"სად უნდა წავიდე? მიყვარს ეს მიწა. საქართველო ჩემთვის ყველაფერია" - ასირიელი მეფუტკრის ფილოსოფია - კვირის პალიტრა

"სად უნდა წავიდე? მიყვარს ეს მიწა. საქართველო ჩემთვის ყველაფერია" - ასირიელი მეფუტკრის ფილოსოფია

"საქართველოს მსგავსი ქვეყანა მეორე არ არის. მშვიდობიანი, სტუმართმოყვარე, ზოგიერთისგან მსმენია, უვარგისები ვართ ქართველებიო - ვერავის დავეთანხმები, დალოცვილო, შენ თუ არ გიმართლებს, ქვეყანას რატომ ლანძღავ"

80 წელს მიღწეული ბორის კალაშოვი თბილისელი ასირიელია, როგორც ამბობს, მისი მამა-პაპაც აქ დაიბადა და ცხრა ძმის ქუჩაზე დღესაც იმ სახლში ცხოვრობს, სადაც მისი წინაპარი ცხოვრობდა. ბატონი ბორისის ეზოში ყველაფერს მზრუნველი და მშრომელი ადამიანის ხელი ატყვია. მისი სიამაყე კი ფუტკარია, რომელსაც საგულდაგულოდ უვლის.

- აქ დავიბადე, მამა-პაპა აქ დავასაფლავე და მეც აქ დავბერდი. ახლა ჩემი შვილიშვილები განაგრძობენ ჩემს გზას... ზუსტად 90 წელია, ჩემი გვარი აქ ცხოვრობს. პატარა თბილისურ ეზოშიც შესაძლებელია რაღაცების გაკეთება. აქ ჯერ პაპაჩემი წვალობდა, მერე მამა, მოგვიანებით მე დავიწყე და ახლა ჩემი შვილი შრომობს. საფუტკრეები სულ ჩემი ბიჭის გაკეთებულია.

- წარმოშობით საიდან ბრძანდებით?

- ასირიელები ვართ, თურქეთში დიდი არეულობა რომ დაიწყო, 1914 წელს, როგორც ქრისტიანები, აქეთ გამოვიქეცით. 1928 წელს მთავრობამ ეს სახლი მოგვცა.

- თქვენი ენა ხომ იცით?

- როგორ არა... ახლა ირანიდან ერთი ასირიელი მღვდელი ჩამოვიდა და ბავშვებს წერა-კითხვას ასწავლის. ჩემმა შვილიშვილებმა ჩვენს ენაზე, ისევე როგორც ქართულად, წერა-კითხვა იციან.

- ძირითადად, მეფუტკრეობას მისდევთ?

- მამაჩემს ჰყავდა ფუტკარი, მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ხელობაზე ვმუშაობდი. ცუდი ხელოსანი არ ვყოფილვარ, მაგრამ მამამ მითხრა, - შვილო, ხელობა კი იცი, საქმეც გაქვს, მაგრამ რომ დაბერდები, ფუტკარი იყიდე და მიხედეო. ისე მოხდა, რომ დაბერებამდე შევიძინე.

მეფუტკრეობა ავადმყოფობაა, როგორც მეთევზეობა, მონადირეობა. ფუტკრის ყოლა არ ნიშნავს, რომ თაფლს აუცილებლად მიიღებ, ამით ნურავინ დაიტრაბახებს. ამისთვის დიდი შრომაა საჭირო. ფუტკარი შემოდგომაზე უნდა მოამზადო, რომ გაზაფხულისთვის შედეგი გქონდეს.

- მომზადებაში რას გულისხმობთ?

- ფუტკარი ახალგაზრდა უნდა იყოს, რომ ძლიერი ოჯახი ჰქონდეს. საჭიროა ახალგაზრდა დედა, რომელიც 1 დღე-ღამეში 2-3 ათას კვერცხს დებს. 2-3-წლიანს უკვე უჭირს, ვერ მრავლდება და ვერ ძლიერდება. რაც მეტია ფუტკარი, მით მეტია თაფლის მოსავალი.

- ახლა რამდენი ფუტკარი გყავთ?

- ვერ გეტყვით, თუ წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან, ფუტკარს - გაზაფხულზე. შემოდგომაზე 70 ოჯახი მყავდა. ერთ ჩემს მეგობარს 180 ძირი ზამთარში დაეხოცა. ამისგან ღმერთმა ყველა დაგვიფაროს.

- ესე იგი, იმაზეა დამოკიდებული, ზამთარს როგორ გადაიტანენ.

- არა, რა საკვებს დაუტოვებს მეფუტკრე, პატრონი. მთავარია, თაფლი ჰქონდეს. რადგან თაფლს წიდა არა აქვს, ფუტკარი ადვილად ითვისებს, მაგრამ როცა შემოდგომაზე შაქარს აჭმევენ, მას ნოზემატოზი (ფაღარათი) უჩნდება და გარეთ გამოდის ორგანიზმის გასასუფთავებლად, რა დროსაც იყინება, იხოცება. არადა, გარეთ გამოუსვლელადაც არ შეიძლება, მაშინ სკა უნდა დასვაროს.

- გაზაფხულზე რა სამუშაოებია საჭირო?

