"რომ გაიზრდება, დავაქორწინებ, ცოლი უნდა მოვუყვანო" - ჯაჯოს კოკროჭინა - კვირის პალიტრა

"რომ გაიზრდება, დავაქორწინებ, ცოლი უნდა მოვუყვანო" - ჯაჯოს კოკროჭინა

ამერიკიდან ჩამოტანილი ძალიან ძვირფასი შამპუნი მქონდა, რომელიც ჩემთვის მენანებოდა, ხელი სწორედ იმას ვტაცე და კოკროჭინა დავბანე. ბოლოს ბალზამი წავუსვით, ფენით გავაშრეთ და ასე გახუჩხუჩებული ბუხართან დავაწვინეთ...

ასე შევხვდით შობას საყვარელ ვირის ჩოჩორთან ერთად

მის ეზო-კარში ადრეც ვყოფილვართ, მაშინ გაზაფხული იყო და კარგად მოვლილი ბაღ-ბოსტანი მშვენივრად ხარობდა. თუმცა ტოქშოუს წამყვანი მას ყურადღებას დღესაც არ აკლებს. გია ჯაჯანიძეს სერიოზული გეგმებიც ჰქონდა, რომელიც თითქმის განუხორციელებია. ამჯერად კი სხვა საზრუნავი აქვს, მის მოვლილ კარ-მიდამოს 6 თვის ჩოჩორი დაემატა და მასთან ჩვენი სტუმრობის მიზეზიც ეს გახდა. როგორ უვლის შოუმენი მას და რა ადგილი უჭირავს კოკროჭინას მის ცხოვრებაში, ამაზე თავად მოგვითხრობს.

- შარშან მე და ჩემი პროდიუსერი ერთმანეთს რაღაცას ვუმტკიცებდით, ხშირად ალოგიკურ რამეებს ვამბობ ხოლმე და ვუთხარი, თუ ისე მოხდება, როგორც გეუბნები, თეთრი ვირის ჩოჩორს მომიყვან-მეთქი. ესეც ისე ვთქვი, იმწუთას არც ვირი მინდოდა და არც მისი ჩოჩორი...

წლეულს შობის ღამე უნდა დამდგარიყო და ჩემს კარზე ბრახუნი გაისმა, კართან გაბრაზებული ჩავედი. გავაღე და რას ვხედავ? თეთრი ვირი დგას. ისეთ შოკში ჩავვარდი, რომ ჩემი პროდიუსერი თათია ზუხბაია ვერც კი შევნიშნე.

კი გამიხარდა, მაგრამ ვიფიქრე, ამ შობის ღამეს რა უნდა ვუყო, სად წავიყვანო, რა გავაკეთო-მეთქი. თათია მხოლოდ ამ ფიქრების გაელვების შემდეგ დავინახე.

- საიდან მოგიყვანათ?

- კახეთში საგანგებოდ წასულა. სახედრის იშვიათი ჯიშია (იერუსალიმის თეთრი) და საქართველოში ცოტას ჰყავს, ესეც გამიხარდა.

მოკლედ, შემოვიყვანე სახლში, გავასუფთავეთ ბირკებისგან, ხმელი ბალახებისგან, რომლებიც მთელ ტანზე ჰქონდა აკრული. ჯერ სარეცხის საპნით დავბანეთ და შემდეგ

ამერიკიდან ჩამოტანილი ძალიან ძვირფასი შამპუნი მქონდა, რომელიც ჩემთვის მენანებოდა, ხელი სწორედ იმას ვტაცე და კოკროჭინა დავბანე. ბოლოს ბალზამი წავუსვით, ფენით გავაშრეთ და გახუჩხუჩებული ბუხართან დავაწვინეთ, რომ დაბანილი არ გაცივებულიყო. იმ ღამით ბუხართან ეძინა. ასე შევხვდით შობას საყვარელ ვირის ჩოჩორთან ერთად.

- მგონი, კოკროჭინას ძალიან გაუმართლა.

- კი, იღბლიანი ყოფილა - ახრამუნებს სალათის ფურცლებს, ბოსტნეულს, დიდ პატივშია. ბავშვობიდან მიყვარს ანდაზები, ჰოდა, ამის შემხედვარეს თავში სულ ეს ანდაზა მიტრიალებს - "ბედი მომეცი და თუნდაც სანეხვეზე გადამაგდეო", - ვირი სასწაულ ბედში ჩავარდა. მერე, როცა მისი ფოტო და ვიდეო ინტერნეტში განვათავსე, უცნაური რამ მოხდა - ხალხი ამ ამბავს აღფრთოვანებით შეხვდა, ყველა იცინოდა, ხუმრობდა, 5 ათასამდე კომენტარიდან მხოლოდ 2 კაცი აღმოჩნდა, ერთი ქალი და ერთი მამაკაცი, რომლებიც წერდნენ: "ამხელა სიმდიდრე რომ გაქვს, ასეთი მდიდარი რომ ხარ, რატომ არ გეხამუშება? დაგავიწყდა, ცოტა ხნის წინ უმუშევარი რომ იყავი და ამისგან დეპრესიაში მყოფმა, წარბები რომ გაიპარსე?" არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ამ ყველაფერს პოზიტიურად შეხედონ. მე კი ჩემი ამბის ვიდეოს რომ ვუყურებ, საკუთარ თავზე სიცილით ვიხრჩობი.

- ვირს სიჯიუტე ახასიათებს. ჭირვეულობს თქვენი ჩოჩორი?

