის გზა არ ჰქონდათ - გზაც მე გავაკეთე.

აქ ხეხილის უმეტესობა ჩემი ჩაყრილია, ბევრი ძველიც არის, მაგალითად, მსხალი, რომელსაც ნანაძირს ეძახიან. იშვიათი ჯიშია, მეწლეული, როგორც გულაბი. ჩემი სიმამრის პაპის დარგულია," - გვეუბნება რესპონდენტი.

ბატონი ვაჟა მეურნეობას მხოლოდ საკუთარი ოჯახისთვის მისდევს. კივი ცხრა წლის წინ დარგო, რომლის ნერგები "დეზერტირის" ბაზარში შეიძინა - ზუგდიდიდან იყო ჩამოტანილიო.

"სანამ ნერგებს ვიყიდდი, წიგნი მქონდა, სადაც ყველაფერი წერია კივის კულტურაზე. მიუხედავად იმისა, რომ სუბტროპიკული მცენარეა, ჩემთანაც კარგად გაიხარა.

ცოტა ტენიანი ადგილია, შესაძლებელია, ჩრდილიც უფრო მეტია. ფერდობის ძირში ვართ, ჩავარდნილი ადგილია, ალბათ, ხელი ამანაც შეუწყო და ფაქტია, კლიმატიც მოეწონა. ადრე აქ კივი რა იყო, რა იცოდნენ, ახლა ამის მოყვანა სხვებსაც შეუძლიათ.

- მაინცდამაინც კივის გაშენების სურვილი რატომ გაგიჩნდათ?

- ადრე ამ ადგილას სათბური მქონდა, სადაც, როგორც ყველა დიღმელს, მეც კიტრი და პამიდორი მომყავდა. ჩვენი სათბურები მთელ თბილისს ამარაგებდა, მაგრამ 90-იან წლებში ეს ვეღარ შევძელით და ადგილიც უქმად დარჩა. თუმცა, ბოლოს აქაურობა გამომადგა. ნაპირებზე ვაზი გავაშენე, არის მარწყვი, ვარდებიც, შუაგულში კი ცარიელი ადგილი კივის დავუთმე.

"მწკრივში სულ ხუთი ნერგია. ერთი "მამალია", აქეთ-იქით "დედლებია" ჩარგული. შუაში "მამალი" უნდა იყოს. ერთ "მამალთან" 7-8 "დედლის" დარგვაც შეიძლება.

- დარგეთ და აკვირდებოდით?

- ნიშანი სამი წლის მერე მომცა, მეოთხე წელს დაისხა და მოსავლის რაოდენობამ თანდათან მოიმატა. წლეულს ცოტა ნაკლებია, რადგან კვირტობისას ქარმა მოუსწრო და ბევრი დასცვივდა.

- ადვილად მოსავლელი კულტურაა?

- კი. გასხვლა ვაზივით უნდა, ოღონდ, ვაზსა და კივის ჩემს ბაღში ერთმანეთთან ურთიერთობა უჭირთ, "ჩხუბობენ," ტოტები ერთმანეთში ეხლართებათ. ამიტომ ვცდილობ, ტოტები დავუმოკლო...

- ანუ განსაკუთრებული აგროვადები არა აქვს?

- არა, მხოლოდ ნიადაგის გასამდიდრებლად გადამწვარ ნაკელსა და მინერალებს ვაწვდი. როცა ვრგავდი, ერთ ფენად ხრეში ჩავყარე, რომ დრენაჟი ჰქონოდა და ზემოდან - ნაკელი. სანამ ახალგაზრდა ნერგები იყო, სანამ ძირი გაუმყარდებოდათ, სარები ჩავუსვი და შეეზარდა. ერთი სარი რკინის იყო და გადაღუნა. დიდი ძალა აქვს.

- ვიცი, რომ ბევრი წყალი უნდა...

- ზაფხულში, როცა ცხელა, ორ დღეში ერთხელ ვრწყავ. "შლანგს" მივუშვებ ხოლმე და თავისით ირწყვება. გარშემო ნაპრალს იკეთებს. შეწამვლა არ უნდა. საერთოდ, გამძლე მცენარეა...

- მოკრეფილს როგორ ინახავთ?

- შენახვაც არ არის პრობლემა. რომ მოვკრეფ, ყუთებში ჩავაწყობ და გრილ ადგილას დავდებ. დაკრეფის შემდეგ უფრო მწიფდება, შაქრიანობა ემატება და არომატული ხდება. მთელი ზამთარიც რომ იდოს ყუთში, ახალი დაკრეფილივითაა.

- ამ ხეივნიდან რამდენი კილოგრამი მოდის?

- შარშან 500 კგ იყო, თუმცა წლეულს, გაზაფხულზე ქარის გამო, ნაკლები იქნება. მოსავლიდან არც ერთი ცალი არ გამიყიდია. მიხარია, რომ ვარიგებ.

- ვაზი რომელი გაქვთ?

- ალადასტური, ასევე მუხრანული საბატონე, თეთრა, თუმცა წონით კივიზე მეტ ყურძენს ამ ხეივნიდან ვერ ვიღებ, ასე 90 კილომდე. მერე ამდენივე თავკვერს ვყიდულობ, ვურევ და ღვინოს ვაყენებ.

- რას ურჩევდით ადამიანებს, ვისაც კივის გაშენება უნდა?

- დიღომში, როგორც გითხარით, სათბურები თითქმის აღარ არის, დარჩენილია მხოლოდ კარკასები, რომელთაც ზოგი აახლებს და სალათის ფურცლებს აშენებს. მე ვურჩევდი, კივი გაეშენებინათ. სალათის ფურცლები არ არის ცუდი, მაგრამ კივიც არ დაიწუნება. მით უფრო, რომ დიდი მოვლა არ უნდა - მხოლოდ მორწყვა და ტოტების დამოკლება, რომ ანტენებივით არ ჰქონდეს. ამიტომ, შეიძინონ კივის ნერგები (ძვირი არ ღირს) და თამამად დარგონ. მოკლედ, დიღმელებს კივის მოვლას ვურჩევ... მიხარია, რომ ვიღაც მოდის, ნახულობს ჩემს კივის და მოსწონს.

ლალი ფაცია