ქართლის ღვინოები იმერულ ქვევრებში
25-12-2017
ქართლის ღვინოები იმერულ ქვევრებში
ცოტნე შერმადინი ახალგაზრდა მეღვინეა, ქვევრის შესანიშნავ ღვინოს წურავს­ - ორგანულსა და ჯანმრთელს. ცოტნეს ქვევრთან ატენის პაპისეული მარანი და მოხდილი ქვევრიდან ამოვარდნილი ღვინის სურნელი აკავშირებდა. პაპის შემდეგ მოგონება გაფერმკრთალდა, თუმცა ერთხელაც მასსა და მის ძმას ქვევრიდან ამოვარდნილმა სურნელმა თავი იმდენად მძაფრად შეახსენა, ცალ-ცალკე ჩაფიქრდნენ, რომ ქვევრს უნდა დაჰბრუნებოდნენ, თანაც პაპასავით - ნამდვილი ღვინით. როცა გადაწყვეტილება ერთმანეთს გაანდვეს, გაუკვირდათ კიდეც - რა ერთნაირად გვიფიქრიაო! თუმცა გასაკვირი ალბათ, არც არაფერი იყო, - მარანს,
ქვევრსა და ღვინოს აქვს მისტიკა, რომლის გარეშე მათ ვერც ათასწლეულები შევინახავდით და ვერც მომავალს გადავცემდით.

ცოტნე შერმადინი:
- თვალწინ მიდ­გას,­ პაპაჩემი ატენში­ ქვევრში რომ იდგა და ბლის ქერქის სარცხელით ან კრაზანათი რეცხავდა, მერე კი ნარეცხ წყალს ორხელით იღებდა... ამას რა დამავიწყებს. მერე რთული წლები დადგა,
ბევრმა ქვევრის ღვინის დამზადება კიდევ ერთ ძნელ საქმედ ჩათვალა და თავი მიანება.­ პლასტმასის ჭურჭელშიც კი დაიწყეს ღვინის ჩასხმა, რამაც ქართული ღვინო გაანადგურა. დღესაც კი პლასტმასის კასრებში ღვინოს ბევრი აყენებს. იუნესკოს დადგენილებამ, რომელმაც ქვევრი მატერიალური კულტურის ძეგლად გამოაცხადა, ამ საქმეს ნამდვილად უშველა - არცთუ­ ცოტა დააფიქრა, რომ მათი სიმდიდრე სხვებმა დაინახეს, თავად კი მივიწყებული ჰქონდათ. ასე რომ, ძველ მარანში ბევრი შევიდა, პაპისეული ქვევრიც გარეცხა და ღვინოც ჩაასხა.
ატენის პაპისეული ქვევრები რომ აღარ გვქონდა, 9 ქვევრი ჭიათურის სოფელ ტყემლოვანში ვიყიდეთ.

- კახელი მექვევრეები დიდებულ ქვევრებს ამზადებენ და ტყემლოვანში რამ წაგიყვანათ?

- უბრალო მიზეზმა - იმ ხალხის რჩევამ, რომლებსაც ტყემლოვანის ქვევრში ღვინო უსხია და იცის, რომ საუკეთესოდ ინახავს. ისე კი, ქვევრის თიხა რომ ჩვენში საუკეთესოა, ამას რა ბევრი ლაპარაკი უნდა.

- წაკითხული მაქვს თქვენი დღიური, სადაც წერთ, რომ ქვევრების ჩაყრისთანავე­ ისეთი განცდა დაგეუფლათ, თითქოს ოჯახში ბავშვი გაჩნდა და მარანში ატირდა.

- დიახ, ასეა. მირჩევნია, დღიურის ეს ჩანაწერი სიტყვასიტყვით გავიმეორო: "გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ამ "არსებებს" ესმით და გრძნობენ ყველაფერს, განიცდიან და ეჭვიანობენ ერთმანეთზე, როცა გარეცხვისას ერთ ქვევრთან დიდხანს შეყოვნდები; ადამიანივით ახველებენ, როცა გოგირდის ჩაბოლების აუცილებელ წესს ასრულებ; გახშირებულად სუნთქავენ ღვინის დუღილისას და ვირუსივით გადააქვთ სიმხურვალე გვერდით ჩაფლულ "კოლეგაზე".

- როგორც სულიერის მიმართ, ისეთი დამოკიდებულება გაქვთ ქვევრისადმი.

- სხვაგვარად ვერ მოუვლი, ასეთი განცდით დავაყენეთ ღვინოც და სახელად­ "შერმადინი" შევურჩიეთ. შერმადინები ფუძით ახალგორის სოფელ შველიეთიდან ვართ, რომელიც დღეს ოკუპირებულია. იქ ჩვენი ოჯახიდან არავინ ცხოვ­რობდა, მაგ­რამ მახსოვს, როგორ წაგვიყვანა მე და ჩემი ძმა ერთხელ მამამ. იქაური მთები არ დამავიწყდება, არც შველიეთის ოკუპაცია...

სამი სახის ქვევრის ატენური ღვინო დავაყენეთ: მანავის მწვანე, რქაწითელი და საფერავი. საოცარი ღვინოები დადგა, რადგან დაყენების ყველა წესს ზედმიწევნით ვიცავთ. პირადად ჩემთვის მწვანეს ახლავს რაღაც სხვა, ენით აუწერელი არომატი. ღვინოს თუ აყენებ, ორგანული, ბიოღვინო უნდა დააყენო, სხვაგვარად ვერც ბაზარზე დამკვიდრდები და არც გამოვა - რაც შენი თავისთვის არ გინდა და არ დალევ, არც სხვას უნდა დაალევინო. ჩვენი ზვრები მხოლოდ შაბიამნით არის შეწამლული. როცა ყურძენს ვკრეფდით, ვაზის ლერწში უამრავი ჩიტის ბუდე დაგვხვდა, ჩიტი კი შხამიანი ნივთიერებებისაგან გაჟღენთილს არაფრით მიადგება... შერმადინების მშობლიური კუთხე ახლოა და გვინდა იქაურ ღვინოებსაც მივხედოთ. კახელ გლეხს ძლიერად უკიდია ვაზისთვის ხელი, ღვინოსაც პატრონობს, ქართლში კი ვაზის პატრონობის ასეთი საშუალება არ იყო. არადა, იქ ვაზის საოცარი ჯიშებია, მაგალითად, ბუდეშური ან ჩინური, მისი სახელი ჩინებულიდან მოდის. საბედნიეროდ, ქართულ ღვინოსა და ქვევრს, წარსულთან ერთად, კარგი მომავალი აქვს და ქართლის ღვინოებსაც შეძლებისდაგვარად ვუპატრონებთ.

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები