"ქორფა" ხილ-ბოსტნეული, ზამთარში "მოწეული" - კვირის პალიტრა

"ქორფა" ხილ-ბოსტნეული, ზამთარში "მოწეული"

"არც კარტოფილის შენახვა გაჭირდება, თუკი ფერმერები გამომშრალსა და საღს ჩააბარებენ. დიდი სიამოვნებით შევინახავთ და ამით ხალხსა და ქვეყანასაც სამსახურს გავუწევთ"

ქართულ ბაზარზე რომ საეჭვო ხარისხის უცხოური პროდუქცია გაბატონდა, ყველა ვხედავთ, თუმცა ბაზრიდან ძალით ვერავის გააგდებ, ჭკუით თუ არ აჯობე, ქართული ეკონომიკა კი ამისთვის ჯერჯერობით სუსტია, თუმცა პირველი ნაბიჯები იდგმება.

ახლახან მცხეთაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილ-ბოსტნეულის შესანახი გიგანტური საწარმო აშენდა. საწარმო თითო ჯერზე 300 ტონა ხილ-ბოსტნეულს მიიღებს და დაბალ ტემპერატურაზე შეინახავს, საქონლის გატანისთანავე კი შესანახად სეზონის ახალი პროდუქცია შევა. ეს ნიშნავს, რომ იქაურ ფერმერებს მოსავალი აღარ დაულპებათ და გვიანაც გაყიდიან. ეს ქართულ ბაზარზე უცხოური პროდუქციის შემოსვლასაც შეუშლის ხელს - როცა ქართულ ბაზარზე ქართული ხილ-ბოსტნეული ზამთარშიც იქნება, სხვისი პროდუქცია რატომ უნდა იყიდო!

საწარმოს ხელმძღვანელი თამაზ დგებუაძე მომავალ სეზონზე იმ ადამიანებისთვის ხელის შეშველებას აპირებს, ვისაც ჭირნახული გაყიდვამდე ულპება.

- საწარმო შარშან ნოემბერში გაიხსნა. ამ დროისთვის მოსავლის აღების სეზონი დამთავრებული იყო და მხოლოდ ბროწეული შევინახეთ; თუმცა ამ პროდუქტის შენახვამაც კი დაგვარწმუნა, რომ საუკეთესო სამაცივრე დანადგარები გვაქვს.

ამ საწარმოს აგებას მიზეზი ჰქონდა - რამდენიმე წლის წინ ბოლნისში, სახელმწიფოს დახმარებით, ნუშის ბაღები გავაშენე. ბაღები პირველ მოსავალს წლეულს მოგვცემს. სწორედ ამ მოსავლის შენახვაზე ფიქრმა გადამაწყვეტინა ამგვარი საწარმოს აგება. საბედნიეროდ, სახელმწიფოს აგროსექტორმა პროექტის დასაფინანსებლად სახსრები გამონახა და ჩემი აზრით, ძალიან საჭირო საწარმო ააშენა. ჩვენს ფერმერებს ხშირად პროდუქტი ულპებათ და ამის გამო იძულებული არიან, ჩალის ფასად გაყიდონ, მერე კი სამამულო პროდუქციის ნაცვლად ბაზარზე უცხოური პროდუქცია შემოდის და ძვირად იყიდება. ამ ვითარებას ჩვენი საწარმო ოდნავ მაინც შეცვლის. მართალია, ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს რამდენიმე ასეთი საწარმო აშენდა, მაგრამ ჩვენი საწარმო პირველია, რომელშიც ერთ ჯერზე 300 ტონა ხილი და ბოსტნეული დაეტევა.

მართალია, საწარმოს დასრულება სეზონის დასასრულს დაემთხვა, მაგრამ მაინც უამრავი ფერმერი მოვიდა ჩვენთან პროდუქციის შენახვის პირობების გასაგებად.

- სხვადასხვა ბოსტნეულსა და ხილს, ალბათ, სხვადასხვაგვარად შეინახავთ.