- მარტის ბოლოს ფუტკარს რომ გავიყვან, ვამთაბარებ, ოქტომბრამდე აქ არა ვარ, გარდაბნის ნაკრძალში მივდივარ, იქ ვუვლი. თუ შედეგი გინდა, უკაცრავად და, ცხვირი სკაში უნდა გქონდეს ჩაყოფილი, თაფლის მოსავალი რომ მიიღო. მერე გარდაბნიდან კოდაში ან გომარეთში გადავდივართ, შეიძლება წალკისკენაც. ოქტომბერში კი, როცა აცივდება, უკან მოვდივართ. ოღონდ იქ თაფლის წურვისას მეუღლე და შვილი ჩამოდიან და მეხმარებიან.

- არიან ამ საქმის სწავლის მსურველები?

- კი, რამდენიმეს ვასწავლე, მაგრამ ზოგი ბოლომდე ვერ მიჰყვა. უცბად უნდათ შედეგი. როცა ცხელა, სკას არ უნდა მოშორდე. ყველა პირობა უნდა შეუქმნა, რომ თაფლი მოგცეს. მთელი ფილოსოფიაა.

მოკლედ, ავადმყოფობა მაქვს შეყრილი, რასაც "ფუტკარი" ჰქვია. ზოგი მეუბნება, მეტი საქმე არა გაქვს, ან არ იღლები, აი, ბაღი გაქვს, ქათმები გყავს, არ არის საკმარისიო? აბა, როგორ გავჩერდე.

ახლაც კი წყალი დროზე უნდა მივაწოდო. ამისთვის სპეციალურ ფიცარზე მივუშვებთ თბილ წყალს და ფუტკარი სვამს, თბება და ისევ მიდის. ზამთარშიც კი, როცა ბარტყი ჰყავს, წყალი უნდა მიაწოდო. ხანდახან ნული გრადუსია და წყალს სვამენ. ხელი რომ არ შევუწყო, გაიყინება და კარგად მეყოლე. იმ ბარტყს აღარაფერს მიაწვდის და ბარტყიც არ გამრავლდება.

აქ რასაც უყურებთ, სულ ჩვენი ხელით არის გაკეთებული. დიდი ფული არც ისე მოდის და არც ასე, ეს ლატარიაა, მილიონიდან ერთს უმართლებს. კაცი ამას ხომ არ დაელოდები? თანაც, მამამ დამიბარა, დიდ ფულს არასდროს გამოეკიდოო... მთავარია, არ გაჩერდე, საქმე სულ უნდა აკეთო.

ასე რომ, ფუტკარი სიცოცხლეა - დავწვები, მაგაზე ვფიქრობ, ავდგები, ფუტკარზე ფიქრი არ მშორდება. ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალეს. მადლობელი ვარ მამის, რომ ამისკენ მიბიძგა, მერე მამაჩემის მეგობრის, რომელმაც ფუტკრის ერთი ოჯახი ჩემს შვილს წლების წინ აჩუქა. სწორედ იქიდან მოვდივარ! მადლობელი ვარ, რომ ასეთი მეუღლე, ქალბატონი ალექსანდრა მყავს. გარდაბნის ნაკრძალში უამრავი მეფუტკრეა და მეუღლე ერთს არ აკითხავს, მე კი ყველა მეუბნება, როგორ გეხმარებაო. მე პირბადეს ვიკეთებ, ალექსანდრა კი უპირბადოდ მუშაობს. ბედნიერია ოჯახი, სადაც კარგი დიასახლისია.

- ქათმები, თუთიყუში, აგერ ძაღლი - რამდენ რამეს უნაწილებთ ყურადღებას.

- რა ვქნა, ეს სიყვარულია... ადრე ღორებიც გვყავდა. ღორი ყველაზე კარგი შესანახია. მეზობელი ძველ პურს გაწვდის, ქერს ყიდულობ, საბავშვო ბაღში საკვების ნარჩენები რჩებათ. ამ ყველაფერს ერთმანეთში ურევ და ადვილად ინახავ. მერე დაკლავ და მისგან დაამზადებ უამრავ რამეს: ძეხვს, ლორს, შაშხს...

- ციცაბო ფერდობზე ბაღი გაგიშენებიათ.

- ისეთი ფერდობი იყო, ვერც ავდიოდით. ელიავადან 600-ზე მეტი საბურავი მოვიტანე, თითოეული მიწით ავავსე, შიგნით ხეები ჩავრგე. ისე განვალაგე, რომ აქ ხეხილის მშვენიერ მოსავალს ვიღებ. ნუში გამოულევლად მაქვს, ალუბალი, კომში, ბროწეული, კარალიოკი, ლეღვი. საზამთროდაც ვამუშავებთ ხილს. ხილს ბევრს ვუნაწილებ. მარტო 100 კილოგრამამდე თაფლს ვარიგებ. არა, ცუდი ხალხი არ არის ჩემ გარშემო, მათი მადლობელი ვარ...

საქართველოს მსგავსი ქვეყანა მეორე არ არის. მშვიდობიანი, სტუმართმოყვარე, ზოგიერთისგან მსმენია, უვარგისები ვართ ქართველებიო - ვერავის დავეთანხმები, ამას მხოლოდ თვითონ უვარგისი იტყვის, ვინც არაფრის მაქნისია. დალოცვილო, ჯერ გააკეთე და მერე აძაგე. შენ თუ არ გიმართლებს, ქვეყანას რატომ ლანძღავ?!

- აქედან წასვლაზე არასდროს გიფიქრიათ?

- სად უნდა წავიდე? მიყვარს ეს მიწა. სამოთხეში ვართ. ამიტომაც ვმუშაობ და ვმუშაობ. საქართველო ჩემთვის ყველაფერია და თბილისი - ჩემი დედაქალაქი.

ლალი ფაცია