"ჩემთვის ახალი წელი პირველი მარტია" - კვირის პალიტრა

"ჩემთვის ახალი წელი პირველი მარტია"

"დიდი სიხარულით მეპატიჟებიან მეკვლედ - დავცადეთ, კარგი ფეხი გაქვსო"

"გოგონას დაბადებამ ჩემ გარშემო ყველა და ყველაფერი სიხარულით, სიყვარულით და ბედნიერებით აავსო, ეს ამ პატარამ უკვე მოახერხა"

ვინ უნდა ყოფილიყო საახალწლო ნომრის პირველი სტუმარი, თუ არა წარმატებული და გამრჯე ადამიანი. ასეთი გახლავთ ცნობილი მებაღე ზურა შევარდნაძე. მისი ბაღი 2017 წელს 10 წლის გახდა. ახლახან ზურას კიდევ ერთი სიხარული ეწვია - მამა გახდა, გოგონა შეეძინა. ჰოდა, წინასაახალწლოდ ზურა შევარდნაძეს თავის ნაამაგარ სამოთხეში ვესტუმრე...

ზურა შევარდნაძე: - ადამიანი უნდა ცდილობდეს, ისეთი გარემო შექმნას, სადაც თავს მშვიდად იგრძნობს. მე კარგად ვერ ვარ, თუ ირგვლივ ესთეტიკური გარემო არ არის. ამას უკავშირდება ჩემი შრომა - მეც კმაყოფილი ვარ და ჩემი სტუმარიც. მინდა, ადამიანებს სიხარულით სახე უბრწყინავდეთ, მოსწონდეთ იქ ყოფნა, სადაც არიან... მეუბნებიან ხოლმე, ამდენს რატომ აკეთებო? რასაც ვაკეთებ, სხვებსაც მოსწონთ და ამაზე კარგი რა უნდა იყოს?!

- საახალწლო სამზადისი "გარდენიაში" როდის დაიწყეთ?

- როგორც ყოველთვის, ბარბარობას. ამ დროს ვდგამთ ნაძვის ხეს, ვაკეთებთ მოსართავებს, არის სიხალისე და სიხარული.

მებაღეებისთვის ზამთარი ძირითადად დასვენების დროა, სეზონი დამთავრებულია, მიწა გაყინულია, ვერაფერს დარგავ, ყველაფერი თითქოს გაჩერებულია და ბუნება გკარნახობს, - შენც უნდა დაისვენოო. ამიტომ მეტი დრო რჩება ახალი წლის განწყობის შესაქმნელად. აბა, სხვა დროს ვინ მოიცლის საახალწლო დეკორაციების გასაკეთებლად? ახალი წლის წინ ვამზადებთ საჩუქრებს, მისალოც ბარათებს და ვუგზავნით ახლობლებს, მეგობრებს. წინასაახალწლოდ და ახალი წლის დღეებშიც თბილისში ბევრი სტუმარი ჩამოდის. მოსწონთ აქაურობა, ათვალიერებენ, ფოტოებს იღებენ...

- პირველ იანვარს პირადად რა საახალწლო ტრადიცია გაქვთ?

- შინ ვარ ხოლმე ოჯახის წევრებთან ერთად, მერე ამოვარჩევ რამდენიმე ოჯახს და ჩამოვუვლი. ასე დავდიოდი, როცა სოფელში ვცხოვრობდი, ასეა აქაც! წელს სადღესასწაულო განწყობა უფრო ამაღლებული და განსაკუთრებული მაქვს, რადგანაც ჩემი სიხარულის მიზეზი იცით - 11 დეკემბერს შემეძინა პატარა, საყვარელი გოგონა ესმა, ბებიის სახელი დავარქვი. ამიტომ, ნამდვილად გამიხარდება შინ ყოფნა ჩემს მშობლებთან, შვილთან, ნათესავებთან, ახლობლებთან ერთად.

- მეკვლეობისა გჯერათ?

- სიმართლე რომ ვთქვა, არ მჯერა, მაგრამ იმდენად მომწონს, რომ მინდა მჯეროდეს და თან თავს ვაჯერებ. ისიც უნდა ვთქვა, რომ დიდი სიხარულით მეპატიჟებიან მეკვლედ - დავცადეთ, კარგი ფეხი გაქვსო, რისიც არ მჯერა, მაგრამ თუკი ვინმეს ამის დაჯერება უნდა, სიამოვნებით ვსტუმრობ და ახალ წელს ვულოცავ.

- როგორია ზურა შევარდნაძის საახალწლო სუფრა?

- არაფერი განსაკუთრებული, არ მიყვარს უცხო გემოები. უპირატესობას ჩვეულებრივ ქართულ კერძებს ვანიჭებ. მჭადი და ყველი ჩემი სიცოცხლის ელექსირია, მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ჯერ ეს და მერე დანარჩენი სხვა, ანუ რაც იქნება, კმაყოფილი ვიქნები. ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, მარხვა არასოდეს შემინახავს, ამიტომ მიყვარს მოლხენა, ჩემს ოჯახშიც, სხვასთანაც. ძალიან მიყვარს მეორე დღის საცივი, ვგიჟდები, კარგად რომ ჩაკრიპუჭდება.

