"ჯიშიანი" ღვინო მესხური ტერასებიდან - კვირის პალიტრა

"ჯიშიანი" ღვინო მესხური ტერასებიდან

"ეს იქნება პირველი რთველი XVI საუკუნის შემდეგ"

ახალგაზრდა მეღვინე გიორგი ნათენაძე ახალციხეში ცხოვრობს. რამდენიმე წლის წინ დიდი ხნის ოცნება აისრულა და მესხური ტერასების აღდგენა დაიწყო. საქმის ერთგულებამ და შეუპოვრობამ შედეგი გამოიღო: 2015 წელს გაშენებულმა ვაზმა გაიხარა და წლეულს პირველ მოსავალს მოისხამს, თუმცა ამას წინ შრომისა და ძიების მძიმე წლები უძღოდა. გიორგი დღეს ჩვენი სტუმარია და თავის ახდენილ ოცნებაზე გვესაუბრება.

- 15 წელიწადს ვეძებდი მესხური ვაზის იშვიათ ჯიშებს და დიდი ძალისხმევა დამჭირდა, ვიდრე მათ ჩემს პატარა საკოლექციო ნაკვეთში გავახარებდი. ეს ჯიშები სხვადასხვა ადგილას არის ნაპოვნი: ადიგენში, ასპინძაში, ახალციხეში, ვარძიაში. ზოგჯერ 80-100 კილომეტრის გავლა მიწევდა, რომ მარტო ერთი ჯიში მეპოვა. თავიდან არავის სჯეროდა, რომ რამეს მივაღწევდი, ოჯახშიც მირჩევდნენ, ამ საქმისთვის თავი დამენებებინა, მაგრამ არავის ვუჯერებდი. ყველაზე მეტ სტიმულს ის მაძლევდა, რომ ამ უნიკალური ჯიშებისგან უგემრიელეს ღვინოებს ვაყენებდი. ხუთი სამსახური გამოვიცვალე, მაგრამ ვერსად გავჩერდი - ჩანს, ჩემი მოწოდება მეღვინეობა იყო.

- რამდენ ჯიშს მიაკვლიეთ?

- ჯერჯერობით 24 მესხურ ჯიშს მოვუყარე თავი. ისინი ჩვენს ტერასებზე უკვე გაშენებულია და ჩემს ნაკვეთშიც ხარობს. თავიდანვე მქონდა კავშირი ჯიღაურას საცდელ ბაზასა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან. მათთან დღემდე ვთანამშრომლობ - ახალაღმოჩენილ ვაზის ჯიშებს ვუგზავნი და იკვლევენ. ახლაც არ ვჩერდები, სხვა ჯიშებიც მაქვს ნაპოვნი, მაგრამ ჯერჯერობით მათი სახელებიც არ ვიცი.

- რატომ გადაწყვიტეთ მაინცდამაინც ტერასების გაშენება?

- მესხეთში ტერასები უძველესი დროიდან არსებობდა. არაერთი ცნობილი მოგზაური და ისტორიკოსი წერდა, რომ ამგვარი სილამაზე არ ენახა. თანაც, მესხეთზე აბრეშუმის გზა გადიოდა, რაც ხელს უწყობდათ, რომ ყურძენი და ღვინო სხვა პროდუქტებში გაეცვალათ. ამ ტერასებზე მოწეული მოსავლით, ძირითადად, ვარძიას და იქ მყოფ თამარის ჯარს ამარაგებდნენ. ამიტომ ჩვენს კომპანიას "ვარძიის ტერასები" დავარქვით.

- რომელ ჯიშს გამოარჩევდით?

- ყველაზე გამორჩეულია მესხური შავი; ზოგი მას შავ ასპინძურს უწოდებს, ზოგიც - ხიზაბავრულს. ეს არის უნიკალური ჯიში, რომლისგანაც ღია ლალისფერი, მსუბუქი საზაფხულო ღვინო დგება. სპეციალისტები ამ ღვინოს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. საუკეთესოა მესხური მწვანეც. რეგიონში ცოტაა შემორჩენილი და ჩვენს ტერასებზე ყველაზე დიდი ადგილი დავუთმეთ. ამ ჯიშზეც დიდ იმედს ვამყარებთ. ასევე დავაბრუნეთ ცნობილი ვაზის ჯიში - ხიხვი, რომელიც მესხური წარმოშობისაა და დღეს კახეთშია გავრცელებული. ჩვენს მხარეში ერთი წლის ვაზის ნაყოფის შაქრიანობამ 23-24% შეადგინა - ასეთი მაღალი მაჩვენებელი ადრე არასოდეს ყოფილა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ტერასები ეხმარება მესხური ვაზის ჯიშებს, საუკეთესო თვისებები სრულყოფილად გამოავლინოს. გარდა ამისა, დარგული გვაქვს საინტერესო ჯიშები: სამარიობო, ახალციხური თეთრი, ცხენის ძუა, ხარისთვალა, ცხენის ძუძუ და სხვ.