- ჯიუტი არ არის. ყველაფერს მიჯერებს, რასაც ვეუბნები, ესმის. კომფორტი მიყვარს და იმ დღეს წყალი ვედროთი დავუდგი, მოდი, კოკროჭინა, დალიე-მეთქი. მოვიდა და დალია, გეგონება, გაიგო და ხათრით დალია... ყველაფერი ესმის და არ მაბრაზებს.

ერთადერთი, რაც არ მომწონს, სულ დგას, არ წვება და ცოტა ამის გამო მეცოდება, არ დაიღალოს. ასეთ მდგომარეობაში რომ ვუყურებ, ვიტანჯები. ჯერ ვერ დავადგინე, ახასიათებს თუ არა ვირს ასეთი რამ, ამას ვერ ვიტყვი. რამდენჯერმე ვუთხარი, დაწექი-მეთქი და არ ესმის.

- მშვენიერი სადგომი მოგიწყვიათ.

- კი, სადგომში ღამე შედის და დგას. ღამღამობითაც ჩავდივარ და ვნახულობ. დღე კი აქეთ არის, ამ ადგილას ბალახობს.

- სახელი რის მიხედვით შეურჩიეთ?

- რომ დავინახე, პირველი სიტყვა, რაც აღმომხდა, კოკროჭინა იყო... რომ გაიზრდება, დავაქორწინებ, ცოლი უნდა მოვუყვანო, სასწაულ ქორწილს გადავუხდი და მერე გამრავლდება. ეს იქნება ყველაზე ცნობილი ვირი საქართველოში.

ადრე სიუჟეტი მქონდა ადამიანზე, რომელსაც ქართლში ვირების ფერმა აქვს და იმ ადგილს "ვირლანდია" დაარქვა. მასაც შევეხმიანე და რჩევები ვთხოვე. ინტერნეტშიც მინდოდა ინფორმაციის მოძებნა, მაგრამ იმაზე მეტს, რაც ვიცი, ვერ მივაგენი. მგონია, რომ ეს ვირი ჩემთვის გაჩნდა.

- საქათმეც გაგიკეთებიათ...

- დიახ, მყავს 1 მამალი და 5 დედალი. ყოველ დილით 3 ცალი კვერცხი მხვდება და თბილ-თბილს მივირთმევ ხოლმე.

- თქვენთვის ეს ცხოველების მოშინაურების პირველი შემთხვევა არ არის.

- კი, ბატიც მყავდა, მელაც, პეკინზე რომ ვცხოვრობდი. მერე ჩემს დას გადავულოცე, თავიდან გალიაში მყავდა და რომ მოვიჩვიე, ვუშვებდი, ტელევიზორს ერთად ვუყურებდით. მყავდა ზღვის გოჭი, თევზები, წარმოიდგინეთ, ხვლიკიც კი. მართალია, ვერ მივიჩვიე, მაგრამ არ გარბოდა, სურათებს ვიღებდი მასთან ერთად. ყვავიც მყავდა, გნოლებიც, ამ ეზოში ხოხობიც იყო, ოღონდ გამიფრინდა.

ვეგეტარიანელი ვარ, არც ქათმის ხორცს ვჭამ, არც ღორის და ძროხის. ალბათ, ბავშვობაში ამის უნებლიე გამოვლინება იყო, როცა 9 თვის ასაკში ბულიონი მაჭამეს და არ მივიღე. მერე ცნობიერებაში რომ ჩავვარდი, ხორცი ვერ შევჭამე. ქათამს, რომელიც აქ დადის, ან გოჭს, რომელიც სახლში მყავს, როგორ შევჭამ, მაგრამ ქათმის კვერცხს მივირთმევ. თუმცა, ამ თემაზე საჯაროდ არასოდეს მისაუბრია, მიუხედავად იმისა, რომ შოუების მოწყობა ჩემი სტილია, პროფესიაც ისე მიყვარს, რომ ცურვა არ ვიცი და ხიდიდან გადავხტი, ამ საკითხზე საუბარი მაინც არაეთიკურად მიმაჩნია... მოკლედ, ასეთი ვარ და ვარ ბედნიერი...

ბებიაჩემის დედა 101 წლისა გარდაიცვალა, მშვენიერ გონებაზე იყო და მუდმივად მეუბნებოდა: ადამიანს რომ ესაუბრები, თვალებში უნდა უყურო, მანაც ასე უნდა გიყუროსო. თუ დაუმსახურებლად გალანძღე, მისი სატკივარი შეგეყრებაო. დღეს ჩვენ ერთმანეთის სატკივრით ვცხოვრობთ, ოღონდ ეს ის ტკივილი კი არ არის, ვინმეზე გული რომ შეგტკივა, არა, ჯაჭვური რეაქციით ყველა ყველას ლანძღავს. ამიტომ არ დავეძებ - ვისაც უნდა, ამპარტავნებაში ჩამითვალოს, სიბრძნეში, სიამაყეში, დედამიწის ზურგზე არავისზე ცუდს არ ვიტყვი, იმიტომ კი არა, რომ ცუდს არ სჩადის, არ არის ჩემი საქმე! ასე რომ, ვირი ჩემია, ვაჭმევ თუ არა, მოვიკლებ და მას მივაწვდი, თუ რას ვიზამ, არავის საქმე არ არის. სიხარულიც ჩემია და ვირიც, ამიტომ სანამ ცოცხალი ვარ, ვიქნები ბედნიერი და ბედნიერებას ვუსურვებ ყველას, თქვენი გაზეთის მკითხველსაც.

ლალი ფაცია