მიწასთან "რქინება" ქართულად
11-12-2017
მიწასთან "რქინება" ქართულად
"ქართულ სახვნელ-საკვეთელს სხვადასხვა ზომა, ფორმა და სახელი ჰქონდა"

დავით პაპუაშვილი გარეკახეთში, სოფელ კაკაბეთში ცხოვრობს. 70-80 წლის წინ, როგორც ყველა, მისი წინაპარიც მიწას ხარ-კამეჩით აბრუნებდა. სწორედ მივიწყებული გუთნეულის საჭიროებაზე გვესაუბრება ახალგაზრდა მეურნე და გეგმებსაც გვაცნობს.
- მახსოვს, ერთხელ, ბავშვობაში, კაკლის ქვეშ როგორ გამიმართა დიდპაპამ ხის ერქვანი თავის საყევარ-უღლით - გუთანი, როგორც ირკვევა, მოგვიანებით მეზობელი ენიდან შემოსულა და დამკვიდრებულა ჩვენში. მითხრა, - მიდი, ჩვენი თებროლეს ტყუპი ბიჭი (მოზვერი) შეაბი შიგ, უნდა გიყურო,
როგორ ჩაიტან ბოსტანში კვალსაო, თვალი ცრემლით ავსებოდა.

მოგვიანებით, როცა აღარც პაპა იყო და აღარც სათამაშო ერქვანი, მერეღა მივხვდი, რამ აატირა იმდროულა კაცი.
ქართულ სახვნელ-საკვეთელს სხვადასხვა ზომა, ფორმა და სახელი ჰქონდა, მთაში უფრო მომცრო იცოდნენ, ბარში - ბარაქიანი; უფრთო და უკვეთელ (საკვეთელის არმქონე) სახნისს ჯილღა ერქვა,
ყევრით სახვნელს - არონა, უღლით - ოქონა. ქართლ-კახეთში, განსაკუთრებით კი გარეკახეთში, ივრისპირას დიდი ზომის ერქვანს ამზადებდნენ, ცნობილია მუხრანული და კაკაბური (კაკაბეთური). მის გაწევას 8-10 ხარი უნდოდა, ან 4-6 კამეჩი, თითქმის ამდენივე მეხრე ეხმარებოდა მარქენალს, ერქვნისდედას (გუთნისდედას). სიტყვა "ერქვანიც" რქვნას, მიწის რქენას აღნიშნავდა. ჩვენი მამა-პაპა სწორედაც ერქინ-ერკინებოდა მიწას, რათა ნიადაგს უკეთესი ნაყოფი გამოეღო და უხვი სარჩო-საბადებელი გაეჩინა მხვნელ-მთესველისთვის.

ერთ მშვენიერ დღეს კი მომხდურებმა შეძლებულ, გონიერ და გამრჯე გლეხობასთან ერთად, ერქვან-უღელი და ხარ-კამეჩიც გააკულაკეს - დიადი კომუნის სამსახურში ჩააყენეს, ერქვნის ჯავარდნები საფოლადედ გადაადნეს, ხოლო ხარ-კამეჩი სადილ-ზვარაკად შესწირეს კომუნიზმის საძირკველს.

იმ დროს პატარა სოფლებში თითო-ოროლა ხარ-კამეჩი თუ ჰყავდათ საკუთრივ ოჯახებს, დანარჩენები ერთიანდებოდნენ, ხარ-ერქვანს თხოულობდნენ ან საზიაროდ ჰყავდათ და ისე ამუშავებდნენ მამულ-დედულს.
ერთხელ დიდპაპას რესტორნის მეპატრონეებმა გუთნის გამართვა სთხოვეს, გაუხარდა ძალიან; მერე რომ გაიგო, რისთვისაც უნდოდათ, გაწყრა - ცირკი ხომ არ არის, სანახაობით გაერთონო, ვისაც ერქვნის ნახვა უნდა, ანეულში უნდა ჩადგესო. გაჯიუტდა და ხელი აღარ მოჰკიდა საქმეს, სხვა მეერქვნე-ოსტატი მიასწავლათ. მე დავბერდი, ის უფრო მარდად აგიწყობთო.

შევეხვეწე, - მე მაინც მასწავლე-მეთქი. გულგატეხილმა მითხრა: - არა, შვილო, ვერ უყურებ, როგორი გუგუნი გააქვთ ტრაქტორებს, კბილებს აღრჭიალებენ და ცხვირ-პირიდან ნაპერწკლები სცვივათ, ლამის არი, გადაყლაპონ დედამიწა. ერქვანი კი მოხრილ მკლავზე იწვენდა მიწის ნაწნავს, რვალით ალაგს უცვლიდა მხოლოდ, ფრთხილად მიაწვენდა ბელტს ბელტზე, ყამირს ყამირზე, მზესა და წყალს აწვდიდა მიწის გულს და იქიდან მადლი ამოჰქონდა ათმაგად, აღარ დაბრუნდება ის დრო, ერქვნის გამართვას შოფრობა ან აქიმობა ისწავლო, ის გირჩევნიაო..."

თუმცა, მერე და მერე, გული რომ მოულბა და საამქვეყნოდ მოუტრიალდა, რაც იცოდა, ყველაფერი შემასწავლა. მხოლოდ ერქვნეულის კი არა, უნაგირის, ურმის, ჯავშან-იარაღების დამზადებაც ეხერხებოდა. ერთადერთ რამეზე სწყდებოდა გული - რატო ჭკუა არ ვიხმარე და სადმე მიწაში არ დავმარხე მამა-პაპის გუთანიო, მაგრამ სოფელში იცოდნენ, შეიძლებოდა ვინმეს დაებეზღებინა და - შვილები დამედარდაო...