მე ოჯახშიც ვატარებ ექსპერიმენტებს და რა ღვინოებსაც ვაყენებ, ყველას მოსწონს.

- თქვენი დამზადებული ღვინო ევროპასა და ამერიკაშიც წარმატებით სარგებლობს.

- დიახ, ასეა. აშშ-ში რამდენიმე დასახელების ღვინო ერთი წლის წინ შევიტანე და წარმატებით იყიდება. "ლოს-ანჯელეს ტაიმსმა" რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით: "ექვსი ნატურალური ღვინო, რომლებიც ახლავე უნდა გასინჯოთ". იქ მესამე ადგილზე ჩემი ღვინო მოხვდა. ასევე შარშან დაიბეჭდა სტატია - "10 ნატურალური ღვინო, რომლებიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ". იქ მესხური ღვინო პირველ ადგილზე იყო. ეს გახლავთ მესხური წითელი, რომელიც საუკეთესო გემოთი და არომატით გამოირჩევა. სასიხარულოა, რომ მესხური ვაზის ჯიშებმა მსოფლიოში მოიპოვა აღიარება. ეს ღვინოები შეტანილი მაქვს "მიშლენის" რესტორნების ქსელში, დანიაში, საფრანგეთში, შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებში, სადაც ჩვენი ღვინო ძალიან მოსწონთ.

- ეს ხომ ჯერჯერობით ცოტაა?

- დიახ. ოჯახში პატარა მარანი მაქვს, სადაც სულ ორი ათასი ბოთლი ღვინო იწურება. ეს არის ექსკლუზიური ღვინოები. მხოლოდ 11-მდე ჯიშისგან მაქვს ღვინო დაყენებული, დანარჩენებზე ცდები ჯერ არ ჩამიტარებია და არ ვიცი, როგორ აჯობებს მათი დაყენება - ტრადიციულად, ჭაჭაზე თუ სხვაგვარად... ტერასების იმედი უფრო მაქვს, რადგან ეს იქნება მოვლილი ყურძენი, რომელიც უკეთეს შედეგს მოგვცემს. წლეულს რამდენიმე ჰექტარის დამატებას ვაპირებთ და წლის ბოლომდე უკვე 12 ჰექტარზე იქნება ვენახი გაშენებული. ეს საკმარისი იქნება, რომ ღვინო ადგილობრივ ბაზარზეც გავყიდოთ და ექსპორტზეც გავიტანოთ.

- მესხურ ტერასებზე პირველი რთველი ხომ წლეულს უწევს?

- დიახ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იქნება პირველი რთველი მე-16 საუკუნის შემდეგ. მესხური ვაზის ჯიშებით ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა. რამდენიმე წელიწადში ჩვენს რეგიონში უკვე რამდენიმე მარანი იქნება, რაც ღვინის ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. ვფიქრობთ, აღვადგინოთ უძველესი ტრადიცია, როცა ღვინოს ქვაში ნაკვეთ საწნახელში წურავდნენ და მერე ქვევრში აყენებდნენ. უცხოელი ტურისტები ახლაც მოდიან და ტერასებს ათვალიერებენ. ეს გვაიმედებს, რომ ჩვენს მხარეში ღვინის ტურიზმის განვითარება შეიძლება. მით უმეტეს, ამ საქმეში ბიზნესიც მხარში გვიდგას: რომ არა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, მესხურ ტერასებს ვერ აღვადგენდით.

- უცხოელებთან მუდმივი კონტაქტი გაქვთ. საზღვარგარეთ წასვლაზე არ გიფიქრიათ?

- ახლაც მაქვს საინტერესო შემოთავაზებები უცხოეთიდან, მაგრამ საყვარელ საქმესა და ჩემს კუთხეს ვერ ვტოვებ. მით უმეტეს, რომ ჩემი მშობლიური სოფლის - ჭაჭკარის აღდგენაზეც ვოცნებობ. ეს უძველესი სოფელია, რომელიც ვარძიას ღვინითა და საკვებით ამარაგებდა. იქ ახლა არავინ ცხოვრობს. ამ ულამაზესი მესხური სოფლის აღდგენა ძალიან კარგი საქმეა და ეს იდეა ბიზნესმენებმა მთავრობამდე მიიტანეს, არსებობს რეაბილიტაციის პროექტიც. იმედი მაქვს, ეს ჩანაფიქრიც ისევე იქცევა რეალობად, როგორც - მესხური ტერასები.

ჭაჭკარი

ისტორიული სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში. შემორჩენილია ტერასები და ნაკვეთი, ათეულობით საწნახელი, ოთხსაუკუნოვანი ვაზი, კლდეში გამოკვეთილი საცხოვრებელი დარბაზი და წმინდა გიორგის ეკლესია, ხალხური საცხოვრებლის ნიმუშები (მიწურ-ბანიანი სახლები, მესხური დარბაზები) და სხვ[. 2016 წელს სოფელს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

ხათუნა ჩიგოგიძე