ქართულ ჩირს უცხოური ბაზარი "ისრუტავს"
ქართულ ჩირს უცხოური ბაზარი "ისრუტავს"
ბებიების უტყუარი ცოდნა, რომ ხილის ჩირს ჯანმრთელობისთვის ვერაფერი შეედრება, ბოლო წლებია, მართლდება. ქართული ჩირი უცხოურ ბაზარზე ისე იყიდება, რომ მომავალში, მგონი, გასასინჯადაც აღარ დაგვრჩეს. ჩირს, ისევე როგორც ბევრ პროდუქტს, ჩვენ ვერ ვაფასებთ, არადა, ქვეყანაში რამდენიმე ჩირის საშრობი საწარმო შეიქმნა, რომელთაც ჩირი უცხოეთში გააქვთ.

ქარელის ხილის საწარმო ორი წლის წინ აშენდა სახელმწიფოს დახმარებით. ამისკენ მეწარმეებს რამდენიმე ფაქტორმა­ უბიძგა: უპატრონობით დამპალმა ქართ­ულმა ხილმა, მით უფრო, რომ მეწარმე­ებსაც ჰქონდათ ხილის ბაღები, ჩირზე ევრ­ოკავშირის
ბაზრის მოთხოვნამ და, რასაკვირველია, საკუთარი თავის რწმენამ. საწარმოს აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ­ დემურიშვილი ამბობს, რომ თუ მოინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

- ამის ხეობაში, სოფელ სამწევრისში ხეხილის ბაღები გვქონდა 15 ჰექტარზე. ძირითადად, ქლიავისა და ვაშლის. კარგი მოსავალი მოგვდიოდა, მაგრამ გასაღება გვიჭირდა. თუმცა, ქარელის ქარხნისთვის მხოლოდ 15 ჰექტარზე მოწეული
ხილი ზღვაში წვეთია და ცხადია, ხილს საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც ვიღებთ, ძირითადად, გლეხებისგან. სოფლები ფეხით შემოვიარეთ და გლეხობას ხილის შესყიდვა­ შევთავაზეთ. ჩვენი ფასი მაქსიმალური არ არის, მაგრამ არცთუ ცოტაა, ასე რომ, მომწოდებელი გვყავს. ჩვენ ამ მოსავალს დაახლოებით 36 დღის განმავლობაში ვაშრობთ და ჩირად ვაქცევთ, მერე კი უცხოეთში გაგვაქვს. ამ ეტაპზე ჩვენი ჩირი ჩინეთში, ჰოლანდიასა და გერმანიაში იყიდება. თან სხვა ბაზრებსაც ვეძებთ.

- ასე მალე უცხოეთის ბაზარზე გზის გაკაფვა დაუჯერებელიც კია.

- არსებობს საერთაშორისო ფესტივალები, სადაც შეიძლება შენი პროდუქცია­ სხვადასხვა ქვეყანას შესთავაზო. მით უფრო, რომ ჩვენ ჩირის სტანდარტის ლიცენზია გვაქვს და ჩვენი პროდუქციის მიმართ ეჭვი არ ჩნდება. ბაზარი პირადი კონტაქტებით მოვიპოვეთ. მთავარია, მომხმარებელს გემო მოეწონოს და მოთხოვნაც გაიზრდება.
ქარელის ქარხნის პროდუქცია ჰონკონგის 300 მაღაზიაში იყიდება, რომელთა მომხმარებლების აზრი ჩვენს ჩირზე "ფეისბუკის" გვერდებით ვიცით - წერენ, ეს ეგზოტიკური გემოს "უცნაურობა" იმდენად კარგია, რომ ყველას გირჩევთ, იყიდოთო.

- ბებიების დამზადებულ ჩირზე უკეთესია?

- ბებიების ჩირი მეც მიყვარს, მაგრამ მას ერთი ნაკლი აქვს, - სამ თვეზე მეტხანს არ ინახება და დამზადებაც არ არის იოლი, ჩვენ კი საწარმოში ვაშრობთ და მაქსიმუმ 36 საათია საჭირო, რომ საუკეთესო ხარისხის ჩირი მივიღოთ შაქრიანობისა და გემური თვისებების შენარჩუნებით.

- გამოსაშრობად ყველაზე მეტი დრო რომელ ხილს სჭირდება?

- ხილს - არა, ბაღჩეულს. საზამთროს გამოსაშრობად 36 საათია საჭირო.

- საზამთროს ჩირი?! საინტერესოა...

- უგემრიელესია! ბევრი სხვა ხილი ვერ დაიკვეხნის ასეთ გემოს. თუ იმასაც დავუმატებთ, რომ ჩვენი საწარმოს წყალობით კახეთს საზამთროს გასაღების ბაზარი აქვს, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია.

- რაც უფრო წვნიანია პროდუქცია, მით უფრო მეტ სითხეს დაკარგავს გამოშრობისას.

- მაგალითად, 100 კგ საზამთროს დაჩირებისას მხოლოდ 5 კგ ჩირი რჩება. ლეღვი ამ პროცესში 22% წყალს კარგავს, ვაშლი - 12%-ს. ამათ გარდა, ვაჩირებთ, რასაკვირველია, შავ ქლიავს, მსხალს, ნესვს...
ქართულ ჩირს უკეთესი არომატი და გემო აქვს, ვიდრე უცხოურს. ამის მიუხედავად, მას ქართული ბაზარი არ წყალობს, არადა, ჯანმრთელობისთვის ამაზე უკეთესი რამ იშვიათია. 100 გრამი ნატურალური ვაშლის ჩირის…მირთმევა ნიშნავს, რომ ადამიანმა 1 კილოგრამი ნატურალური ვაშლი მიირთვას.

- თითოეული საწარმოს ევროკავშირის ბაზარზე გასვლა მიღწევაა ჩვენი ქვეყნისთვის; თქვენ ამ ბაზარზე გზა უკვე გაკაფული გაქვთ.

- მხოლოდ გაკაფული და არა - საბოლოოდ გაჭრილი. მრავალ ქვეყანასთან ვამყარებთ კავშირს და ჩირს ვთავაზობთ, თუმცა, არ ვაპირებთ რუსეთის ბაზარზე უარის თქმას - მოსკოვში უკვე დაინტერესდნენ ჩვენი ჩირით და ძალიან გაგვიხარდება, თუ იქაც გავიტანთ პროდუქციას. ჩვენს საწარმოში მუდმივად 50-მდე სამწევრისელია დასაქმებული, სეზონზე კი - უფრო მეტი, ასე რომ, მეწარმის მოგებასთან ერთად, ბაზრებზე ჩვენი გასვლით ეს ხალხიც მოიგებს და ქვეყანაც.

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

თვის კითხვადი სტატიები