გიგანტური მაყვალი სამმაგი გვირგვინით - კვირის პალიტრა

გიგანტური მაყვალი სამმაგი გვირგვინით

"მაყვლის ღვინო არაფრით ჩამოუვარდება ყურძნის ღვინოებს და ტოლს არ უდებს, მაგალითად, საფერავს"

გიორგი ლაცაბიძეს ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს - რამდენიმე წლის წინ წარვადგინეთ, როგორც ახალგაზრდა ფერმერი და უეკლო გიგანტური მაყვლის მომყვანი. მეოთხე წელია, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში მაყვალი მოჰყავს. შარშან მაყვლისგან ღვინოც დაწურა. უკმაყოფილო არ დარჩენილა და თანაც ამ საქმეში პირველი აღმოჩნდა.

გიორგი ლაცაბიძე: - მაყვალი ერთ ჰექტარზე მაქვს გაშენებული, თუმცა ფართობის გაზრდას ვაპირებ, რადგან არის კონკრეტული შემოთავაზება. კერძოდ, მაყვლის გატანა უნდათ საზღვარგარეთ, ავსტრიასა და გერმანიაში და არც რაოდენობაა შეზღუდული. აქვთ პროდუქტის შემნახველი მაცივრები და რეალიზაცია არ გაძნელდება.

- როგორც ჩანს, კმაყოფილი ხარ იმ საქმის შედეგებით, რომელიც ოთხი წლის წინ დაიწყე...

- მაყვლის წარმოებით ბევრი დაინტერესდა. უეკლო გიგანტური მაყვლის ნაყოფის გარდა, ვახარებ ნერგებსაც და ვთანამშრომლობ ფერმერებთან.

მართალია, ექსპორტიორებს უცხოეთში ამ პროდუქტის დიდი რაოდენობით გატანა უნდათ, მაგრამ სამაცივრე მეურნეობა არ მაქვს და გაყინული სახით მის გატანას არ ვაპირებ.

- მაცივრის შეძენას, ალბათ, დიდი სახსრები უნდა...

- კი, თუმცა ვაპირებ, სახელმწიფო პროგრამები გამოვიყენო, თუნდაც "აწარმოე საქართველოში". ვფიქრობ, პრობლემა არ უნდა შემექმნას, მით უფრო, რომ ახალგაზრდა ფერმერი ვარ, თან, ვფიქრობ, კარგი საქმე მაქვს დაწყებული და სწორედ ჩემნაირ ფერმერებს ახალისებს ეს პროგრამა.

- რა უპირატესობა აქვს გიგანტური მაყვლის ჯიშს ველურ, ტყის მაყვალთან შედარებით?

- ეს არის აშშ-ში სელექციით მიღებული სამმაგი გვირგვინის მქონე ნაყოფი, ყველა იმ კეთილი თვისებით, რაც მაყვალს უნდა ჰქონდეს. შაქრიანობა 15%-ია, ნაყოფის წონა - 20 გრამამდე. ძალიან არომატულია და არაფრით ჩამოუვარდება ველურ ჯიშებს. რაც შეეხება სამკურნალო თვისებებს, ანტიოქსიდანტია, შეიცავს სხვადასხვა ვიტამინს, მათ შორის, დიდი ოდენობით ჩ ვიტამინს. მისგან აკეთებენ შესანიშნავ მურაბას (ცოცხლად, როგორც ჟოლოს). შესანიშნავია კომპოტი, წვენი, მზადდება შესანიშნავი საწებელი. ცხადია, ხილადაც კარგია. მოკლედ, ფართოდ გამოიყენება.

- შარშან გარისკე და მისგან ღვინოც დაამზადე...

- ღვინის დამზადება იმიტომ არ გადამიწყვეტია, რომ მაყვალს ვერ ვყიდი. იმიტომ გადავწყვიტე, რომ ეს ძალიან საინტერესოდ მეჩვენა. თან ევროპაში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მაყვლის ღვინო გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით. ყურძნის ღვინოებისგან არ განსხვავდება, მეტად სასიამოვნო დასალევია. მაყვლის ნახევრად ტკბილი ღვინოები ძალიან მოსწონთ არა მარტო ქალებს, არამედ მამაკაცებსაც.

- დაწურვის ტექნოლოგია ისეთივეა, როგორიც ყურძნის?

- ღვინისთვის ნაყოფის შერჩევაა საჭირო, მწიფე მარცვლები გვჭირდება. ნაყოფი სპეციალურად უნდა გადავარჩიოთ, რომ ჩაშაქრდეს კიდეც. ასეთ შემთხვევაში ნაყოფის შაქრიანობა შეიძლება 22%-მდე ავიდეს, რომ დაჭყლეტისა და დადუღების შემდეგ გრადუსი მიიღოს. ღვინისთვის მაყვალი განსხვავებულადაც იკრიფება, რადგან როცა ჩვეულებრივად, გასაყიდად ვკრეფთ, სიმკვრივე უნდა ჰქონდეს, შესაბამის სიტკბოს კი დაკრეფის შემდეგ იგროვებს. შარშან ზაფხულში საცდელად დავამზადე და მშვენიერი ღვინო დადგა, ოღონდ ჯერ არც ერთი ლიტრი არ გამიყიდია.

შემიძლია თამამად ვთქვა, არაფრით ჩამოუვარდება ყურძნის ღვინოებს, რაც გამისინჯავს, ეს ერთ-ერთი საუკეთესოა! ცხადია, ღვინო უამრავი არსებობს, მაგრამ მაყვლის ღვინო ტოლს არ უდებს, მაგალითად, საფერავს. მაყვლის ამ ჯიშს აქვს სპეციფიკური, დამახასიათებელი არომატი, განსხვავებული, რაც ღვინოშიც შენარჩუნებულია, თუმცა არომატი არც ველურ ჯიშებს აკლია. კულტურული მაყვლის 300-მდე ჯიშია ცნობილი და ცხადია, ყველა არ გამისინჯავს.

- რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?

- ჩემი მოსავლით ღვინოს აუცილებლად დავწურავ; ცხადია, მაყვალს საექსპორტოდაც მოვიყვან.

ფერმერებს მოვუწოდე, გავაშენოთ მაყვლის ბაღები-მეთქი. ვინაიდან ევროპის ბაზარზე ამ კულტურაზე დიდი მოთხოვნაა, ევროპის ბაზარი ჩვენი პროდუქტისთვის მიმზიდველად მიმაჩნია. რაც შეეხება სტანდარტებს, ეს ქვეყანას სამუშაო ადგილებს, ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს და ეკონომიკის განვითარებას ხელს შეუწყობს.

ლალი ფაცია