ჩვენ გავაშენებთ ჩაის კულტურას?! - კვირის პალიტრა

ჩვენ გავაშენებთ ჩაის კულტურას?!

ჩაის პლანტაციისთვის ნაკვეთის მომზადება შრომატევადი საქმეა

საქართველოში ჩაის გავრცელების შესახებ რამდენიმე გადმოცემა არსებობს. ერთ-ერთის თანახმად, პირველად ჩაი საქართველოში 1770 წელს გამოჩნდა, როცა რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე II-მ ერეკლე მეფეს სამოვარი და ჩაის სერვიზი აჩუქა. ჩაის პირველი ბუჩქები 1809 წელს გაახარეს მამია გურიელის ბაღში. შემდეგ თავადმა მიხა ერისთავმა გააშენა ჩაი თავის მამულში. თავადმა ქართული ჩაის ნიმუში 1864 წელს სანქტ-პეტერბურგში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზეც წარადგინა... XX საუკუნეში ქართული ჩაით მთელი საბჭოთა კავშირი მარაგდებოდა და ეს კულტურა დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო იყო. რა მდგომარეობაა დღეს ამ დარგში? გვესაუბრება საქართველოს მეჩაიეთა ასოციაციის ხელმძღვანელი თენგიზ სვანიძე.

- რაც იყო, აღარ დაბრუნდება - საბჭოთა კავშირის დროს ჩაის პლანტაციები 67 ათას ჰექტარზე იყო გაშენებული და 100-110 ათასი ტონა პროდუქცია მზადდებოდა. მთელი საბჭოთა კავშირი სვამდა ჩვენს ჩაის, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ის ხარისხით ვერ დაიკვეხნიდა, რადგან ყურადღება რაოდენობას უფრო ექცეოდა, ვიდრე ხარისხს. სსრკ-ის დაშლის მერე ეს ბაზარი გაქრა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სხვა მოთამაშეები შევიდნენ და ქართული ჩაის ინდუსტრიაც მოიშალა. ამას დაემატა 1990-იანი წლების არეულობა, სამოქალაქო ომი, ძარცვა-გლეჯა, უგუნური პრივატიზაცია და დარგი მთლიანად განადგურდა. ქართულმა ჩაიმ გასაღების ბაზარიც დაკარგა და წარმოებაც გაჩერდა. ჩაის ფაბრიკებიდან ლითონი თურქეთში ჯართად გაზიდეს, პლანტაციებიც განადგურდა და ერთ დროს განვითარებული დარგი გაქრა.

- რა სიტუაციაა ამჟამად ჩაის ინდუსტრიაში?

- ქართული ჩაის ინდუსტრიას, ძირითადად, მცირე საოჯახო მეურნეობები ქმნიან. რადგან ჩაის პლანტაციების მოვლა ძალიან ძვირი ჯდება, შემორჩა მხოლოდ მცირე ზომის ფაბრიკა-ქარხნები - იმათი, ვინც თავის პლანტაციას მოუარა და ვისაც ეს საქმე უყვარდა. ეს ხალხი ცოტას აწარმოებს, მაგრამ საკმაოდ ხარისხიანს.

- როგორ მიმდინარეობს ქართული ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა?

- დაახლოებით 3 წლის წინ ჩაის რეაბილიტაციის პროგრამაზე დავიწყეთ მუშაობა, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წამოიწყო. თუმცა, პროექტი ჯერჯერობით სრული მასშტაბით არ ამოქმედებულა. მართალია, სახელმწიფო ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას აფინანსებს, მაგრამ ბენეფიციარების სიუხვე არც წინა წლებში იგრძნობოდა და არც ახლა იგრძნობა. ისედაც, სახელმწიფოს დახმარების იმედზე არც ერთი დარგი არ უნდა იყოს, თვითონ უნდა შეძლონ თავის გატანა. ყველაფრის მიუხედავად, ქართული ჩაის ინდუსტრიაში გამოცოცხლება მაინც შეიმჩნევა: ქართულ ბაზარზე გამოჩნდა რამდენიმე კომპანია, რომლებიც თანდათან მოძლიერდნენ. შემიძლია დავასახელო რამდენიმე ჩაის ფაბრიკა, რომლებიც წარმატებით მუშაობენ. ეს საწარმოები მდებარეობს ქობულეთში, ტყიბულში, ოზურგეთში - ანასეულის ინსტიტუტის ბაზაზე, შემოქმედში და სხვ. ისინი საკმაოდ ხარისხიან ჩაის უშვებენ და შიდა ბაზარზე ყიდიან. ამას ემატება საექსპორტო სივრცე მონღოლეთის სახით, სადაც ძალიან უყვართ ჩვენი "აგურა ჩაი". მიუხედავად იმისა, რომ ის შედარებით დაბალი ხარისხისაა, ამ ქვეყანაში ის წარმატებით გააქვთ.

- კიდევ რომელ ქვეყნებში გადის ექსპორტით ქართული ჩაი?

- დაფასოებული ჩაი ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ძალიან მცირე რაოდენობით იყიდება. საექსპორტო ბაზარი არის უკრაინაში, ბელორუსიაში, ხორვატიაში, ასევე - შუა აზიაში, სადაც შედარებით დაბალი ხარისხის ქართული ჩაი გადის მცირე რაოდენობით.

მიუხედავად მცირე მასშტაბებისა, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა მაინც მიმდინარეობს. პლანტაციების აღდგენაზე ძირითადად კერძო პირები მუშაობენ, რომლებიც თავად აწარმოებენ ჩაის და თავადვე ყიდიან. ზოგიერთი საოჯახო ფაბრიკა 5-10 ტონა ჩაის აწარმოებს.

