ნამჯისგან სოფლის შენებას რა უნდა?!
25-12-2017
ნამჯისგან სოფლის შენებას რა უნდა?!
"კვირის პალიტრის" 2016 წლის 1-ლი თებერვლის ნომერში სოსო მექვევრიშვილი გაეცნო სტატიას: "ბაკურციხელ "ნიფნიფებს" "მგელი" ვერას დააკლებს" - როგორ ავაშენოთ ნამჯის სახლი". წერილში გიამბობდით ორ ადამიანზე, რომლებიც თბილისიდან საცხოვრებლად სოფელში გადავიდნენ და იქ საკუთარი ხელით ნამჯის სახლი ააგეს. რესპონდენტები - დავითი და თინა - სოსო მექვევრიშვილმა მოძებნა, მათი რჩევები მოისმინა და რამდენიმე წლის ოცნებაც აიხდინა.

"ნამჯის აშენების ტექნოლოგიას ვეძებდი, "კვირის პალიტრაში" სტატია წავიკითხე, რომ ზემო ბაკურციხეში ვიღაცებმა ნამჯის სახლი ააშენეს. მეც
ავდექი და ბაკურციხეში წავედი"


ბატონი სოსო "არაგვის სათავგადასა­ვ­ლო ცენტრის" დამფუძნებელი და დირექ­ტორია. მათი ცენტრი არაგვის ხეობაში რაფტინგისა და სხვა მიმართულებების მსურველებს საინტერესო მომსახურებას სთავაზობს. ბოლო დროს მოინდომა, ტურისტებს­ ღამის გათევაც შესძლებოდათ და მეორე წელია, კოტეჯებს აშენებს. ამ პროექტის ნაწილია მისი ნამჯის სახლიც.

- ნატახტარში ვიპოვე
ადამიანი, რომ­ელმაც კედელი ნამჯით ამოიყვანა და შელესა. ტექნოლოგიამ დამაინტერესა და მას მერე ინტერნეტში ინფორმაციას ვეძებდი,­ რომ სახლის აშენება მეც შემძლებოდა­. ცნობები მწირი იყო, მაგრამ ერთხელაც "კვირის პალიტრაში" სტატია წავიკითხე, რომ ზემო ბაკურციხეში ვიღაცებმა ნამჯის­ სახლი ააშენეს. ჰოდა, მათ გასაცნობად ბაკურციხეში წავედი. თბილად მიმიღეს. ქალბატონმა თინამ მითხრა, კონსულტაციისთვის სხვებიც გვაკითხავენ, მაგრამ პირველი ხარ, ვინც ასე კარგად ერკვევა საკითხშიო - მე ხომ კონკრეტული გეგმით მივედი! ამიხსნეს, სახლი როგორ ამეშენებინა, პრო­ექტიც მომცეს, თუმცა მე რაღაცები­ შევცვალე - შენობას შესასვლელი სხვა მხრიდან გავუკეთე, ფანჯრების რაოდენობაც გავზარდე... მოკლედ, ამ ადამიანებმა გამოცდილების გაზიარება არ დაიზარეს.

- თქვენი ნამუშევარი მათი სახლისგან მართლაც განსხვავებულია, თანაც, ფშავშია.

- დუშეთის რაიონის სოფელ თვალივშია, თბილისიდან 65 კმ-ზე, შატილის გზაზე. ტერიტორია ფშავს ეკუთვნის. ეს მიწა 2011 წლიდან გვაქვს. დაახლოებით 2 ჰა-მდეა, 17 500 კვმ, გამორჩეული და იშვიათი, თანაც, ეკოსახლის აშენება გვინდოდა.

- რა მასალა გამოიყენეთ?

- ხე, ნამჯა, კირი, ლამსა და სილასთან არეული. კედლებზე დაყოლებული ფიცრები შევღებეთ, გამომწვარ ფიცარს ზეთი გადავუსვით და კიდევ გამოვწვით. ასეთი წესით ფიცარი მედეგი და ნესტგამძლე ხდება, ჭია არ უჩნდება და აღარ იფქვება.

- რამხელაა სახლი?

- მიწა ჰექტარ-ნახევარზე მეტია, თუმცა კოტეჯს პატარა ადგილი (36 კვმ) უჭირავს. კედლის სიგანე 50 სმ-ია და საცხოვრებელი ფართობი ამის გამო დაპატარავდა - 25 კვმ გამოვიდა. პირველ სართულზე ერთი მოზრდილი ოთახია თავისი სველი წერტილით. მეორე სართული მთლიანად­ მანსარდია, სულ კი საცხოვრებელი ფართობი 40 კვმ-ია.

- რა დაჯდა სახლი?

- 15.000 ლარი. თინასა და დავითს შედარებით იაფი დაუჯდათ. ერთი - რომ ადრე ააშენეს, თანაც მე მეტი ხე გამოვიყენე.­ თავიდან ნამჯის ტუკები ვიყიდე, მაგრამ წვიმამ ნამჯა დაგვისველა, დაფარებული კი იყო, მაგრამ დანესტიანდა და სოკო, ობი გაუჩნდა და გადასაყრელი გახდა. მერე ხელმეორედ ვიყიდეთ, ამან კი ჩვენი ხარჯი გაზარდა. იატაკად გამოვიყენეთ ისეთი მასალა, რომელიც ბაკურციხეში არ გამოუყენებიათ (რამაც ხარჯი მოგვიმატა) - ეკოლოგიურად სუფთა დამტვრეული ნაფოტი, რომლებიც ერთმანეთთან არის შეწებებული, ზემოდან კი ხის იატაკი დავაგეთ.

