"მე და ტაპუნას ერთ საძინებელში გვძინავს" - კვირის პალიტრა

"მე და ტაპუნას ერთ საძინებელში გვძინავს"

"ტაპუნას სიყვარულით მთელი საციცრეთი მიყვარს. რას ვიფიქრებდი, ეს სასაცილო ქათამი ასე თუ მომინადირებდა..."

გრძელდება ჩვენი მოგზაურობა ოჯახებში, სადაც ფრინველები და ცხოველები ლამის ოჯახის წევრებივით ცხოვრობენ. ამჯერად გავიცნობთ ციცარს, სახელად ტაპუნას. ის სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელის, ლიკა ყაზბეგის უსაყვარლესი ფრინველია. შეიტყობთ, როგორ გაზარდა, როგორ უვლის და ასეირნებს ციცარს, რომელიც მათთან უკვე წელიწადია, ცხოვრობს.

- თბილისთან ახლოს, გიორგიწმინდაში გვაქვს აგარაკი, რომელსაც დედა უვლის. იქ ყველგან ბალახი ბიბინებს. ქვეწარმავლებისგან თავდაცვის მიზნით, დედამ დედალ-მამალი ციცარი იყიდა და ჩვენს ეზოში ქვეწარმავალიც გაქრა.

დედალმა კვერცხის დადებაც დაიწყო - მისი კვერცხი გამძლეა, გატეხვა თითქმის შეუძლებელია, თუმცა, რამდენჯერაც დადო, იმდენჯერ დედამ საჭმელად გამოიყენა.

ბოლოს 15 პატარა ციცარი გაჩნდა. მხოლოდ ორი გადარჩა... ერთ-ერთი ახლა ჩვენთან ცხოვრობს. გოგო გვეგონა და ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ ბიჭი ყოფილა...

- შუა ვერაზე თავს კომფორტულად გრძნობს?

- იტალიურ ეზოში მეორე სართულზე თავს მშვენივრად გრძნობს. შარშან ნოემბერში წლის გახდა... ტაპუნა დავარქვით იმიტომ, რომ ასეთ ხმას გამოსცემს. ზოგჯერ ისეთი მჭახე ხმა აქვს, თითქოს ყეფსო. მე და ტაპუნას ერთ საძინებელში გვძინავს, ჩემს საწოლთან ხის ქანდარაა და ღამეს იქ ათენებს. ოთახებში თავისუფლად დადის.

- არ სვრის?

- კი, მაგრამ უკან დავყვები. კატისა და ძაღლის მოვლა უფრო ადვილია, ვიდრე ამის, თან, ვერაფრით მოაშინაურებ, მაგრამ მისი აქ ყოფნა სახალისოა. მეგობრები რომ მირეკავენ, პირველად ამას კითხულობენ, როგორ არისო.ხორბალსა და ქერს მიირთმევს, მანდარინიც უყვარს, მაგრამ ხახვზე გიჟდება! ციცარს ბაღის პოლიციელს ეძახიან. ძლიერი ფრინველია, როცა ბაღშია, ახლოს ქორიც ვერ ფრენს. ცოტა ხნის წინ ფრთები ცოტა შევუკვეცე, კუდიც დავუმოკლე. ვამბობ, "მოკლე კაბა" ჩავაცვი-მეთქი. ეს ყველაფერი იმისთვის გავაკეთე, რომ სუფთად იყოს. მისი დაკარგვის არ მეშინია, სულ კუდში დამყვება. სახლიდან რომ გავდივარ, წივის და კივის. ჯგუფის ვიტამინები სჭირდება, ამიტომ ხშირად მზეზე გამყავს. 2017 ჩემთვის ცოტა რთული წელი იყო და ტაპუნამ გადამატანინა, ამიტომ ანტიდეპრესანტსაც ვეძახი.

როცა ცხოველს ან ფრინველს ეფერები, საოცარ ენერგიას იღებ. ყველას უნდა ჰყავდეს შინ ცხოველი ან ფრინველი. ადამიანს მასთან ურთიერთობა ამდიდრებს.

- კარზე დაკაკუნებაზე, სტუმრის მოსვლაზე როგორ რეაგირებს?

- ძალიან ეჭვიანია... როცა ტელეფონზე ვლაპარაკობ, მთელ დღეს ხმა რომ არ ამოიღოს, ზუსტად მაშინ იწყებს თავის ენაზე "ლაპარაკს" და სანამ არ გამათიშვინებს, არ მოისვენებს.

არადა, ხშირად ადამიანთან სერიოზულ თემაზე ვსაუბრობ და ამ დროს მას ციცრის კივილი ესმის. თუ ოდესმე კიდევ შევქმნი ოჯახს, ვამბობ, რომ ტაპუნა თან უნდა წავიყვანო.

- ოჯახის წევრები როგორ ეგუებიან ციცარს?

- დედაჩემს ძალიან უყვარდა, მაგრამ ახლა მათ შორის შავმა კატამ გაირბინა - ხშირად ჩხუბობენ და ვაშველებ. ბევრი სახალისო ვიდეო გადავიღე. თუ ცუდ ხასიათზე ვარ, ჩავრთავ და ვუყურებ. ტაპუნას სიყვარულით მთელი საციცრეთი მიყვარს. რას ვიფიქრებდი, ეს სასაცილო ქათამი ასე თუ მომინადირებდა...

- ალბათ, დედა მაშინ ბრაზდება, როცა სახლს სვრის...

- კი, ძალიან ბრაზობს, მაგრამ მაშინვე ვახსენებ, რომ ტაპუნას მშობლებმა სწორედ მისი გადაწყვეტილებით "გილიოტინაზე" დაასრულეს სიცოცხლე. ვცდილობ, შევაცოდო და დანაშაულის გრძნობა გავუღვიძო... ყველა ღონეს ვხმარობ, რომ ოჯახში ჰარმონიამ დაისადგუროს და ციცარი მშვიდად ცხოვრობდეს.

კატებს ვერ ვიტანდი, ახლა კი მათ მიმართაც არ ვარ გულგრილი. ჩემს დებსა და მშობლებს იმით ,,ვაშინებ", რომ თუ ჩვენს ურთიერთობაში ჩაერევიან, ფისოს მივიყვან. კატა ჩვენებს არასოდეს ჰყოლიათ და მუქარა ჯერჯერობით ჭრის!

კურიოზი ის არის, რომ მისი სქესი ახლახან გავიგე. რადგან სარკის წინ უყვარს ტრიალი, ჩავთვალე, რომ "გოგოა" და მის "ბიჭობას" ვეღარ ვეგუები.

სამოგზაუროდაც მყავდა. მოდელ ნინი ნებიერიძის ბიძა - ვახო დუგლაძე ჩემი მეგობარია. ციხისძირში ჯერ ტაპუნა დაპატიჟა და მერე მე, ჩემს მეგობრებთან ერთად. ისე შეუყვარდა, თბილისში აღარ მატანდა.

ერთი პერიოდი, იმის გამო, რომ პროექტზე ვმუშაობდი, სახლში თითქმის არ ვიყავი, ვერ ვუვლიდი და კონტაქტურ ზოოპარკში (ე.წ. ფაუნა ლენდში) ჩავაბარე. მთელი საათი დავრჩი მასთან ერთად. ვერ ველეოდი, მკლავზე მეჯდა. ხალხის მთავარ სანახაობად ჩვენ ვიქეცით, მე - მოტირალი სახით და ჩემს ხელზე დასკუპებული ციცარი. ორი თვე იყო იქ, მერე რაღაც იტკინა და წამოვიყვანე, რომ მემკურნალა. ოჯახის წევრებს შევპირდი, რომ მკურნალობის მერე დავაბრუნებდი ფაუნა ლენდში, მაგრამ სიტყვა გავტეხე. აი, ასეთია ჩემი და ციცრის სიყვარულის ისტორია.

ახლახან ზოომაღაზიაში მისთვის სახლი ვიყიდე. ხშირად, სადაც მივდივარ, თან მიმყავს. ყველას ვურჩევ,თუ უყვართ, მოაშინაურონ. თუ არადა, აზრი არ აქვს. თუ ბაღი აქვთ, იქ აუცილებლად უნდა ჰყავდეთ. არა მარტო ქვეწარმავლების მტერია, არამედ გემრიელ და სასარგებლო კვერცხსაც დებს.

საახალწლოდ მეგობრები მეხუმრებოდნენ, მოვალთ, თუ მის საცივს დაგვახვედრებო. რა თქმა უნდა, ყველამ იცის, რომ ის ჩემთან იქნება, სანამ იცოცხლებს!

ლალი ფაცია