დღემდე, როცა საქართველოს კუთხეებს ვსტუმრობ, მთიანეთში, სადაც მოსახლეობას ბორცვებზე, მთის დამრეც კალთებზე უწევთ მიწის დამუშავება, ჯერ კიდევ შევხვედრივარ მამაპაპურ სახნისს, თუმცაღა, ძალიან სახეცვლილს. განსაკუთრებით, იმერელი გლეხის მარჯვენას შემორჩა ერქვანი, გურიასა და აჭარაშიც მინახავს. იქ გამწევ ძალად ხშირად ცხენია. მათგანაც ბევრი რამ ვისწავლე.

მთაგორიან და მცირემიწიან ნაკვეთზე, კარ-მიდამოში დიდ ტრაქტორს ვერ შეიყვან, პატარა ტრაქტორსა და ბარ-თოხს იმის ძალა არა აქვს, რომ ნიადაგი სასურველ სიღრმეზე დაამუშაოს. ამ ბოლო ხანს ისეთ გვალვებს იჭერს, რომ ხალხი ველ-მინდვრებიდან ტყისკენ იყურება, მთა-ტყეს შეფენილ აღმართ-დაღმართიან ნაკვეთებს კი ტექნიკა ვერ მოერევა, ხალხი საწვავს ვერ აუვა და გაწვალდება. ვფიქრობ, საჭირო იქნება თითო ერქვანი მაინც გაჩნდეს თითო სოფელში სიმბოლურად და ამაზე სახელმწიფომაც იზრუნოს. გარდა იმისა, რომ მთიან სოფლებში მცირემიწიან მოსახლეობას შევეშველებით, ტურისტებისთვისაც მიმზიდველი იქნება, არა მხოლოდ დასათვალიერებლად, არამედ უშუალოდ ხვნაში მონაწილეობასაც მიიღებენ. რატომაც არა, მგონი, ურიგო მეხრეები არ უნდა დადგნენ უცხოელი ტურისტებისგან.
და, რაც მთავარია, ამით ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას გავაცოცხლებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით, თორემ როგორც გითხარით, თითქმის ყველა კუთხეში ისევ ისმის ერქვნის გულის ფეთქვა.

სამომავლოდ ჩემს მეგობრებთან ერთად მინდა, სასწაულით გადარჩენილი მცოდნე და გამოცდილი მხცოვანი ოსტატები შემოვიკრიბო და სოფელში ქართველი კაცის სამკაული, ტრადიციული სამჭედლო-სახელოსნო გავხსნა, სადაც არა მარტო სახნის-საკვეთელს, ურმებსა და ჯავშან-იარაღებს დავამზადებთ, მინდა პროექტიც დავწერო, გრანტი მოვიპოვო და წამოწყებას უფრო ფართო მასშტაბი მივცე. გული მწყდება, რომ ამჯერად ვერ გიჩვენებთ, ჯერ მხოლოდ ნიმუშები და ნახაზები გვაქვს.

ერთი სული მაქვს, როდის შევუძღვები საკუთარ ვენახებში ხარ-უღელს. ამისთვის კი ვენახის რიგების გაფართოებაც მომიწევს. სამაგიეროდ, გამონაბოლქვით აღარ შევაწუხებ ვაზს. დროა, მიუბრუნდეს ერქვანს ქართველი კაცი, გვერდით გამდგარი ხარი თავის კვალში დააბრუნოს და ქედზე წყვილი სანთელიც აუნთოს ხოლმე მიწასთან შერკინების წინ.

კახა მჭედლიშვილი
giga
16 დეკემბერი 2017 08:47
სანამდე უნდა მივტიროთ წარსულს? ან სანამდე ვაკერპოთ ნივთები? წავიდა ის დრო, ახალზე და სიახლეზე უნდა ვიფიქროთ, რომ მსოფლიოში ჩვენი ადგილო დავიმკვიდროთ. გუთნით კი ამას ნამდვილად ვეღარ შევძლებთ. განათლება და ტექნოლოგიები გადაგვარჩენს, მხოლოდ წარსულით კი შორს ვერ წავალთ. შეხედეთ მსოფლიოს. ელემნტარულად კლიმატი ისეა შეცვლილი, რომ ის რაც მამა პაპას დროს მოდიოდა, ახლა ვეღარ მოდის! დაფიქრდით კარგად...
თბილისელი
15 დეკემბერი 2017 13:32
ბევრი საწვავი კი არა მომჭირნეობა და პრაქტიკულობა უნდა. ნახევარი მსოფლიო მთა-გორებზე და დამრეცებზე ცხოვრობს და იმიტომაც იგონებენ ათასნაირ კომპაქტურ იარაღებს, ტრაქტორი გინდა,თუ სათიბი და ადგილზე დასამზადებელი.
ინტერნეტში რომ ვხედავ სამეურნეო ტექნიკის ბოლო მიღწევებს:
ტრაქტორებს,სათიბ-სახვნელ იარაღებს, ადგილზევე რო ამზადებს ყველაფერს და ერთი კაცი აკეთებს ათი კაცის საქმეს, სულ იმას ვნატრობ,ნეტავი საქართველოში დამანახა ასე ყველა გამრჯე გლეხის ხელში,ვისაც მიწა და შრომა უყვარს. ნეტავი მალე დადგეს ის დრო,რო ყველა გლეხმა შეძლოს ყიდვა.
რაღა დროს გუთან- კავია და აპეურები. მაგათი ადგილი უკვე მუზეუმშია.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები