"ვინც ზღმარტლს დარგავს, მხოლოდ სარგებელს ნახავს" - კვირის პალიტრა

"ვინც ზღმარტლს დარგავს, მხოლოდ სარგებელს ნახავს"

ზღმარტლს დიდი სიამოვნებით მივირთმევთ, თუმცა მასზე ბევრი არაფერი ვიცით; უმთავრესად ის, რომ ზღმარტლი ველური მცენარეა, ბუჩქად იზრდება და მისი ნაყოფი მხოლოდ გვიან შემოდგომაზეა ვარგისი. ჩვენში ზღმარტლს დიდად არც მებაღეები სწყალობენ, ბევრს ზღმარტლის დარგვას, სხვა ხილის დარგვა ურჩევნია. მაგრამ ზღმარტლი უნიკალური მცენარეა როგორც გემური თვისებებით, ასევე სამკურნალო ღირებულებებით, რის გამოც ევროპის ბევრ ქვეყანასა და ამერიკაში მისი პლანტაციები მრავლად არის. და ყველაზე მთავარი: ევროკავშირის ბაზარზე ზღმარტლზე იმდენად დიდი მოთხოვნაა, რომ სიამოვნებით შეიძენდნენ საქართველოშიც, თუკი, რასაკვირველია, დიდი რაოდენობით მოვიყვანდით.

ჯიღაურის მეურნეობის მებაღე-აგრონომი ვანო კაკაშვილი ერთ-ერთი ის მებაღეა, ვინც ზღმარტლის უნიკალურ თვისებებს იცნობს და მისი ნერგების გამოყვანაშიც მონაწილეობს.

- სამწუხაროდ, ჩვენში ზღმარტლის ნერგებზე დიდი მოთხოვნა არ არის და ჩვენს მეურნეობასაც ცოტა ნერგი გამოჰყავს. ასეა ყველა სანერგეში - სეზონზე ზღმარტლის 200-მდე ნერგს თუ გაყიდიან, ეგეც დიდი ამბავია. ნერგს ყიდულობს ის, ვინც ამ ხილის ფასი იცის. არადა, ამ მცენარეს იმდენად უნიკალური თვისებები აქვს, აუცილებლად უნდა ჩამოვთვალო, რომ ხალხმა იცოდეს... მოკლედ, ზღმარტლი შეიცავს სიცოცხლისთვის აუცილებელ ექვსი სახის ვიტამინს; ასევე სიცოცხლისთვის აუცილებელ მრავალ ელემენტს, ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მჟავებს, კალიუმს, კალციუმს, ნატრიუმს, რკინას…და მათ შორის, ადამიანის ჯანმრთელობის საყრდენს - ნივთიერება სელენს... ასე რომ, ვინც ზღმარტლს დარგავს, მხოლოდ სარგებელს ნახავს.

- საქართველოში ზღმარტლის მხოლოდ ერთადერთი სახეობა ხარობდა - ველური ზღმარტლი, რომელსაც შინ ამრავლებდნენ. ბოლო წლებში ბაზარზე მსხვილი ზღმარტლიც გამოჩნდა.

- ზღმარტლის მხოლოდ ერთი სახეობა არსებობს - ჩვეულებრივი ზღმარტლი, მათ შორის, ველურად ნაზარდი. ასეა ის გავრცელებული ირანში, მცირე აზიაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, კავკასიაში, ყირიმში, თურქმენეთსა და საქართველოშიც. ჩვენს ტყეებშიც გვხვდება ჩვეულებრივი ზღმარტლის ველური ბუჩქები, რომელსაც შედარებით წვრილი ნაყოფი აქვს. რაც შეეხება ბოლო 10-15 წელიწადში საქართველოში შემოსულ შედარებით მსხვილ ზღმარტლს, ის მიღებულია ჩვეულებრივი მარწყვის სელექციის მარტივი სისტემით: ვიღაცამ სადღაც შენიშნა ველური ზღმარტლი, რომელსაც შედარებით მსხვილი ნაყოფი ჰქონდა, მისი ამონაყარი ან ძირკვი ამოიღო და შინ გადაიტანა. შემდეგ შედარებით მსხვილი ნაყოფი ამოარჩია და დათესა, ან ჯანმრთელი ტოტის კალამი დაამყნო. ზღმარტლი მრავლდება თესლით, ძირკვისა და ფესვის ამონაყარით, რომელიც შეგიძლია დარგო. თუმცა მყნობით გამრავლება ყოველთვის უკეთესია. ზღმარტლს ამყნობენ როგორც კვირტს, ასევე კალამსაც. სადედე განსაზღვრავს, მცენარე როგორი გამძლეობის იქნება. ჯიღაურაში ზღმარტლს ვამრავლებთ უცხოეთიდან შემოტანილ სადედეებზეც, რომელთა დადებითი თვისება ის არის, რომ მცენარის ენერგია სიმაღლეში ზრდაში არ მიდის, ნაკლები სიმაღლისა და შედარებით უკეთესი გამძლეობის იზრდება; კულტურულ სადედეებზე დამყნილი მცენარეები ნაყოფის მოსხმასაც ადრე, მეორე წელიწადს იწყებენ. თუმცაღა ჩვენი კომშის საძირეებზე დამყნილი ზღმარტლიც მშვენიერია. კომში გამძლე მცენარეა და ნიადაგთან შეგუებისას ნაკლებპრეტენზიულია.

- ზღმარტლისთვის ჩვენებური კომშის სადედეების გამოყვანა მართლაც საინტერესოა.

- ეს ნებისმიერმა შეიძლება გააკეთოს, ვისაც მცენარისა რამე ესმის. სადედეების გამოყვანისთვის შეგულებული კომშის თესლი ზომიერად უნდა გამოვაშროთ, შევინახოთ და გაზაფხულზე დავთესოთ; ან ჩვეულებრივ შენახვას სჯობს თესლს სტრატიფიკაცია გავუკეთოთ, ანუ ქვიშაში შევინახოთ დაბალ, დადებით ტემპერატურაზე, რომ გაზაფხულისთვის გაღივებაში დავეხმაროთ. მერე თესლს მარტში დავთესავთ და ძალიან მალე ამოვა. სუსტ აღმონაცენს მომაგრებას გვიან შემოდგომამდე ვაცლით და მერე სათითაოდ გადავრგავთ. უკვე მეორე წელიწადს ამ საძირეზე ამყნობენ - მასზე ზღმარტლის კალამი შეგვიძლია უკვე აგვისტოდან დავამყნოთ, ხოლო კვირტი - მხოლოდ გაზაფხულზე. ორივე შემთხვევაში დანამყნობ ადგილს ვფუთავთ და ვამუშავებთ. უკვე მესამე წელიწადს კი, როცა ამ ორი მცენარის შეხორცება დასრულდება, შეგვიძლია ზღმარტლის ნერგი ნებისმიერ ადგილას დავრგოთ და ამ მართლაც საოცარი მცენარით ვისიამოვნოთ. შემოდგომისთვის ზღმარტლი ბუჩქზეც დამწიფდება, მაგრამ შეგვიძლია დავკრიფოთ, დავაწყოთ, ნელ-ნელა დავამწიფოთ და ზამთრის დასაწყისშიც მივირთვათ. ამ დროს, როცა სხვა ხილი ძალიან ცოტაა, უგემრიელესი ზღმარტლი მართლაც განუმეორებელი და სასარგებლო ნუგბარია. ასე რომ, ვისაც სურს ეზოში ზღმარტლის დარგვა, მართლაც უნდა დაეშუროს.

ეთერ ერაძე