თლუღური სოჭის რთველი - კვირის პალიტრა

თლუღური სოჭის რთველი

დღეს ევროპასა და ამერიკაში ხელოვნურ ნაძვზე უარს ამბობენ და ახალ წელს ბუნებრივი ხით ზეიმობენ. აბა, გამოიცანით, რომლით? ამბროლაურის სოფელ თლუღის სოჭით! ამ სოჭის თესლი უცხოეთში

უკვე წლებია მიაქვთ, ახარებენ და საშობაოდ ყიდიან

მართალია, ტყის დაზოგვისთვის მოსახლეობამ საახალწლო ნაძვის ხე ხელოვნურით ჩაანაცვლა, მაგრამ ბუნებაში ნაძვისა და წიწვოვნების სურნელის ჩანაცვლება შეუძლებელია, ვერც მათგვარ სიმშვიდესა და სილამაზეს მოგვანიჭებს ვერაფერი...

დღეს ევროპასა და ამერიკაში ხელოვნურ ნაძვზე უარს ამბობენ და ახალ წელს ბუნებრივი ხით ზეიმობენ. აბა, გამოიცანით, რომლით? ამბროლაურის სოფელ თლუღის სოჭით! ამ სოჭის თესლი უცხოეთში უკვე წლებია მიაქვთ, ახარებენ და საშობაოდ ყიდიან. ჩვენი წიწვოვანი ტყეები კი მასობრივი ჩეხითა და ხანძრებით ნადგურდება, აღსადგენად ცოტა თუ ირჯება.

სართიჭალის ეროვნული სანერგის თანამშრომლები დადიან გადარჩენილ ტყეებში, ჯანსაღი ხეების თესლს აგროვებენ, მერე სანერგეში თესავენ, ზრდიან და ისევ ტყეში რგავენ. ავთანდილ მეტრეველი ამ სანერგის სატყეო-სამეურნეო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი და ქვეყნის ყველაზე გამოცდილი მეტყევეა.

- სანერგე მართლაც ფასდაუდებელ საქმეს აკეთებს - განადგურებული ტყეების შესავსებად აგროვებს, ინახავს, თესავს და ზრდის წითელი წიგნის წითელ ნუსხაში შეტანილ ქართული ჯიშის ხეებს. მათ შორის არის პონტოს, იმერეთის, კოლხური, ჭალის, მაღალი მთის…მუხა, ძელქვა, იფანი, საკმელის ხე, წაბლი, კაკალი... წიწვოვნების თესლსაც ვაგროვებთ. სათესლედ ირჩევა სრულიად ჯანსაღი, ე.წ. პლუსური ხეები. თესლი იმ პერიოდების მიხედვით გროვდება, რომელიც ამა თუ იმ ჯიშისთვის არის დამახასიათებელი. მაგალითად, თლუღის კავკასიური სოჭის თესლს, რომელიც უცხოეთში გააქვთ, შუა სექტემბრიდან ოქტომბრის ჩათვლით ვაგროვებთ, რადგან მომდევნო თვეში გირჩა იშლება და თესლი იბნევა, ნაძვის თესლი შეიძლება უთოვლო ნოემბერ-დეკემბერშიც შეაგროვო. თესლის ნაწილს სანერგის თესლის ბანკში ვინახავთ, ნაწილს - მინის ჭურჭელში, ნაწილს კი ტორფის და ქვიშის ნაზავში პლუს 5 გრადუს ტემპერატურაზე. ამ დროს თესლი ნელ-ნელა ემზადება გასაღივებლად. როგორც კი უფრო თბილ ტემპერატურაზე ჩათესავ, მაშინვე ამობიბინდება. ჩვენებური სოჭი 85 მეტრამდე იზრდება, ნაძვი - 65 მეტრამდე. საბედნიეროდ, გაჩეხას გადაურჩა ის ტყეები, რომელთაც გზა არ უდგებოდა და იქ შეგხვდებათ ამ ზომის გოლიათები. ჩვენს ქვეყანაში ტყის აღწერა აღარ კეთდება.