თინამ და დავითმა გამოიყენეს თიხა, რომელიც, ფაქტობრივად, უფასოა, ჩვენ - კირი და ერთმანეთში მხოლოდ კირი და ლამი შევურიეთ. ხარჯი ამანაც გაზარდა. ამ ეტაპზე 6.000 ლარად ასეთი სახლის აშენება არ გამოვა, მასალა გაძვირებულია.

- დიდხანს მუშაობდით?

- სახლის აგება გაზაფხულზე დავი­წყეთ. ორ თვეში გვინდოდა დასრულება,­ მაგრამ ნამჯის დასველებამ შეგვაფერხა, თუმცა ასეთი სახლის ორ თვეში აშენება შესაძლებელია. აგვისტოში დუშეთში ახალი მოსავლის დაბინავებას დაველოდეთ, ფერმერისგან ნამჯის დაპრესილი ტუკები შევიძინეთ და მშენებლობა აგვისტოს ბოლოდან განვაახლეთ. მაისში ხის კონსტრუქცია გაკეთებული გვქონდა, მანამდე 12 სვეტზე­ საძირკველი და მასზე ხის ჩონჩხი დავდგით. მიწაზე გვედგა სპეციალური დაზგა. ხის დიდი ბოძები ჩავარჭვეთ, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი დიდი შვიდი ფერმა მიწაზე აიწყო და შემდეგ ფეხზე სათითაოდ წამოვაყენეთ. თითოს აწევას რვა კაცი დასჭირდა. თოკებით გვქონდა აქეთ-იქით დამაგრებული, რომ არ წაქცეულიყო და ჩონჩხი ასე დავდგით სვეტებიან საძირკველზე, რომლის გასაშრობად ჩასხმიდან 20 დღე მაინც უნდა იყოს გასული. ჩონჩხის დადგმას ერთ კვირას მოვუნდით.

მერე კი მალე აგვიცივდა - მოგეხსენებათ, მთაა... კირის ერთი წმინდა ფენა დაგვრჩა გადასასმელი. გარედანაც ერთი კოსმეტიკური გაწმენდაა ჩასატარებელი კედლებზე, რასაც ერთი დღეც ეყოფა.

- საძირკველი სვეტებზე, ხის ჩონჩხი, ჩარჩოებში ნამჯის ტუკების ჩასმა და გალესვა - ასეთია სახლის აშენების თანამიმდევრობა...

- გარე გასალეს ფენად ლამის, კირისა და დაფქული ნამჯის ნაზავი გამოვიყენეთ. რაოდენობა ერთი ერთზეა. ლესვისას ძალიან წვრილი მავთულბადე გადავაკარით (შესალესად არის განკუთვნილი). მავთულ-ბადე კონსტრუქციას სიმყარეს აძლევს. მეორე ფენაც იმავე ნაზავით გაილესა. შიგნიდანაც ორი ასეთი ფენით შევლესეთ, ოღონდ მეორე ისე გაილესა, რომ მესამედ ძალიან თხელი ფენაღა დასჭირდა - კირის მასის გადასმა, რომელიც მარილწყლით მოვზილეთ. მარილი გაშრობის დროს ზრდის, თუმცა ნალესი აღარ სკდება.

- რას ურჩევდით მათ, ვისაც მობაძვის სურვილი გაუჩნდება?

- ვფიქრობ, ძალიან პერსპექტიული მასალაა. გაზაფხულზე მეორე სახლის აშენებას ვაპირებ. ეს იქნება პირველზე იაფი ვარიანტი - საყრდენად არა ხის ჩონჩხს, არამედ ნამჯას გამოვიყენებთ.

- რატომ?

- დაახლოებით რვა კუბმეტრი ხე დაიხარჯა, თითო 650 ლარი ღირდა. ტრანსპორტირების თანხა ცალკეა და თან მთაში ატანა უფრო ძვირია. ეს თანხა მეორე ვარიანტში დაიზოგება. ხეს მინიმალურად გამოვიყენებთ. მოკლედ, ძალიან მომწონს და ასეთ სახლში სიამოვნებით ვიცხოვრებ.

- მუშაობისას ვინ გეხმარებოდათ?

- მეგობრები. ლესვა არც ერთმა არ ვიცოდით, უმეტესობა რაფტინგის ინსტრუქტორები არიან; ასევე ჩემი ძმისშვილი, რომელიც ჩვენი მენეჯერია. ერთი კარგი მიმდევარიც გამოგვიჩნდა, კახეთში ააშენა ნამჯის სახლი, რომელსაც ეს საქმე მე ვასწავლე­ - ის საკონსულტაციოდ თინამ და დავითმა გამომიგზავნეს. შეუძლებელი არაფერია, მთავარი მონდომებაა და სურვილი, დამიჯერეთ, ყველას შეუძლია ეს!

ლალი ფაცია
...
03 იანვარი 2018 21:59
dzalian kargia es yvelaferi, mainterecebs ramdeni weli eqneba acet caxls garantia daaxlovebit da tan tu dahirdeba shiga da shig ganaxleba

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა