შეწამლეთ ჩქარა! - კვირის პალიტრა

შეწამლეთ ჩქარა!

გამანადგურებელი მტერი - აზიურ ფაროსანაზე მეტად თხილს სიდამპლის გამომწვევი ბაქტერია და სოკო უტევენ

რამდენიმე წლის წინ საქართველოს ხელისუფლება თხილის ექსპორტში მიღებული შემოსავლით ქვეყნის აყვავებას ვარაუდობდა, რაც თითქოს საფუძველს არ იყო მოკლებული - თხილის ფასი, 2015 წლის ჩათვლით, განუხრელად იზრდებოდა. 1 კგ-ის ფასი თითქმის 10 ლარზე ავიდა, თხილის ექსპორტით ქვეყანაში 176,5 მილიონი დოლარი შემოვიდა. 2016 წელს იმდენად უარყოფითმა მოვლენამ იჩინა თავი, რომ მისი მომავალი საეჭვო გახდა - მართალია, თხილის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა, რაც ექსპორტზე გატანილი თხილის რაოდენობის მატებამ განაპირობა, მაგრამ ქართული თხილის ფასი მკვეთრად დაეცა. 2017 წლის თხილის ექსპორტის შემოსავალი სრულად დათვლილი არ არის, მაგრამ უკვე დაზუსტებულია, რომ წლის პირველ ნახევარში ექსპორტმა 31%-ით იკლო, 1 კგ თხილის ფასი კი 3 ლარს არ ასცდენია. შესაბამისად, მკვეთრად იკლო გლეხობისა და ფერმერების შემოსავალმაც. ამის მიზეზი არაერთი ფაქტორი გახდა, მათ შორის, თხილის მავნებელი, რომელიც განადგურებით სულ უფრო მეტ ფართობს ემუქრება. ზიანის მიყენებაში აზიურ ფაროსანაზე ნაკლები წვლილი არც სხვა მავნებლებს უდევთ. მეტიც, აზიური ფაროსანა თხილისთვის მხოლოდ ხანმოკლე პერიოდშია საშიში, ვიდრე თხილი გამაგრებას დაიწყებს, მერე კი მას სიდამპლის გამომწვევი ბაქტერია და სოკო უტევენ, რომელთა გამოც შარშან თხილის 70% დალპა.

გამოსავალი მხოლოდ ერთია - თხილის მოვლა, პირველ რიგში, შეწამვლა, რომელიც აუცილებლად მალე უნდა დაიწყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, წლეულსაც გაუცრუვდება იმედი გლეხს.

სოფლის მეურნეობის მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ ხიდეშელი: - ახლავე უნდა დავიწყოთ თხილის შეწამვლა თხილის გულის სიდამპლისა და სოკოს ბაქტერიების მოსასპობად. შარშან თხილი გასაყიდად ვერც გაიტანეს, მთელი მოსავლიდან ყველას დამპალი გული ჰქონდა. ეს კი ბაქტერიებმა გამოიწვიეს. მის დაზიანებაში აზიურმა ფაროსანამაც ითამაშა როლი, თუმცა არა უმეტეს 20-25%-ისა. თხილი რომ გამაგრდა, ფაროსანამ სიმინდზე გადაინაცვლა, თხილს კი სიდამპლის ბაქტერიამ და სოკომ მოუღო ბოლო.

- შარშან თხილის მოსავლის დაახლოებით 70% განადგურდა. როგორც ჩანს, ეს ბაქტერიები მეტად ძლიერია.

- მათ გაძლიერებას მრავალმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. მათ შორის თხილის უსისტემო გაშენებამ მჟავე, მლაშე და ტენიან ნიადაგებზე, რომელიც თხილის გულის სიდამპლისა და სოკოს გამომწვევი ბაქტერიების პირდაპირი წყაროა. ბაქტერიები პლანტაციებიდან პლანტაციებზე გადადიოდა, შედეგი კი ის არის, რაც დაგვემართა - ქართულმა თხილმა პოზიცია ყველგან დათმო. სასწრაფოდ ბაქტერიების ჩაკვლა უნდა დავიწყოთ სპილენძის შემცველი პრეპარატებით. ამიტომაც დავდივართ მთელ საქართველოში და ვაფრთხილებთ ყველა მუნიციპალიტეტს, მოასწრონ თხილის პლანტაციების მფლობელების ინფორმირება, რომ თხილის პირველი შეწამვლა კვირტის დაბერვამდე ჩაატარონ, მეორე კი აუცილებლად კვირტის გაშლისას. ამ ორის შეწამვლით საშიში მავნებლის მნიშვნელოვანი რაოდენობა განადგურდება, შემდგომი ორი შეწამვლა კი ინსტრუქციების შესაბამისად ჩატარდება.

ვინც შარშან მოინდომა და შეწამლა, მიიღო კიდეც მაღალი ხარისხის მოსავალი. მთელი დასავლეთი საქართველო შემოვიარე და თხილის პლანტაციებში თითქმის ვერავინ ვნახე სასხლავად ჩამდგარი. თხილმა კარგი მოსავალი რომ მოგვცეს, სულ 7-8 ამონაყარი სჭირდება, ჩვენს პლანტაციებში კი თხილის თითო ძირზე 15-20 ტოტია გაფარჩხული. ზედმეტი ტოტები თუ არ მოვაჭერით, კარგი მოსავალი საიდან გვექნება? დამთავრდა ის დრო, როცა მხარ-თეძოზე წამოწოლილებს შეგვეძლო თხილის მოსავლის მიღება. თხილს მოვლა ზუსტად ისე სჭირდება, როგორც კახეთში კარგ ვენახსა და ქართლში - ვაშლის ბაღებს.

ეთერ ერაძე