- რასაკვირველია. მაგალითად, ვაშლისა და წაბლის შენახვა სხვადასხვა დროსა და ტემპერატურას მოითხოვს - წაბლი სამი თვე ინახება, ვაშლის შენახვა კი თვე-ნახევარი შეიძლება. ხილს პლუს ორ გრადუსზე ვინახავთ. ერთადერთი, რასაც ვერ შევინახავთ, მარწყვია, რადგან მას სპეციფიკური მაცივარი სჭირდება, რომელმაც მარწყვი ისე უნდა გაყინოს, რომ არ დააზიანოს. დანარჩენ ხილ-ბოსტნეულს ახალმოკრეფილივით შევინახავთ. ტრენინგები გავიარეთ ისრაელში. ამ ქვეყნის მაგალითმა დამარწმუნა, რომ შეუძლებელი არაფერია.

ქვეყანას, რომელიც წყლისა და სავარგულების ნაკლებობას განიცდის, მსოფლიოში საუკეთესო სარწყავი სისტემა აქვს და საუკეთესო ხილ-ბოსტნეული მოჰყავს. მათ რომ ჩვენისთანა მიწა ჰქონდეთ, სასწაულებს შეძლებდნენ.

როცა ხილ-ბოსტნეულის საუკეთესოდ შენახვა გინდა, შენახვის სქემები უზუსტესად უნდა იყოს დაცული. მაგალითად,

არ შეიძლება ხილისა და ბოსტნეულის ერთ მაცივარში შენახვა, რადგან ერთმანეთს გემოს უფუჭებს. არც ყურძნის შენახვა შიძლება სხვა მოსავალთან, რადგან ყურძენი სპეციფიკურ ნივთიერებებს გამოყოფს, რომლებიც სხვა ხილის გემურ თვისებებზე მოქმედებს.

შენახვისას მთავარი მაინც პროდუქციის ხარისხია - თუ ის გაფუჭებულია, მაცივარი ვერ გამოაკეთებს. ამიტომაც ფერმერებმა შესანახად გადარჩეული, საღი პროდუქცია უნდა ჩააბარონ. ნაწილს საწარმოც შეისყიდის. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მაცივარში დაზიანებული პროდუქტი შევიდეს.

- ყველაზე საჭირო ქართული კარტოფილის შენახვაა. მასზე ბევრს ლაპარაკობენ. ჩვენში ეს პროდუქტი დიდი რაოდენობით მოიხმარება და მოსავალიც მოდის, თუმცა, როგორც ცნობილია, სეზონზე მოსავლის სიჭარბისას ქართული კარტოფილი თურქეთში გააქვთ გასაყიდად. სამაგიეროდ, სეზონის დასასრულს, როგორც ამბობენ, თურქეთიდან გენმოდიფიცირებული კარტოფილი შემოდის.

- არც კარტოფილის შენახა გაჭირდება, თუკი ფერმერები გამომშრალსა და საღს ჩააბარებენ. დიდი სიამოვნებით შევინახავთ და ამით ხალხსა და ქვეყანასაც სამსახურს გავუწევთ. რაც შეეხება ფასებს, ჯერჯერობით არ შეგვიმუშავებია, მაგრამ არ ვაპირებთ, ისეთი იყოს, რომ ადამიანს თავისი ნაჭირნახულევის შენახვას გადაყრა ერჩივნოს. ასე თუ მოვიქცევით, რაღა აზრი ექნება საწარმოს ამუშავებას? კარტოფილის გარდა ჩვენში არაერთი პროდუქტია საყურადღებო, მაგალითად, წაბლი, რომელიც სეზონზე 2 ლარი ღირდა, საახალწლოდ კი - 7 ლარი. თუ ჩვენი საწარმო წაბლს 3 თვის განმავლობაში მეწარმეს ახალდაკრეფილივით შეუნახავს, რატომ არ უნდა უღირდეს!

ეთერ ერაძე