ბატი ტასიკოს ქალაქური ოდისეა - კვირის პალიტრა

ბატი ტასიკოს ქალაქური ოდისეა

"დაბადების დღეზე ჩემს შვილს ჭუჭული აჩუქეს. მაშინ გვეგონა, მართლა იხვის ჭუჭული იყო, თუმცა რომ გაიზარდა, გაირკვა, რომ ბატი ყოფილა. ახლა სახლში გვყავს თეთრი, დიდი, ძალიან ლამაზი და ჭკვიანი ბატი. ტასიკო კი ჰქვია, მაგრამ არ ვიცით, დედალია თუ მამალი"

საქართველოში ბატების მოშენებას უძველესი დროიდან მისდევდნენ. აშენებენ წყალსაცავებით მდიდარ ადგილებში, მეტწილად იქ, სადაც მდელო, მინდორი და სხვა საბალახოა, მაგრამ რასაც ახლა მოგითხრობთ, ამას ბატის მოშენება კი არა, მოშინაურება ჰქვია. ეს ჩვენი ბატი "პარკეტის ფრინველად" გადაიქცა, ერთ-ერთ თბილისურ ოჯახში ბედნიერად ცხოვრობს და ოჯახის წევრის სტატუსითაც სარგებლობს, როგორც ცუგა ან საყვარელი ფისო. როგორ აღმოჩნდა ბატი ტასიკო მრავალსართულიანი სახლის მესამე სართულზე, როგორ დაიმსახურა საყოველთაო სიყვარული და რატომ ანებივრებენ ასე, ოჯახის დიასახლისი, ქალბატონი ნანა გვიამბობს.

- სამი წლის წინ ქათამი გვყავდა, მასაც სულ პატარაობიდან ვზრდიდით. ამჯერად ბავშვებმა იხვი მოინდომეს და დაბადების დღეზე ჩემს შვილს ჭუჭული აჩუქეს კიდეც. მაშინ გვეგონა, მართლა იხვის ჭუჭული იყო. თუმცა, რომ გაიზარდა, გაირკვა, რომ ბატი ყოფილა. ახლა სახლში გვყავს თეთრი, დიდი, ძალიან ლამაზი და ჭკვიანი ბატი. ტასიკო კი ჰქვია, მაგრამ არ ვიცით, დედალია თუ მამალი. უკვე 2 წლის არის, 15 მარტს გამოიჩეკა.

- გარეთ არ გამოგყავთ ტასიკო?

- ჯერ არ გაგვიყვანია, მიწაზე ფეხი არ დაუდგამს, ლოგინში გვიწევს, ბავშვები ეთამაშებიან, კოცნიან. გარეთ ათასი ძაღლი დადის, სიბინძურეა, როგორ გავიყვანთ, ვუფრთხილდებით, რომ რამე არ შეეყაროს.

- შინ თავისუფლად დასეირნობს?

- ჰო, დასეირნობს როგორც მულტფილმში "დონალდ დაკი". ბატზე უამრავი გამონათქვამი არსებობს, ერთ-ერთი, "რა ბატივით დადიხარ", სწორედ ტასიკოზეა ზედგამოჭრილი. დანარჩენი კი, რა გითხრათ, ვფიქრობ, სიცრუეა.

ასეთი ჭკვიანი არც ერთი ფრინველი არ მეგულება. ტელეფონის ზარია თუ კარზე კაკუნი, ტასიკო ყველაფერზე რეაგირებს, მაშინვე ყიყინს იწყებს. უცხო ადამიანს შინ არ უშვებს.

- მგონი, ტასიკოს ძაღლის ფუნქციები აქვს შეთავსებული.

- ნამდვილად. გაკვირებული ვართ მისი თვისებებით. განსაკუთრებით დედაჩემს აოცებს, ამბობს, ეტყობა, კარგად არ იცნობენ, თორემ გამონათქვამები "ბატივით შტერი" და "ბატისტვინა" როგორ იარსებებდაო. ამის სიშტერეზე როგორ ვილაპარაკოთ, როდესაც ჩემი უმცროსი ბიჭის ფეხის ხმას პირველი სართულიდან იგებს და კივილს იწყებს - არ ვიცი, როგორ, მაგრამ რაღაცნაირად იგებს. საოცრად მგრძნობიარეა. რომ ველაპარაკებით, ესეც "გველაპარაკება", ანუ თავისებურად გვპასუხობს. იმ დღეს ჩემი ბიჭი "ბორჯომის" ბოთლს ეძებდა და ტასიკოს ეკითხება, სად არისო. აქოთქოთდა, აჰ, აჰო და მიანიშნა. გარეთ საახალწლოდ რომ ისროდნენ, გიჟდებოდა, ისე უხაროდა, სმენა მახვილი აქვს.

- რას ჭამს ტასიკო?

- ხორბალსა და სიმინდს, რასაც უნდა ჭამდეს ფრინველი, არ ჭამს, სხვას კი, რასაც მიაწვდი, ყველაფერს მიირთმევს. ძალიან უყვარს ხაჭაპური, ლობიანი, პიცა, ბულგარული წიწაკა. დღის განმავლობაში სულ რომ აძლიო საკვები, შეჭამს, ჰო, თუთიყუშის საკვებსაც მიირთმევს, ოღონდ, წყალში უნდა ჩაუყარო.

