ფიფქის "რეცეპტი" სანტას თანაშემწისგან - კვირის პალიტრა

ფიფქის "რეცეპტი" სანტას თანაშემწისგან

"უამრავი ნაძვის ხე მაქვს შექმნილი - ნოტებისგან, დაპრესილი ქაღალდისგან, ხელოვნური ვარდის ფურცლებისგან, მატყლისგან..."

ქეთი ჯანხოთელი ფლორისტია და ულამაზეს კომპოზიციებს ქმნის. ახალი წელი ახლოვდება და საქმე მოემატა. ის პატარა მასტერკლასს ჩაგვიტარებს, როგორ გავაკეთოთ, მაგალითად, ფიფქი, რომელიც საახალწლოდ ლამაზი სამშვენისი იქნება.

- ფლორისტობა ჩემთვის პროფესიაც არის, ჰობიც, მიზანიც და მავნე ჩვევაც. ხშირად ჩემს ნამუშევრებს შვილებს (ელენიკოსა და ნატუკას) ვუძღვნი. ვცდილობ, მათ ხასიათს მოვარგო. ელენიკომ ცეკვა რომ ისწავლა, ზამბარაზე ავუწყვე მოქანავე ნაძვის ხე. უამრავი ნაძვის ხე მაქვს შექმნილი - ნოტებისგან, დაპრესილი ქაღალდისგან, ხელოვნური ვარდის ფურცლებისგან, მატყლისგან. წლეულს საკონდიტრო მასალებისგან შევქმენი ნაძვის ხე და "ნატუკა" დავარქვი. გამოფენაზე ჩემს ნამუშევრებს ბავშვები გაბრწყინებული თვალებით უყურებენ.

სხვა პროფესიაც მაქვს - აბრამ ბაზელის კოლეჯში ტანსაცმლის მოდელირება და კონსტრუირება დავამთავრე, მერე პრესტიჟული სამსახურიც მქონდა, მაგრამ იმ პერიოდში გავიგე, რომ თურმე რაღაცებს მცენარეებისგან აკეთებდნენ და გულმა იქით გამიწია. მომზადება დავიწყე იმ საგნებში, რაც სასწავლებელში დამჭირდებოდა ამ საქმეში განათლების მისაღებად. გამიმართლა და ჩავაბარე...

- ბევრი, ალბათ, ვერც წარმოიდგენს, რომ ზოგჯერ ხარჯის გარეშე, საკუთარი ხელით შეუძლია შექმნას თუნდაც საახალწლო სამშვენისი. რას ურჩევდით ჩვენს მკითხველებს?

- ზაფხულს უქმად ნუ გაატარებენ, შეაგროვონ ბუნებრივი მასალა - რკო, მზესუმზირა, სხვადასხვა ხილის კურკა, გაახმონ ყვავილები, შეაგროვონ გირჩები... მთავარია, არ დაიზარონ და ყველაფერი გამოვა.

- მე ყოველწლიურად ცხენის წაბლს ვაგროვებ. რა შემიძლია მისგან შევქმნა?

- მაგალითად, გააკეთეთ სამი კაკალი კონკიასთვის, ან სხვა ზღაპარი აირჩიეთ.

- ვხედავ, ძალიან გიყვართ თქვენი საქმე.

- ხანდახან თავი სანტა-კლაუსის ჯუჯა მგონია, მთელ წელიწადს სახელოსნოში გაუჩერებლად რომ მუშაობენ. შვილებსაც ასე ვეუბნები, სანტა-კლაუსის თანაშემწე ვარ, საჩუქრების შექმნაში ვეხმარები-მეთქი.

- მოდი, მკითხველს ავუხსნათ, რის გაკეთებას ვაპირებთ ახლა.

- თოვლის ფიფქის, ამისთვის გვაქვს შინდის პატარა ტოტები (6 ცალი, თანაბრად დაჭრილი). გვჭირდება ასევე ხავსი, ხმელი ყვავილები, მრავალი მცენარის კურკა, თესლი, ნაყოფი, კვირტი და რომელიმე სურნელოვანი მცენარე. მათი კომბინაციით უნდა შევქმნათ ფიფქი, რომელიც სადღესასწაულო სუფრას დაგვიმშვენებს. გარდა ამისა, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან მზადდება, ყველაფერი ბუნების ნობათია.

- როგორ ვიწყებთ ფიფქის კეთებას?

- მასალას მაგიდაზე დავაწყობთ. ავიღებთ ჯოხებს, გავშლით და ცენტრებით ცხელი სილიკონის წებოთი შევაწებებთ (სასურველია, წებო ყავისფერი იყოს, რომ შეწებების ადგილი ნაკლებად გამოჩნდეს). შეწებებისას თანაბარი განტოტვის დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს. დაწებებულ ტოტებს ცენტრში, ორივე მხარეს, ვაწებებთ დაჭრილი ტრიფოლიატის ნაწილებს (მას ზაფხულში ვიმარაგებ, ვჭრი, ვახმობ). ტრიფოლიატი ფიფქს სიმყარეს აძლევს და ტექნიკურ ხარვეზსაც დაფარავს.

შემდეგ ისევ წებოს საშუალებით მაგიდაზე დაწყობილი მცენარეების ცენტრში დაწებებას ვიწყებთ. ვადებთ კოჭას, შავ ილს, შეიძლება მწვანის გამოყენებაც, მივაკრავთ სურნელოვან ლავანდსაც. ძალიან მომწონს ანისული, ლამაზი ფორმა და კარგი სურნელი აქვს. აქვე გვაქვს ყავის მარცვალი, თეთრი მზესუმზირა. სიცარიელე ცენტრში მიხაკისა და ვარდის კვირტებით ამოვავსოთ. ყველაფრის მიწებების შემდეგ, ტოტებს ფუნჯით GDF-წებოს წავუსვამთ და ზემოდან ბრჭყვიალა ფანტელებს მოვაყრით. ამ ფანტელებს საკონდიტრო წარმოებაში იყენებენ.

ლალი ფაცია