ჩაიოტი - ინდიელთა საჩუქარი მსოფლიოს
18-12-2017
ჩაიოტი - ინდიელთა საჩუქარი მსოფლიოს
"ჩაიოტის სამშობლოში ამ მცენარისგან დამზადებული კერძები თითქმის ყველა მენიუშია შეტანილი. ჩაიოტის ნაყოფისგან ოზურგეთის საკონსერვო ქარხანაში ამზადებდნენ საუკეთესო მწნილს, რომელიც მუდმივად გადიოდა რუსეთსა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში. სამწუხაროდ, ეს წარმოება დღეს გაჩერებულია და ამ კულტურასაც საქართველოში იშვიათად ნახავთ. თუმცა, ვინც მისი მოყვანით დაინტერესდება და გაამრავლებს, მოგებული დარჩება"

ჩაიოტი, ანუ მექსიკური კიტრი (სიტყვასიტყვით "ეკლიანი­ გოგრა") მეტად საინტერესო მცენარეა. ის ცნობილი იყო აცტეკებისა და მაიას ტომებისთვის. ამერიკიდან ჩაიოტი­ ევროპაში გავრცელდა. ცენტრალური და სამხრეთ
ამერიკის გარდა, დღეს ეს მცენარე მოჰყავთ ვიეტნამში, კორეასა და სხვა ქვეყნებში, მათ შორის, აზერბაიჯანშიც. სასარგებლოა ამ მცენარის ნაყოფიცა და წვენიც, რადგან მდიდარია მინერალური ნივთიერებებით. ხალხურ მედიცინაში ჩაიოტის ახალგამოწურულ წვენს იყენებენ. ჩაიოტი საუკეთესო სამრეწველო კულტურაა და სპეციალისტების აზრით, კარგი იქნებოდა მისი დანერგვა საქართველოს ფერმერულ მეურნეობებში, მით
უმეტეს, რომ ამის გამოცდილ­ება ქართველ აგრონომებსა­ და ფერმერებს უკვე აქვთ: ჩაი­ოტი გასული საუკუნის 70-80-იან წლებში დასავლეთ საქართველოში მოჰყავდათ.

გვესაუბრება სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ გაბრიჩიძე:

- ჩაიოტი გოგრისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი მცენარეა. ის მთელ მსოფლიოში პოპულარულ კულტურად იქცა, მას არაერთ ქვეყანაში ახარებენ და დიდადაც აფასებენ. ჩაიოტის ნაყოფი მსხლისებრი ფორმისაა და უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ის ვიტამინების ნამდვილი საბადოა. ჩაიოტის ნაყოფი 300-500 გრამს იწონის, კანი მკვრივი და სქელი აქვს. ნაყოფი ყაბაყს მოგვაგონებს, მაგრამ მასზე კალორიულია, თანაც, ძალიან გემრიელი.

- საქართველოში სად არის მის მოსაყვანად ყველაზე ოპტიმალური პირობები?

- ამ კულტურას ტენიანი სუბტროპიკები უყვარს, ამიტომ შავი ზღვის სუბტროპიკულ ზონაში ფართოდ იყო გავრცელებული. იგი მოჰყავდათ აფხაზეთში, გურია-აჭარისა და სამეგრელოს რაიონებში. იმის საილუსტრაციოდ, რომ ეს მცენარე ჩვენში ძალიან კარგად ხარობს, არაერთი ფაქტის მოყვანა შემიძლია: გასული საუკუნის 80-იან წლებში ანასეულის კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო ნაკვეთზე 4 ტონამდე ჩაიოტი მოჰყავდათ. მეც ანასეულში, ჩემს საკარმიდამო ნაკვეთში, ყოველწლიურად 150-200 კილოგრამ ნაყოფს ვკრეფდი. ჩაიოტის ნაყოფი 3-4 თვე ინახება და ზამთრობით როგორც ვიტამინების წყაროს ვიყენებდით. ჩაიოტისაგან საუკეთესო მწნილს­ ამზადებენ, ასევე შესანიშნავია ზეთში შემწვარიც. მის სამშობლოში ამ მცენარისგან დამზადებული კერძები თითქმის ყველა მენიუშია შეტანილი. ჩაიოტის ნაყოფისგან ოზურგეთის საკონსერვო ქარხანაში საუკეთესო მწნილს ამზადებდნენ, რომელიც მუდმივად გადიოდა რუსეთსა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში. სამწუხაროდ, ეს წარმოება დღეს გაჩერებულია და ამ კულტურასაც საქართველოში იშვიათად ნახავთ. თუმცა, ვინც მისი მოყვანით დაინტერესდება და გაამრავლებს, მოგებული დარჩება.

- თქვენ რატომ შეწყვიტეთ მისი მოყვანა?

