"იასამფერა" ზამთრის ბაღი - კვირის პალიტრა

"იასამფერა" ზამთრის ბაღი

"თოვლმა ამ ყვავილის სილამაზე შესაძლოამთლიანად დაფაროს, მაგრამ ყინვა და თოვლი ვერაფერს აკლებს"

"3-4 გრადუს ყინვაზე ლიმონი და ფორთოხალი ფუჭდება, 8-ზე კი უკვე ნადგურდება. მინუს 10 გრადუსის ქვემოთ მანდარინიც აღარ ვარგა. თუ წინასწარ, თავის დაზღვევის მიზნით არ შეფუთავთ, მაშინ ამინდის პროგნოზს თვალყური უნდა ადევნოთ და ამის მიხედვით იმოქმედოთ"

რა უნდა გავაკეთოთ, რომ ზამთარში ჩვენი ბაღი არ იყოს მოწყენილი, რა სამუშაოს ითხოვს ზამთრის ბაღი, ან იქნებ არაფერია საჭირო და მებაღემ უნდა დაისვენოს? გვესაუბრება ზუგდიდელი მხატვარ-დიზაინერი პაატა გოგელია, რომელმაც წლეულს საკუთარი ულამაზესი ეზო-კარით გაითქვა სახელი და მრავალი გააოცა.

- ზამთარში მცენარეებს ზედმეტი ტოტები უნდა შევაჭრათ, რომ თოვლმა არ ჩამოამტვრიოს. დასავლეთ საქართველოში დეკორატიული მცენარეები - ციკასი, ლიმონი, ზოლებიანი აგავა და მსგავსნი უნდა შეიფუთოს. ამისთვის არის სპეციალური ბამბის ტიპის ქსოვილი, ის ყინვასაც ეღობება და მცენარესაც ათბობს. ეს ქსოვილი მისწრებაა ზოლიანი აგავასთვის. არსებობს ასაკინძი მცენარეებიც.

- რას გულისხმობთ?

- ასაკინძია მცენარე, რომელსაც ზემოთ უნდა ავუწიოთ ტოტები, რათა თოვლმა არ დაამტვრიოს. ასეთებია პალმები (ფინიკის, ქოქოსის), აკინძულ-აწეული ტოტები მათ სიცივისგანაც დაიცავს და ყინვასაც შედარებით ადვილად გადაიტანს, თუმცა, მინუს 5 გრადუსზე დაბლა შეფუთვა აუცილებელია. ბაღმა ზამთარში რომ არ მოიწყინოს, ყინვაგამძლე მცენარეები უნდა დავრგოთ, ასეთი მცენარე სიცივეშიც მშვენივრად ყვავის.

- კერძოდ?

- მაგალითად, იაჟუჟუნა (იასამფერა, სამფერა ია, ბაღის ია, ვიოლა) სულ ცოტა, 6 თვე ყვავის. თუ ხელს შევუწყობთ, მეტხანსაც იყვავილებს. თოვლმა შეიძლება მისი სილამაზე მთლიანად დაფაროს, მაგრამ ყინვა და თოვლი ვერაფერს აკლებს, არ ფუჭდება. იაჟუჟუნა სხვადასხვა ფერის არის - თეთრი, იასამნისფერი, ვარდისფერი, მოყვითალო... თან იაფია და ზამთრის ბაღს, რომელსაც ფერები აკლია, ახალისებს.

ქოთნებში ჩარგული იაჟუჟუნებით შეიძლება ეზოს ისე გალამაზება, რომ მათი ყურებით თვალი ვერ გაძღება. ისინი ხომ ყვავილობას გაზაფხულზეც განაგრძობენ.

- როგორ უნდა მოვუაროთ ნიადაგს?

- კარგი იქნება, თუ მცენარეებს ძირს შემოვუბარავთ, ბალახსაც მოვაცილებთ.

თუ მთლიანად გადავბარავთ ნაკვეთს, ბაღს ესეც გამოაცოცხლებს. კარგია მცენარეებისთვის ბიოლოგიური სასუქის მიწოდებაც.

ამ საკვებით უმეტესად ადრე გაზაფხულზე ამარაგებენ, მაგრამ მცირე დოზით მიწოდება ზამთარშიც არ იქნება ურიგო.

- ეს სასუქი სითხის სახით არის?

