ქალი მეღვინე და მევენახე "პალიტრა L"-დან­
ქალი მეღვინე და მევენახე "პალიტრა L"-დან­
თაკო ჟურული ჩვენი კომპანიის თანამშრომელია, "პალიტრა L"-ის ერთ-ერთი რედაქტორი, მაგრამ ახლა მეღვინე-მევენახეც გახდა. ყველაფერი კი ასე დაიწყო: მას და მის მეუღლეს, ზურა სანოძეს, სოფელი არასდროს ჰქონიათ. ბევრი ფიქრის შემდეგ ქალაქგარეთ სახლის ყიდვა გადაწყვიტეს, რომ ბუნებას უფრო დაახლოებოდნენ. კარგა ხნის ძებნის შემდეგ თელავის რაიონში, სოფელ რუისპირში მშვენიერი ეზო-კარი იპოვეს, რაც მთავარია, შესანიშნავი სამეზობლოთი.

"საუკეთესო სოფელია. ჩვენი სახლი სოფლის ბოლოშია და პირდაპირ კავკასიონს გაჰყურებს. იქვე გვაქვს ვენახი და სავენახე ადგილიც. ყველაფერი ერთად
ვიყიდეთ. გვაქვს მარანიც", - გვეუბნება თაკო...
თავიდან გამოუცდელები იყვნენ, არ იცოდნენ, იქაურობისთვის როგორ მოევლოთ, მერე კი თანდათან ყველაფერი ისწავლეს, ბიომეურნეობის ავ-კარგიც გაარკვიეს, რაც ბუნებასთან ადამიანის ჰარმონიულ თანაცხოვრებას­ გულისხმობს. "ზუსტად ის არის, რაც გვაინტერესებდა და რამაც ქალაქიდან სოფლად წაგვიყვანა. გავიცანით საინტერესო ხალხი, მათ შორის, ბიომეღვინეები, რომლებიც
ბიოვენახებს უვლიან," - გვიყვება თაკო.

- რამხელაა თქვენი მამული?

- ვენახი ნახევარ ჰექტარზეა, თუმცა სავენახე მიწაც გვაქვს და მომავალში 1 ჰა გვექნება. იქ დასახლებისთანავე დავიწყეთ ვენახის მოვლა - თუ გაქვს, უნდა მოუარო კიდეც... ერთია, როცა ქიმიური საშუალებებით უვლი და სახელმწიფოს აბარებ, შხამ-ქიმიკატებით წამლავ, რომ დიდი მოსავალი მიიღო და ამ დროს, ცხადია, ხარ­ისხზე არ ფიქრობ; მეორეა, როცა არ გინდა ბევრი მოსავალი, მაგრამ გინდა ხარისხიანი ღვინო.

- თქვენ ხარისხი არჩიეთ...

- დიახ. გასულ შემოდგომას ჩვენს მარანში პირველად დავწურეთ ჩვენი რქაწითელი. ნახევარ ჰექტრზე 800 კგ მოიკრიფა (შარშანწინ ორ ტონამდე იყო) და 600 ლიტრამდე ღვინო დაიწურა.

- ბიოღვინოზე ვრცლად ვისაუბროთ...

- ეს არის ნიადაგისა და მცენარის გამოჯანმრთელებაზე ზრუნვა. ვაჯანსაღებთ ვაზსა და ყველა მცენარეს. ამისთვის ვწამლავთ ბიოლოგიური (მცენარეული) პრეპარატებით და თანაც - შეზღუდული რაოდენობით. მერე, ევროკავშირის ბიოსოფლის მეურნეობის სტანდარტების მიხედვით, ვაყრით გოგირდსა და სპილენძს, ოღონდ დოზას არ უნდა გადააჭარბო, თორემ ბიოპროდუქტი აღარ გამოვა.

- ეს ყველაფერი სად ისწავლეთ?

- ბიომიმართულებით რომ დავინტერესდი, აღმოვაჩინე, რომ არსებობს გაერთიანება "ღვინის კლუბი", სადაც არაჩვეულებრივი ხალხია თავმოყრილი. მისი ხელმძღვანელია მალხაზ ხარბედია. აქ, ძირითადად, ბიომეღვინეები და მევენახეები არიან. ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ, დაინტერესებულ ადამიანებს კი ინფორმაციას აწვდიან. კლუბის წევრებს დავუახლოვდი, ტრენინგები გავიარე. მადლობელი ვარ მეღვინეების - იაგო ბიტარიშვილის და კახა ბერიშვილის. ღვინო მათი მითითებებით დავწურეთ.

- ბოთლებში ჩამოასხით?

- დუღილის პროცესს შუშის ბოცებში რომ დაასრულებს, მერე ჩამოვასხამთ. თავიდან, კახური ტრადიციის მიხედვით, გაზაფხულამდე ქვევრში გვინდოდა დაგვეტოვებინა, მაგრამ ჩვენი გამოუცდელობით ვერ გავთვალეთ მოსავლის რაოდენობა და ქვევრიდან მინის ბოცებში გადავიტანეთ. ჯერ ხელს არ ვკიდებთ. მეღვინეებს გაზაფხულზე უნდა გავასინჯოთ. რაც უნდა ლიტერატურა იკითხო, მათი კონსულტაციების გარეშე არაფერი გამოვა. მოკლედ, სექტემბერ-ოქტომბრისთვის ჩამოვასხამთ ბოთლებში.

