მეკვლე, წელწდობის კვერი და "კერაის ნანო" - კვირის პალიტრა

მეკვლე, წელწდობის კვერი და "კერაის ნანო"

მეცხვარეობა საქართველოში საპატიო და ღირსეულ საქმედ იყო მიჩნეული. მეცხვარე დღესასწაულსაც კი ცხვარში ატარებდა და ხშირად შობა-ახალი წლის დღეებშიც ოჯახს იყო მოწყვეტილი. როგორ ხვდებოდნენ და ხვდებიან ახალ წელს მეცხვარეები და მათი ოჯახები? გვესაუბრება ეთნოლოგი, პროფესორი გიორგი ცოცანიძე.

დოლით ახალი წელი

მეცხვარეები ძირითადად თუშები და ფშავლები არიან. შობა-ახალი წლის დღეებში უმრავლესობა ოჯახში ჩამოდის, ცხვარში რამდენიმე კაციღა რჩება. ისინი იმარაგებენ ღვინოს, პურმარილს, საკლავსაც კლავენ, ქოხში პატარა სუფრას შლიან და აღნიშნავენ ახალი წლის მოსვლას. მეცხვარეების ფარასთან ყოფნა აუცილებელია, ამიტომ ფარეხში იძინებენ. მართალია, ფრთხილი ძაღლები ჰყავთ, რომლებიც ფარას გარშემო უვლიან, დარაჯობენ, მაგრამ მგელი მათ ეშმაკობით ჯობნის: როგორც კი მეცხვარე ყურადღებას მოადუნებს, ფარეხს ძირს გამოუთხრის და ცხვარს დაერევა. მგელს ერთი ცუდი თვისება აქვს: ცხვრის ხოცვის ჟინი აიტაცებს და ერთ ჯერზე 10-15 ცხვარს კლავს. ამიტომ ფარეხში დარჩენილი მეცხვარე ფხიზლად უნდა იყოს. ისე კი, მეცხვარეებისთვის ახალი წელი თებერვალში დგება, როცა დოლი იწყება. ამ დროს ფარაში სულ ცოტა, 8-10 კაცი მაინც არის. მთელი ღამე მორიგეობენ, რადგან ზამთრის ღამე გრძელია და დოლის დროს 2-3 კაცი ვერაფერს გახდება. დოლი რომ გაჩაღდება, ღამეში 50-60 ცხვარი მაინც იგებს ბატკანს და მიხედვა ხომ უნდა?

"შენ შემომიკვალე"

ძველად საახალწლო ტრადიციები განსხვავებული იყო, ფშავში სხვა წესები ჰქონდათ, ხევსურეთში - სხვა და თუშეთში - სხვა. ბევრი რამ ძველიდან ახლაც შემორჩენილია, მათ შორის მეკვლეობაც, ოღონდ უფრო თანამედროვე სახით. დღეს ალვანელ მეკვლეს ფშაველი მეკვლისგან ვერაფრით განასხვავებთ. მეცხვარეები არც ნაძვის ხეს რთავდნენ და არც ჩიჩილაკს, რადგან ჩიჩილაკი დასავლურქართული ტრადიციაა. ნაძვის ხეც, მოგვიანებით, რუსული ტრადიციის გავლენით შემოვიდა. თუშებს თოვლის პაპაც არ ჰყავდათ, მის სანაცვლოდ მთაში მეკვლე იყო. წინასწარ აარჩევდნენ კარგი გულის კაცს, ყოჩაღსა და ილეთიანს და სთხოვდნენ - შენ შემომიკვალეო. მეკვლე ოჯახში ხელცარიელი კი არ მივიდოდა, თან პურმარილიც უნდა წაეღო.

"წყარო, პური მოგიტანე, ბედ-იღბალი გამატანე"