- 15 წლის წინ ჩაიოტის ნერგები ჩემს ეზოში ყინვამ დააზიანა და მეორე წელს ვეღარ დავთესე. ახლა მინდა აღვადგინო. ვინც ჩაიოტის დარგვას გადაწყვეტს, უნდა გაითვალისწინოს, რომ დაბალი ტემპერატურის გამო ჩვენს ქვეყანაში ამ მცენარის ზედა ნაწილები იღუპება. ამიტომ მისი გამრავლება თესლნერგებით შეიძლება. მაის-ივნისში ჩაიოტის ნაყოფს უვითარდება ამონაყარი, რომელსაც კარგად განოყიერებულ ნიადაგში რგავენ, რწყავენ, აფხვიერებენ და ახალგაზრდა ყლორტებს საყრდენებზე უშვებენ. საყრდენად ჩაიოტი ნებისმიერ ხეს ან მცენარეს იყენებს ისე, რომ მას არ აზიანებს. ჩაიოტის ყლორტს უფრო ჰაეროვანი და მზიანი მცენარეები უყვარს, ჩრდილიან ადგილებში ვერც ხარობს.

ღობესთან ჩაიოტის რამდენიმე ნაყოფიც რომ დათესოთ, თქვენი ოჯახი მთელი წელი უზრუნველყოფილი იქნება ამ სასარგებლო ბოსტნეულით. სექტემბერ-ოქტომბერში ყვავილობს და ლამაზი სანახავია, ისევე როგორც ხეზე ახუნძლული ათეულობით ნაყოფი. მთავარია, ტენიან ადგილას არ დარგოთ, სადაც ბაქტერიული ფონია.

ნაყოფი ზამთარში გრილ და განიავებულ სარდაფში უნდა შეინახოთ. თუ თბილ სარდაფში მოათავსებთ, მაშინ მისი ყლორტი გასამრავლებლად გამოდგება: თბილ ადგილას ჩაიოტი თვითონ გამოიღებს ყლორტს, რომელიც მაისში ნაყოფთან ერთად უნდა დარგოთ. მაის-ივნისში გაღივებული ყლორტი თანდათან ძლიერდება და ღონიერ ხვიარა მცენარედ გადაიქცევა.

- როდის მწიფდება ჩაიოტი?

- სიმწიფეს ნოემბერში აღწევს. ის ფრთხილად უნდა დაიკრიფოს. მისი შენახვის ვადა 3-4 თვეა. შემოდგომაზე ჩაიოტის საღი ნაყოფები გადაარჩიეთ და გრილ ადგილას გამოაზამთრეთ. მაისში თქვენს ნაკვეთში 10 ძირი ჩაიოტიც რომ გაახაროთ, 200-300 კილოგრამამდე მოსავალს მიიღებთ, ოღონდ მორწყვა და განოყიერებული ნიადაგი მოსწონს. ჩაიოტის მოვლა იოლია, შეწამვლა არ სჭირდება და მავნებელ დაავადებებსაც კარგად უძლებს. ბოლო 10-15 წელია მავნებლების გამო დასავლეთ საქართველოში ბოსტნეულის ღია გრუნტში მოყვანა თითქმის შეუძლებელი გახდა და ამ პირობებში ჩაიოტის მოყვანა საუკეთესო გამოსავალია. ჩაიოტი გაცილებით გამძლეა მავნებლებისა და დაავადებების მიმართ. მისი მომრავლება ჩვენს რაციონს გაამდიდრებს.

- სად უნდა ვიშოვოთ ჩაიოტის ნერგი?

- ზემო აჭარაში ჩაიოტს დღემდე ახარებენ. მისგან ათასგვარ კერძს ამზადებენ: ჩაიოტს ურევენ აჯაფსანდალშიც, რაც კერძს ძალიან აგემრიელებს. სხვათა შორის, ზეთში შემწვარი ჩაიოტი ისევე გემრიელია, როგორც მისი კონსერვი. დიასახლისები შემწვარ ჩაიოტს ნიგვზით ანელებენ და სხვა ათასგვარ კერძს ურევენ. აჭარაში ჩაიოტს მწვანე ლობიოსთან ერთად ამზადებენ, რაც უგემრიელესია, უცხოეთში კი ლამის ყველა კერძთან ერთად მიაქვთ.

ჩაიოტის მწნილი


ჩაიოტის მწნილი კიტრის მწნილის მსგავსად მზადდება:

მცენარის ნაყოფი დათალეთ და ჩააწყვეთ შუშის ქილებში. ამის შემდეგ დაასხით წინასწარ გამზადებული მდუღარე მარილწყალი, დაუმატეთ ნიორი, ოხრახუში, ნიახური და წიწაკა გემოვნებით. ქილები მოხუფეთ და ზამთარში გექნებათ უგემრიელესი მწნილი, რომელიც ძალიან ადვილი მოსამზადებელია და სხვა მწნილეულს არაფრით არ ჩამოუვარდება.

ხათუნა ჩიგოგიძე
გიორგი
29 დეკემბერი 2017 08:36
პირველ რიგში, რაც აპრობირებულია და გაგვაჩნია, ნეტავ იმას ვუვლიდეთ,
giorgi
26 დეკემბერი 2017 05:58
იმ ავბედით დროში მოჰყავდათ. ეხლა პოლიტიკა შეიცვალა. რა თქმა უნდა უკეთესობისკენ. ქართველები საქართველოში არ დარჩნენ და ინდოელი, ჩინელი და თურქი აქ, შენს სასიკეთოდ, რამეს მოგიყვანს? ველოდოთ, ვნახოთ. გამოიტანეთ სწორი დასკვნები. გამაღიზიანებლად ნუ სწერთ. გულის ტკივილს აწვევს.

რედაქტორის რჩევით