ნაძვისაგან შეუდარებელი საკრავები მზადდება (მათ შორის პიანინო). საახალწლოდ ყველა წიწვოვანი შინ საუცხოო სურნელს შემოიტანს, ოღონდაც თუ შევძლებთ და არა ტყეში მოჭრილს, არამედ ქოთანში გამოზრდილს ვიყიდით. მსოფლიოში ნაძვის 50 სახეობა არსებობს. საქართველოში ამ სახეობებიდან ძირითადად აღმოსავლური ნაძვია. ის ხარობს სამცხე-ჯავახეთიდან დაწყებული ბორჯომ-ბაკურიანის, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთ-ხევსურეთის და აფხაზეთ-აჭარის ჩათვლით. ხარობს ასევე სოჭი, ფიჭვი. ხანძარს გადარჩენილ კორომებში ბუნებრივი განაშენიანება მოხდება, ქარი თესლს მოაბნევს, მაგრამ სხვა ტყის განაშენიანება ძალიან სწრაფად უნდა დაიწყოს.

ბორჯომის გადარჩენილ ტყეებში თესლი შემოდგომაზე შევაგროვეთ და ძალიან მალე ნერგებიც გვექნება. სანერგეს საფრთხის ქვეშ მყოფი ტყეებისთვის 60 000 ძირი ნერგი აქვს და მათი დარგვა ნებისმიერ ხელსაყრელ სიტუაციაში შეიძლება. ბორჯომის გადამწვარ ტყეებში ფიჭვის დარგვიდან 4-5 წლის შემდეგ ნაძვისა და სოჭის ნერგები უნდა შეირგას, რომლებიც ნესტის მოყვარულები არიან და ტყეში მშვენივრად გაიზრდებიან. შეიძლება წიფლის შერგვაც. ზოგადად, ფოთლოვანი ტყეები ხანძრის გაჩაღებას ხელს მაქსიმალურად უშლის.

- თბილისში მწვანე საფარი მშენებლობების გამო მუდმივად იჩეხება.

- დარგვით ძალიან ცოტა ირგვება. კომუნისტების დროს მეტყევეებს ყოველწლიურად 8000 ჰექტარზე ტყეების გაშენებას გვავალებდნენ, დღეს წელიწადში ერთი ჰექტარიც არ ირგვება. გასულ სამ წელიწადში თბილისის გასაშენებლად ეროვნული სანერგიდან წაიღეს წიწვოვნების ნერგები, მაგრამ ეს იმდენად მცირე რაოდენობა იყო, არც კი ვიცი, ამან რა უნდა გააკეთოს მდგომარეობის გამოსასწორებლად.

- თანაც ნერგების ნახევარზე მეტი გახმა.

- ელდარის ფიჭვი, კვიპაროსი და კედარი ყველაზე კარგად ეგუება თბილისსა და მის შემოგარენს, მაგრამ ისე კი არა, რომ დარგო და მიატოვო. დარგვისთანავე ამ ნერგებს 20 ლიტრი წყალი მაინც უნდა დაასხა, ცხელ ზაფხულში კვირაში ერთხელ მორწყა თუნდაც ცისტერნით...

- ამბობენ, თლუღიდან წელიწადში 50 ტონამდე სოჭის თესლი გააქვთ ევროპაშიო. ეს თლუღის კორომებს არ დააზარალებს?

- ოდნავადაც არა. როგორი მდგომარეობაც ამ კუთხეში გვაქვს, ნეტავ სხვაგან იყოს. სოფელიც ნარჩუნდება - დღეს თლუღში ბევრად მეტი ხალხი ცხოვრობს, ვიდრე ამბროლაურის რომელიმე სოფელში. სოჭის გირჩის კრეფის დრო თლუღური რთველია - როგორც კახეთში რქაწითელის კრეფისას, ისე ჩადიან იქ სტუდენტები - 1 კილოგრამი გირჩა ლარი ღირს. ყოჩაღები კი დღეში 300 კილოგრამ გირჩასაც კრეფენ, რაც არც ისე ცოტაა.

ეთერ ერაძე