თუშები აუცილებლად აცხობდნენ ახალი წლის კვერს, რომელსაც წელწდობის კვერს ეძახდნენ. მრგვალ ხმიადს ორი მხარე ჰქონდა - წაღმა და უკუღმა. დილით ადრე ოჯახის რომელიმე წევრი უმძრახად, ანუ უთქმელად ადგებოდა და წავიდოდა წყაროზე. წყაროს კარზე კვერს შეაგორებდა და თან ლოცვას წარმოთქვამდა: "წყარო, პური მოგიტანე, ბედ-იღბალი გამატანე". დახედავდა კვერს - წაღმა დაეცა, თუ უკუღმაო. თუ წაღმა დაეცემოდა, ის წელი ბედიანი იქნებოდა, თუ უკუღმა, მაინც ლოცვასავით წარმოთქვამდა, - ღმერთო და წყაროსპირის ანგელოზებო, ცუდსა და საზიანოს ნურაფერს შეგვამთხვევო. ბოლოს, ჭურჭელს წყლით აავსებდა, უმძრახ წყალს შინ მიიტანდა და კვერს კარიდან შეაგორებდა - ამჯერად კერიისკენ. თუ წაღმა დაეცემოდა, ხომ კარგი, მაგრამ თუ უკუღმა დაეცემოდა, ისევ შესთხოვდნენ - ღმერთო მაღალო და წელწდობის ანგელოზებო, ცუდსა და საზიანოს ნურაფერს შეგვამთხვევო. მეკვლე ოჯახში გამთენიისას მოდიოდა. ატყდებოდა კარზე ბრახუნი და ამ კვერს მეკვლესაც მიაწვდიდნენ, ისიც შემოაგორებდა და დაილოცებოდა: - შემოვდგი ფეხი, შემომყვა ღმერთი, ფეხი ჩემი - კვალი ანგელოზისაო. მეკვლეს კერის პირას დასვამდნენ და ხორბალს დაუყრიდნენ - ფრინველი კარგად მოგვიმრავლდესო. მერე სუფრასთან დასხდებოდნენ და ახალ წელს დალოცავდნენ.

"ქრისტის სუფრა"

სუფრას თუშები შობის წინადღეს აწყობდნენ და მას "ქრისტის სუფრა" ერქვა. სანთელს ანთებდნენ და ორი კვირა ტოვებდნენ. სუფრაზე იყო სალოცავი კვერები(აცხობდნენ შინაური ცხოველებისთვისაც, ცხენის კვერი ნალს ჰგავდა, ცხვრის და ძროხისას ძუძუები ჰქონდა, ხარის კვერს - რქები). სუფრა შობიდან წელწდობის დასრულებამდე უნდა ყოფილიყო (ძველი სტილით 6 იანვარი, ახალი სტილით 18 იანვარი). საახალწლო რიტუალის აუცილებელი ატრიბუტი იყო ცომისგან გამომცხვარი დედოფალა, რომელსაც "კერაის ნანოს" ეძახდნენ. "ნანო" წოვა-თუშურად დედას ნიშნავს, ანუ კერის დედას აცხობდნენ და კერის ძირში დასვამდნენ. ეს კერის მფარველი ღვთაების სიმბოლო იყო. დიასახლისი წინა საღამოს ბედის კვერებს დააცხობდა და როცა ოჯახის წევრები დაიძინებდნენ, სასთუმლის ქვეშ ჩუმად დაუდებდა.

"ტყვეთა დახსნა"

ყველაზე სახალისო ტყვეთა დახსნის რიტუალი გახლდათ. სოფლები ერთმანეთს "ტყვეებს" ჰპარავდნენ. დიდი ჯარობა იმართებოდა, რომლის დროსაც საახალწლო ლუდს ხარშავდნენ და ახალ წელს ერთად ხვდებოდნენ. მეზობელი სოფლიდან შემოპარულები ვინმეს დაუდარაჯდებოდნენ, დაატყვევებდნენ და თავიანთ სოფელში წაიყვანდნენ. ჯარობის მონაწილენი ამას რომ შეამჩნევდნენ, "ტყვის დახსნის" ცერემონიალს აწყობდნენ: გაამზადებდნენ ერთ შამფურ მწვადს, ერთ ხელადა ღვინოს ვითომ საომარ დროშას მიაბამდნენ და "ტყვეების" დასახსნელად წავიდოდნენ. იქ გათამაშდებოდა მომხდურ-დამხდურის ცერემონია. წავიდოდა გუნდაობა და ერთმანეთის თოვლში თრევა. მერე მოიკითხავდნენ - ჩვენი ტყვეები სად არიანო, გამოიყვანდნენ ბერიკებად გადაცმულ ტყვეებს და თანასოფლელები მათ "დაიხსნიდნენ". ამის შემდეგ თვითონაც გადმოიპატიჟებდნენ მეზობელ სოფლელებს და ხალისიანად ატარებდნენ შობა-ახალ წელს.

ხათუნა ჩიგოგიძე