ვბანთ შამპუნითა და ფრჩხილის ლაქიც აქვს წასმული. ახლა ლამაზი მოსასხამი აჩუქეს... კარგი ვეტერინარი გვყავს და თუკი რამე არ მოგვეწონა, მაშინვე ვურეკავთ, ისიც გვარიგებს.…

- ფრენა თუ იცის?

- არა, როცა ჩემს ბიჭს ეთამაშება, ოთახებში ფრთებგაშლილი დარბის ხოლმე საფრენად, ალბათ, სივრცეც არ ჰყოფნის. გალიაში არასდროს ჩაგვისვამს, ასე, თავის გემოზე დაბრძანდება პარკეტზე, მეც უკან დავდევ და თუ რამე შემთხვევით დააბინძურა, ვწმენდ. სპეციალური ადგილი კი აქვს ამისთვის, მაგრამ ხანდახან მისვლას ვერ ასწრებს.

- ხომ არ იკბინება?

- გაავებული ბატი ძაღლზე უარესია, მაგრამ ეს არ არის ავი.

დედაჩემს სისუფთავე ძალიან უყვარს და თავიდან ნებას არ გვრთავდა, რომ ბატი შინ გაგვეჩერებინა, მაგრამ მას მერე, რაც უცხოური ვიდეო ნახა, ოჯახში როგორ ჰყავთ ბატი და უვლიან, სურვილი გაუჩნდა, ჩვენც გვყოლოდა. იმ ვიდეოში ბატს პამპერსი ჰქონდა, ამასაც ვუპირებდით პამპერსს, მაგრამ არ გაიჩერა, მერე შეგვეცოდა და თავი დავანებეთ. მოკლედ, ახლა სახლში ფითქინა ტასიკო გვყავს. ბუმბული არ სცვივა, წელიწადში მხოლოდ ერთხელ იცვლის.

- ბატის შამპუნით დაბანა შეიძლება?

- ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ შამპუნით დაბანა სასარგებლო არ ყოფილა და ცოტა შევშინდით. აღარ დავბანთ. სიმართლე გითხრათ, წყალი არ უყვარს. ალბათ, იმიტომ, რომ საპნისა და შამპუნისგან თვალები ეწვოდა და ეტყობა, ამან დააშინა.

ერთხელ ჩემს ბიჭს სიგარეტი არ აღმოაჩნდა, ღამის სამი საათი იყო. ჩვენი გაღვიძება არ უნდოდა, ფრთხილად, უხმაუროდ ადგა, კარი გააღო, რომ მაღაზიაში ჩასულიყო და ტასიკო აკივლდა... გულგახეთქილი წამოვხტი და რას ვხედავ - ჩემი ბიჭი გასაღებით ხელში დგას კართან და ტასიკოს ეჩხუბება, ეს რა ქენი, მთელი ოჯახი შემიყარეო. აკი გითხარით, კარზე კაკუნზე, ტელეფონის ზარზე ვერ ვაჩერებთ, არადა, ბატია, მეტად როგორ უნდა გამოხატოს?!

- როგორც ვატყობ, ტასიკოს თქვენს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს.

- შემიძლია ვთქვა, რომ ტასიკო ჩემი მეოთხე შვილია, ბავშვები ხომ გიჟდებიან და გიჟდებიან. მეზობლებსაც ძალიან უყვართ, ყველა იცნობს, გვთხოვენ, ფანჯრიდან დავანახოთ. ესეც საყვარლად იყურება ხოლმე ფანჯრიდან.

ბატის ბჟიტების აღზრდაში მამალიც მონაწილეობს

ბატი იხვისებრთა ოჯახის ფრინველია ბატისებრთა რიგისა. მისი წონა 6 კგ-მდე აღწევს, სიგრძე - 60-100 სმ-მდე. ბატის შედარებით მაღალი ფეხები უფრო სასიარულოდ არის მომარჯვებული, ვიდრე საცურაოდ. ძირითადად, იკვებება ხმელეთზე ან წყალმარჩხში მცენარეთა ფოთლით, ყლორტებით, ბოლქვებით, თესლით, მოლუსკებით, მცირე ზომის კიბოსნაირებით. ბუდობენ მიწაზე ან კლდის ნაპრალებში. დებს 5-6 კვერცხს. კრუხობს დედალი, ბჟიტების აღზრდაში მამალიც მონაწილეობს. საქართველოში გვხვდება რუხი ბატი, მეკალოე ბატი, წრიპინა ბატი, თეთრშუბლა ბატი. მშრალცხვირა ბატი, მთის ბატი გვხვდება პამირზე, ტიან-შანზე. თეთრი ბატი გავრცელებულია ვრანგელის კუნძულსა და არქტიკულ ამერიკაში. ყველა ბატი სარეწაო მნიშვნელობისაა. ბატის მოშენება იაფი ჯდება, ვინაიდან მის საკვებად გამოიყენება სილოსი, კარტოფილი, ძირხვენები, ბალახი და სხვა მწვანე მასა.

ლალი ფაცია