- რას დაარქმევთ?

- "ჟუკა-სანოს მარანს" ("ჟუკას" გვარის გამო ბავშვობიდან მეძახიან, "სანო" ჩემს ქმარს ჰქვია, მასაც გვარის გამო). სახელწოდების შემდეგ, როგორც ბიოღვინის ეტიკეტებზეა, მივუთითებთ მოსავლის წელს.

- სახლის, მარნისა და ვენახის გარდა, კიდევ რამე დაგხვდათ რუისპირში?

- დიდი კაკლის ხე, შინდი... ჩავყარეთ­ ახალი ნერგებიც და გაზრდას ველოდებით.­ გადავწყვიტეთ, რაც შეიძლება მეტი ხე დავრგოთ. ყოველ გაზაფხულზე პატარა ბოსტანს ვაკეთებ, ისეთ ბოსტნეულს ვთესავ, ყოველდღე მორწყვა რომ არ უნდა, რადგან ჯერჯერობით მხოლოდ შაბათ-კვირას ჩავდივართ. როცა სულ გადავბ­არგდებით, ბოსტანსაც გავამრავალფეროვნებ.

- ვენახში დამოუკიდებლად მუშაობთ?

- დიახ. გასხვლა ხომ რთულია, მაგრამ ამასაც თვითონ ვაკეთებ. ძალიან კარგი მევენახე გვყავს, ბატონი შალვა და მისი დახმარებით ვაკეთებ ყველაფერს. ის შეწამვლაში მეხმარება, თუმცა იმ დროს მეც იქ ვარ.

- მოკლედ, ასე იქეცით ქალი-რედაქტორი­ ქალ-მეღვინე-მევენახედ...

- ასე გამოვიდა. მეუღლე მხარს მიბამს. ჩემი დიდი გულშემატკივარია როგორც მორალურად, ასევე ფინანსურად. მინდა, ამ საქმეში კარგად გავიწაფო. ეს ახალი და საინტერესო ეტაპია ჩემს ცხოვრებაში.

- როგორია უახლოესი გეგმები?

- ახალი ვაზი უნდა გავაშენოთ. ალბათ, საფერავს ჩავყრით. ენდემური ჯიშები გვინდა, რაც იმ კუთხისთვის არის დამახასიათებელი. რამდენიმე უკვე მოვიძიეთ. ერთ-ერთია იყალთოს წითელი. კვლავაც ვეძებთ ახალ ჯიშებს.
ძალიან გამიმართლა, რომ აღმოვაჩინე­ სოფელი შრომისმოყვარე ხალხით. მათ კარგად იციან ვაზის, მიწის ფასი, ბუნების მესაიდუმლეები არიან. კარგი იქნება, თუ სახელმწიფო დაეხმარება, რომ თანამედროვე სტანდარტებს ფეხი თამამად აუწყონ. არ აქვთ ინტერნეტი, ჰგონიათ, რომ რაც მამა­-პაპამ ასწავლა, მხოლოდ ის მეთოდებია გამოსადეგი, არადა, ამ ძველი ცოდნის გამდიდრება შეუძლიათ. კახეთს დიდი პოტენციალი აქვს. აქ შეიძლება ნაყოფიერი შრომით კარგი მოსავლის მოწევა. არ ვიცი, სხვაგან რა ხდება, მაგრამ ჩემ გარშემო დიდი შესაძლებლობებია. ჩვენი ქვეყანა ხომ ღვინის სამშობლოდ არის აღიარებული, ქვევრი კი - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად.

- ესე იგი სოფელმა კარგად მიგიღოთ...

- ძალიან თბილი, მოსიყვარულე ადამიანები არიან, იუმორით სავსე. ჩვენი იქ დასახლებით თითქოს რუისპირი თავიდან დაინახეს. ჩვენც სამი წელია, შაბათ-კვირა არ გაგვიცდენია. პარასკევ საღამოს სამსახურის შემდეგ მივდივართ. შრომა­ არ გვეზარ­ება. ეს ყველაფერი ენერგიითაც გვავსებს და იმედითაც...

- რას ურჩევთ ადამიანებს?

- რასაც წამოიწყებენ, იმ საქმის ერთგული იყვნენ. ჩვენთვის ეს თითქოს არარეალური იყო - არ გვაქვს იმდენი შემოსავალი, რომ ასე გაგვერისკა, მაგრამ კრედიტის აღება გავბედეთ და შევძელით. როცა მიზანი გაქვს, თურმე ყველაფერი შეიძლება. სულ იქ ყოფნა მინდა, რადგან მართლაც საოცარი გარემოა, ქალაქური ცხოვრებისგან აბსოლუტურად განსხვავებული. საცხოვრებლად არცთუ კომფორტული პირობებია, მაგრამ თითქოს თავისუფლად სუნთქავ, სტრესსაც იოლად უმკლავდები...

ლალი ფაცია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები