მშვიდობის სამტრედე კონფლიქტის ხაზზე - კვირის პალიტრა

მშვიდობის სამტრედე კონფლიქტის ხაზზე

"აგვისტოს ომის დროს, როცა სოფელი იცლებოდა, ჩემს ფრინველებს საჭმელი და წყალი დავუტოვე. დაბომბვის დროს სამტრედეს მინა ჩამსხვრევია და ზოგი მკვდარი დამხვდა. გადარჩენილები მელოდებოდნენ... როცა მშვიდობიანი დრო იყო ჩვენსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის, ჩვენი მტრედები მიდი-მოდიოდნენ და მერე ისევ ბრუნდებოდნენ. მტრედები ადამიანთან ყველაზე ახლოს არიან: როცა დაუძახებ, მოფრინდებიან და ხელზე დაგასხდებიან, მოგეფერებიან, შენი დანახვა უხარიათ, ამაგს გიფასებენ"

მტრედი მშვიდობის ასოციაციას იწვევს. მითოლოგიასა და რელიგიაში ეს ფრინველი ბარაქისა და მშვიდობის სიმბოლოა. ძველად ფიქრობდნენ, რომ მტრედს ნაღვლის ბუშტი არ ჰქონდა, რადგან ნაღველთან ამ მშვიდ არსებებს საერთო არაფერი აქვთ. გარდა ამისა, ისინი საოცარი ერთგულებით გამოირჩევიან და მათ XX საუკუნეშიც იყენებდნენ ინფორმაციის გადამტანებად. ალბათ, ცოტამ თუ იცის, პირველი მსოფლიო ომშიI მონაწილე მტრედის Cher Ami-ს, ანუ "ძვირფასი მეგობრის" ამბავი - მან მედალი "საბრძოლო ჯვარი" მიიღო. კითხვას, რით დაიმსახურა ფრინველმა ამგვარი სამხედრო პატივი, მარტივი პასუხი აქვს: ის გმირია! პირველი მსოფლიო ომის დროს ამერიკელ ჯარისკაცთა ქვედანაყოფი ალყაში მოექცა. გერმანელების გარდა, მას შეცდომით ცეცხლი გაუხსნეს მოკავშირე ფრანგებმაც. ამერიკელებმა საფოსტო მტრედები აფრინეს შტაბში. მხოლოდ ერთმა მიაღწია დანიშნულების ადგილს და წერილი მიიტანა. შედეგად, 194 ამერიკელი ჯარისკაცი გადაურჩა სიკვდილს და ეს "შერ ამის" დამსახურება იყო.

61 წლის კობა ჯავახიშვილი გორის რაიონის სოფელ ზემო ნიქოზის მკვიდრია. ის კონფლიქტის ზონაში ოჯახსა და მტრედებთან ერთად ცხოვრობს. სოფელს ომის კვალი ახლაც ეტყობა, თუმცა ნატყვიარ სახლებს ხალხი არ ტოვებს. არადა, მათგან სულ რაღაც 3 კილომეტრში ე.წ. საზღვარია და ცხინვალი იწყება. ბოლო ათწლეულებში და ახლაც ამ სოფელსა და მთლიანად საქართველოს მშვიდობა ყველაზე მეტად სჭირდება. მშვიდობა, რომლის ასამდე სიმბოლო კონფლიქტის ზონაში თავის საცხოვრისში - სამტრედეში ბინადრობს.

- მტრედების მოშენება 1966 წელს დავიწყე, მაშინ 10 წლის ვიყავი. ჩემი და გათხოვდა იმ დროს და მისმა მამამთილმა მაჩუქა რამდენიმე. ბავშვი ვიყავი და ადვილად შევეჩვიე, ძალიან გამიტაცა მათზე ზრუნვამ. დრო გადიოდა, ინტერესიც ამ ფრინველის მიმართ იზრდებოდა. მერე ყველა მემტრედე გავიცანი, ვინც საქართველოშია. შემდეგ საზღვრებს მიღმაც დავამყარე კონტაქტი მათთან, ვინც კარგად ერკვევა ამ ფრინველის ჯიშებსა და მოვლის თავისებურებებში. ლიტერატურასაც ხშირად ვეცნობი.

- რა პროფესიის ხართ?

- ინჟინერი ვარ. ერთი შეხედვით, ამ პროფესიასთან საერთო ჩემს ჰობის არაფერი აქვს. ძალიან მიყვარს ბუნება და, ალბათ, ამანაც განაპირობა მათდამი ჩემი სიყვარული. ჩემს მეუღლესაც უყვარს ისინი, პროფესიით ბიოლოგია და მათ ბუნებას კარგად იცნობს. თითქმის მთელი ცხოვრება ამ არსებებთან მაკავშირებს, ახლა