ჩვენთან გოზინაყის გაკეთების ტრადიცია თითქმის არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, მე არ მახსოვს, სამაგიეროდ, გვქონდა ჯანჯუხა. თხილს ადესის წვენის ფელამუშში ამოავლებდნენ ხოლმე. ჯანჯუხა დიდ გობზე უხვად ეყარა, სხვა დღეებში მას ბავშვებს გვიმალავდნენ, ყველა ერთდროულად რომ არ შეგვეჭამა. გობზე ჯანჯუხას ბებია აწყობდა.

გურიაში სუფრის ატრიბუტია გობზე დადებული მოხარშული ღორის თავ-ფეხიც. არ არის ლამაზი და ესთეტიკური, მაგრამ საახალწლო სუფრის განუყრელი ნაწილია, რომელსაც რამდენიმე დღე "ვხერხავთ".

- ბაღში რა ხდება პირველ იანვარს?

- 30 დეკემბერს ვიკეტებით. გვაქვს ორკვირიანი შვებულება. მადლობას ვუხდით Dშარშანდელ სტუმრებს. შუა იანვრიდან კი უკვე საგაზაფხულო სამზადისს ვიწყებთ, რომ პირველ მარტს კარი გავხსნათ და სტუმრებს კვლავ ვუმასპინძლოთ. პირველი მარტი მებაღის ახალი წელია. ამიტომ, ქვეყანა რომ ინგრეოდეს, ჩვენთან მაინც იწყება საგაზაფხულო სეზონი. ამდენად, ჩემთვის ახალი წელი პირველი მარტია, როგორც ახალი სამებაღეო წლის დასაწყისისა...

- როგორი იყო 2017 წელი თქვენი ბაღისთვის?

- შარშან უკვე საბოლოოდ მივხვდით, რომ აქ მოხვედრის უამრავ მსურველს ჩვენი ტერიტორია ვეღარ მასპინძლობდა და შემოსასვლელი ბილეთის გაყიდვამ მოგვიწია, რამაც ბევრი ახლობელი აღაშფოთა. მოკლედ, გადავწყვიტეთ, ნაკლები სტუმრისთვის გვემასპინძლა ისე, როგორც წესი იყო, მაგრამ ამას არაფერი შეუცვლია, პირიქით, სტუმრის რაოდენობა გაიზარდა. შესაბამისად, უფრო გავაუმჯობესეთ მომსახურება, თანამშრომლები გადავამზადეთ, შევეცადეთ, შეკრულ ჯგუფად ჩამოვყალიბებულიყავით. ყვავილების საინტერესო კოლექციები შევაგროვეთ, მცენარეების ჩამოსატანად, თანამშრომლებთან ერთად, უცხოეთში ბევრი ვიმოგზაურე. ასე რომ, წლეულს გვექნება საოცარი სუკულენტები, ვარდები, როგორც კი მიწა გალღვება, შრომას შევუდგებით. წინა ბაღი ძალიან უნდა ჩავახუჭუჭო... თუ გასულ წელიწადს ვაფასებთ, იმასაც ვიტყვი, რომ პირად ცხოვრებაში სიახლემაც - გოგონას დაბადებამ, ჩემ გარშემო ყველა და ყველაფერი სიხარულით, სიყვარულით და ბედნიერებით აავსო, ეს ამ პატარამ უკვე მოახერხა. ეს განწყობილებაც ჩემს საქმეს ზურგს კიდევ უფრო უმაგრებს, რაც ბაღს აუცილებლად დაეტყობა...

საერთოდ კი ზამთარი არ მიყვარს და მისი გადატანა მიჭირს, თებერვლის ბოლოსკენ "ვლღვები" ხოლმე, თუმცა წლეულს ზამთარი პირველად მიხარია, კარგი ამბის კვალად საოცრად მსიამოვნებს წელიწადის ეს დრო. იმედი გვაქვს, ბარაქიანი, ხვავიანი გაზაფხულის - არ მიყვარს წვრილ-წვრილი და ცოტა, ხვავიანად მიყვარს ყველაფერი - ბევრი ხილი, ბევრი ბოსტნეული, ბევრი ყვავილი. ხვავზე გამახსენდა - ერთხელ ერთმა გერმანელმა ქართულ სუფრასთან მითხრა, - თქვენ დაჯილდოებული ხართ ანტიკური სიუხვით, რადგანაც ქართულ სუფრაზე სიდუხჭირე არ ჩანსო.

- კი, ოღონდ ჩვენს ნაკლად მე ცოტა სიზარმაცეს მივიჩნევ...

- ამასაც თავისი ახსნა აქვს - ცოტა ზარმაცები რომ არ ვიყოთ, ასეთი ლაღები ვერ ვიქნებოდით. თავი სულ მიწასა და შრომაში რომ გვქონდეს ჩარგული, ეგ სილაღე დაგვეკარგებოდა.

- როგორია თქვენი საახალწლო სურვილები?

- სადამდეც თვალი და გული გაწვდება, მინდა, ყველა იყოს ჩემ ირგვლივ გახარებული, ადამიანებს სიხარულის სხვადასხვა საფუძველი აქვთ და ეს არ მოჰკლებოდეთ. მინდა, სულ კმაყოფილ ადამიანს ვხედავდე. მიყვარს მშვიდი და ბედნიერი ხალხის ყურება - სიმშვიდე კარგი რამ არის და არ მოგვკლებოდეს!

ლალი ფაცია