ჩაის მწარმოებელ ყველა რეგიონში არის რამდენიმე ფირმა ან საოჯახო მეურნეობა, რომლებიც სხვადასხვა ასორტიმენტის ხარისხიან ჩაის აწარმოებენ.

- რამდენად აკმაყოფილებს ჩაის წარმოება საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნილებას?

- სამწუხაროდ, ქართული ჩაი მეტად მცირე რაოდენობით იწარმოება. ჩვენი მოსახლეობა 1 წელიწადში 1-1,2 ათას ტონა ჩაის მოიხმარს და ქართული ჩაის წილი ქვეყნის ბაზარზე 18-20%-ია. თუმცა ეს აშკარა პროგრესის მაჩვენებელია - 2006-2007 წლებში, როცა ქართული ჩაის პოპულარიზაცია პირველად დავიწყეთ, მისი წილი 5%-ს არ შეადგენდა და ჩვენი მოსახლეობის 95% შემოტანილ ჩაის სვამდა.

- ამბობენ, რომ ქართული ჩაი არომატულია და თავისებური გემო აქვს. რით განსხვავდება ის სხვა ქვეყნებში მოყვანილი ჩაისგან?

- ქართული ჩაი შედარებით მსუბუქია, მასში ტანინის რაოდენობაც ნაკლებია. ჩვენს ჩაის უფრო სპეციფიკური გემო აქვს, თანაც ზოგს არ უყვარს ტანინიანი ინდური ჩაი, რომელიც უფრო მწკლარტეა. ჩვენი ჩაის პლანტაციები სხვა ქვეყნებთან შედარებით ჩრდილოეთით მდებარეობს, რაც მას განსხვავებულ თვისებებს ანიჭებს. ჩვენ ჩაის მხოლოდ 7 თვის განმავლობაში ვკრეფთ, მერე კი ზამთარი დგება, ამიტომ, ჩვენებურ ჩაის ის უპირატესობა აქვს, რომ მავნებლები ნაკლებად უჩნდება და შხამქიმიკატებით შეწამვლაც არ სჭირდება. ამის გამო ქართული ჩაი ეკოლოგიურადაც სუფთაა, ამ თვისებების წყალობით მას თავისი მომხმარებელი ყოველთვის ჰყავდა და დღესაც ჰყავს.

- თუმცა ბაზარი მაინც გაჯერებულია საეჭვო ხარისხის იმპორტირებული ჩაით, ამ პრობლემაზე რას გვეტყოდით?

- რაც შეეხება იმპორტს, აქ რამდენიმე ფაქტორი იკვეთება, რომელიც ქართველ მეწარმეებს ხელს უშლის - პირველ რიგში, ეს დემპინგური ფასები და ხარისხია. ხარისხიან პროდუქციას ფასიც მაღალი ადევს, რადგან ნედლეულის კარგად გადამუშავებასა და ლამაზად შეფუთვასაც თავისი ფასი აქვს, ასე რომ, ქართული ჩაის თვითღირებულება საკმაოდ მაღალია. იმპორტიორები ძირითადად ისეთი ჩაის შესყიდვას ცდილობენ, რომელიც იაფია, მოძველებულია და აუქციონზე არ გაიყიდა. ასეთ ნედლეულს ისინი იაფად ყიდულობენ, თავიანთ ქვეყნებში შეაქვთ და აფასოებენ. მერე კი ფასებით მანიპულირებას იწყებენ, ეს ჩაი შემოაქვთ დემპინგურ ფასებში და სიიაფის გამო, ქართულ პროდუქციას ბაზრიდან აძევებენ. ეს საკითხი ოფიციალურ დონეზე წამოვჭერით, სოფლის მეურნეობის სამინისტროც გვპირდება, რომ ერთობლივ შემოწმებებს დაიწყებს ჩაის ხარისხზე, სიძველესა და შემადგენლობაზე.

- ანუ წლების განმავლობაში უხარისხო, მოძველებული ჩაი შემოჰქონდათ?

- სამწუხაროდ, არა მარტო ჩაი, რადგან იმპორტიორი ცდილობს ისეთი პროდუქციის შემოტანას, რომელიც ადგილობრივს რამით აჯობებს, ეს "რამე" ან ხარისხია, ან ფასი. ჩვენ საბაჟო გადასახადი ნულოვანი გვაქვს და მას ვერც გავზრდით, რადგან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრები ვართ. ერთადერთი, რაც შეგვიძლია, საზღვარზე პროდუქციის შემოწმებაა. უკვე ვთქვი, რომ დარგმა თავისით უნდა გაიკვლიოს გზა და საბაზრო ეკონომიკის პირობებს მოერგოს, მაგრამ ქართული ჩაის ინდუსტრიას სახელმწიფოსგან შემწეობა მაინც სჭირდება - არა ფინანსური დახმარება, არამედ მეწარმისთვის უკეთესი პირობების შექმნა, თუნდაც გადასახადების შემცირება და რაც მთავარია, სახელმწიფო უნდა ეცადოს, რომ ქართული ჩაი იმპორტირებულ ჩაისთან თანაბარ პირობებში იყოს. იმპორტირებული დაბალფასიანი ჩაი - ხშირად ეს არის ძველი, საღებავებით გაჯერებული პროდუქცია, რომელსაც მომხმარებელი დაბალი ფასის გამო ირჩევს. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ქართული ჩაის წარმოება გახდეს შედარებით იაფი და მისი ფასიც შემცირდეს. როცა ჩვენებურ ჩაის მეტი მომხმარებელი ეყოლება, წარმოება ამუშავდება და დარგი თვითონ მიხედავს თავს.

ხათუნა ჩიგოგიძე