ასამდე მტრედს ითვლის ჩემი კოლექცია, მათ შორის 20-მდე ჯიშია. სხვადასხვანაირები არიან. ზოგი მათგანი მოთამაშეა, სალტოებს აკეთებენ და ასე თამაშ-თამაშში იწვრთნებიან. მყავს საფოსტო მტრედებიც. ეს ჩეხური ჯიშია, ასეული კილომეტრიდან უკან, შინ ბრუნდებიან. რამდენჯერმე ექსპერიმენტი ჩავატარე, ჯერ თბილისში წავიყვანე, ფეხზე ნიშანი დავკიდე და გავუშვი, როცა სოფელში დავბრუნდი, ის უკვე თავის სამყოფელში დამხვდა. მერე ბათუმში გავიმეორე იგივე, ამის შემდეგ - მაშOინდელ ორჯონიკიძესა და სოჭში. წარმოიდგინეთ, სხვა ქვეყნებიდან საქართველოში, ჩემს სახლში მხვდებოდნენ. საინტერესო ის არის, რომ მტრედები ყოველ ჯერზე ყუთებით გადავიყვანე და გზა არ დაუნახავთ. მთავარია, გზად მტაცებელი ფრინველები არ დაეცნენ, სხვა შემთხვევაში აუცილებლად დაბრუნდებიან. სხვა ფრინველების გადაფრენა ხომ გინახავთ? ამავე პრინციპით ბრუნდებიან ჩემი მტრედებიც. მეტად საინტერესოა მათთან ურთიერთობა.

- რამდენად პოპულარულია საქართველოში მემტრედეობა?

- ხშირად ვხვდები მემტრედეთა ასოციაციის პრეზიდენტსა და წარმომადგენლებს გორსა და თბილისში. სიახლეებს ვაცნობთ ერთმანეთს, პროფესიონალები კონსულტაციას გვიწევენ მოყვარულებს.

მემტრედე ბევრი ვართ, მაგრამ ჩვენთან ნაკლებად გვაქცევენ ყურადღებას. არადა, ჩვენი მემტრედეები უცხოეთში ფორუმებსა და გამოფენა-გაყიდვებს ხშირად ესწრებიან. ჩემს მეგობრებსაც ჰყავთ გორში მტრედები. ბევრი მემტრედეა ცხინვალშიც, მათთან სულ მქონდა კავშირი.

- არის თუ არა ეს შემოსავლის წყარო?

- არა. მართალია, მტრედი გამიყიდია, მაგრამ არა დიდ თანხად. ეს საქმე შემოსავლის წყაროდ რომ იქცეს, ძვირფასი ჯიშების მოშენებაა საჭირო. ჩემთვის ეს გატაცებაა და, ალბათ, უფრო მეტიც, ჩემი ცხოვრების ნაწილია. ადრე ელექტრომომარაგების დაწესებულებაში, დამზადების დარგში, გამგეობასა და საკრებულოში, თავდაცვის სამინისტროს სამსახურშიც ვმუშაობდი. როცა მუშაობას დავასრულებდი, ჩემს ოჯახსა და მტრედებთან მოვიჩქაროდი.

- ახლა რას საქმიანობთ?

- ახლა აღარ ვმუშაობ, მიწას ვამუშავებ და მტრედებს ვუვლი, ასე გამყავს დრო. მთავარი მათი სიყვარულია, ჩემთვის სასიამოვნოა მათი მოვლა. ეს არასოდეს ყოფილა მოვალეობა. როცა დამინახავენ, უხარიათ, ფორიაქობენ. მეც ვეფერები, ისინიც გარს მეხვევიან, ცდილობენ, მხრებზე შემომასხდნენ და ასე ვატარებთ დროს.

- მტრედებზე უარი არასოდეს გითქვამთ?

- არა, გამიზნულად არასოდეს მომიშორებია ისინი თავიდან. კი, იყო შემთხვევა, როცა მტრედები აღარ მყოლია, რადგან ბევრი მტერი ჰყავს: კვერნა, ძერა, კატა, ძაღლი და ა.შ., მაგრამ ყოველ ჯერზე ხელახლა შევიძინე და მათი მოშენება დავიწყე.

- ძნელია მოვლა?

- არა, მთავარია მტაცებლებისგან დაიცვა. გამოკვებაც არ არის რთული, მარცვლეული კულტურებიდან თითქმის ყველაფერს ჭამენ, მზესუმზირასაც.

- როცა 2008 წლის ომის დროს ნიქოზი გაიხიზნა, რა ბედი ეწიათ მტრედებს?

- აგვისტოს ომის დროს, როცა სოფელი იცლებოდა, ჩემს ფრინველებს საჭმელი და წყალი დავუტოვე. დაბომბვის დროს სამტერედეს მინა ჩამსხვრევია და ზოგი მკვდარი დამხვდა. გადარჩენილები მელოდებოდნენ. საშიშია ის ადგილები, სადაც მოსახლეობა არ არის, დაუსახლებელ მიდამოებში ბევრი ქორი ბუდობს. როცა მშვიდობიანი დრო იყო ჩვენსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის, ჩვენი მტრედები მიდი-მოდიოდნენ და მერე ისევ ბრუნდებოდნენ. მტრედები ადამიანთან ყველაზე ახლოს არიან: როცა დაუძახებ, მოფრინდებიან და ხელზე დაგასხდებიან, მოგეფერებიან, შენი დანახვა უხარიათ, ამაგს გიფასებენ.

თორნიკე ყაჯრიშვილი