- ბიოლოგიური საკვები სითხეა, შეიცავს ყველა საჭირო მინერალს და ცოტა მოსუსტებულ მცენარეებს აძლიერებს. ასეთი კვება მწვანე ნარგავისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მათ კონკრეტული ფირმები (ძირითადად ფრანგული, იტალიური) აწარმოებენ. სხვადასხვა ქვეყანაში მათი პროდუქცია სხვადასხვა სახელით არის ცნობილი. ეს ბიოლოგიური საკვები მაღაზიებში იყიდება.

- ციტრუსებს რა სჭირდება ზამთარში?

- მანდარინი უფრო ამტანია, ფორთოხალი და ლიმონი ნაკლებად ყინვაგამძლეებია და ნებისმიერ შემთხვევაში შეფუთვა სჭირდება. 3-4 გრადუს ყინვაზე ლიმონი და ფორთოხალი ფუჭდება, 8-ზე კი უკვე ნადგურდება. მინუს 10 გრადუსის ქვემოთ მანდარინიც აღარ ვარგა. თუ წინასწარ, თავის დაზღვევის მიზნით არ შეფუთავთ, მაშინ ამინდის პროგნოზს თვალყური უნდა ადევნოთ და ამის მიხედვით იმოქმედოთ.

- ზამთარს რომელი ფოთლოვანი დეკორატიული მცენარეები უძლებს?

- ბევრია ასეთი, მაგალითად, ჩიტავაშლა, აზალია, ფიტოსფორუმი და სხვა.

- მათ შეკრეჭა არ უნდა?

- თუ ზედმეტი მასა აქვთ, უნდა შეიკრიჭოს, რომ თოვლმა არ გააფუჭოს, ასე უფრო ადვილად იტანენ ზამთარს, ფორმაც არ ეცვლებათ და არ ზიანდებიან.

- წიწვოვანებს როგორ უვლით?

- ფიჭვი, ნაძვი, სოჭი - ყველა ყინვაგამძლეა და ბევრი არაფერი სჭირდება. მხოლოდ თოვლის ჩამობერტყვა უნდა, თუმცა, დაბერტყვამდე ხეს რაიმე ქსოვილი უნდა გადააფაროთ და ფრთხილად, რბილად ჩამობერტყოთ, რათა ტოტები არ დაზიანდეს. ამას ყურადღება უნდა მიაქციონ. ზამთარში ხეებიდან თოვლის ჩამობერტყვა საკმაოდ რთული პროცედურაა.

- საკუთარ ულამაზეს ეზოს ზამთარში როგორ უვლით?

- ზამთარში არ მიწევს დიდი გარჯა, რადგან ისეთი მცენარეები მაქვს და თითოეულს ისეთი ფორმა მივეცი, რომ არაფერი სჭირდება. განსაკუთრებით პირამიდულად შეჭრილს... ციტრუსებიც უკვე შეფუთულია და ყველა სხვა მცენარეც, რომელიც შეფუთვას საჭიროებს. ასევე სათოვლედ მომზადებული მაქვს სპეციალური ჯოხებიც. შეიძლება ისეთი ხეები ჩამოვხერხო, თუ მომეჩვენება, რომ რაღაც ულამაზოდ გამოიყურება.

- მორწყვა არაფერს უნდა ზამთარში?

- არა, მხოლოდ გადარგვისას, ერთი-ორი დღის განმავლობაში. თუმცა წყალი რომც არ დაასხა, არაფერი დაშავდება.

- გადარგვა რომელ თვეშია რეკომენდებული და მარადმწვანეები თუ უძლებენ ამას?

- ამას ახლა არავის ვურჩევ, რადგანაც სინოპტიკოსები თოვლს ვარაუდობენ, ახალი გადარგული მცენარე კი შეიძლება ადვილად დაზიანდეს, სიცივეს ვერ გაუძლოს. ამიტომ, ყველას ვურჩევ, ეს საქმე თებერვლის მეორე ნახევრიდან დაიწყოს, უფრო ზამთრის მიწურულს. ეს მცენარის სიცოცხლისუნარიანობისთვის აქტიური ფაზაა. ადაპტაციაც უფრო სწრაფად ხდება. ზამთარში მცენარეს სძინავს, თან უხვთოვლობისას შესაძლოა, ახალი დარგული მცენარე თოვლმა წააქციოს. მოკლედ, ნაადრევად გადარგული მცენარე სარისკოა და ძნელი მოსავლელი. რაღაცები მეც გადასარგავი მაქვს, მაგრამ თებერვლისთვის გადავდე.

ლალი ფაცია