ანანურელი ქვისმთლელები
ანანურელი ქვისმთლელები
"ხალხი მშენებლობის ძველ სტილს უბრუნდება, ბევრი არათუ აპირკეთებს კედლებს, სახლიც მხოლოდ ამ ქვით ამოჰყავს"

შორს გავარდნილა ანანურის ქვის სახელი. თუმცა ქება-დიდებას ნახვა-გასინჯვა სჯობიაო, ნათქვამია და ჩვენც სოფელ ანანურში დიმიტრი ბურდულს მივაკითხეთ.

- 5 წლის წინ დავაკმაყოფილე ლიცენზიის მოთხოვნები და დავიწყე ანანურის ქვის ხელით მოპოვება. მუშების ჯგუფები ადგილობრივი მოსახლეობისგან შევადგინე და საქმეს შევუდექით.

- სამტეხლოც გაქვთ?

- არა, ჩვენით მოვიპოვებთ. ზოგი მათ ჭრის და ხერხავს კიდეც.
კლდეში სხვადასხვა ზომის ნარღვევებია, არის
მთელი ფენები, რომლებშიც რღვევაა დაწყებული და საშიშია არა მარტო ხეობის მოსახლეობისთვის, ტურისტებისა და სტუმრებისთვის, არამედ გარემოსთვისაც. იქმნება გზების, ბილიკების დამეწყვრის საშიშროებაც. ლიცენზია მომპოვებლებს გვავალდებულებს, ხეობაზე ვიზრუნოთ და ის სხვადასხვა საფრთხისგან დავიცვათ. აი, ასეთ მერყევ ფენებს ვეძებთ, ვპოულობთ, კლდიდან ვხსნით და მთის კალთებზე დაცურებით ხევში ვაქუჩებთ,
შემდეგ კი ტრანსპორტით გაგვაქვს.

- რომელ ხეობაზეა ლაპარაკი?

- ჩვენი სოფლის სიამაყე ჯახის ხეობაზე.

- ახლომახლო ხევებში თუ მოიპოვება ქვები?

- მოიპოვება, გამძლე, მტკიცე და მრავალფეროვანი ნაკლებად. ისეთი ქვაც არის, ჩაქუჩი რომ დაარტყა, დაიმსხვრევა, ასეთ ქვებს შუშაქვებს ეძახიან.

- ძირითადად, რა ფერები ამოდის ფენებიდან?

- მწვანე, მუქი მწვანე, ღია მწვანე, მოყვითალო, ყავისფერი, მურა, წითელი, ცისფერი, მოლურჯო... დამკვეთი მოდის და გვეუბნება, რა ზომისა და რაოდენობის ქვა უნდა. ფასები მერყეობს, ქვა რაც თხელია, მით უფრო ძვირია, მსხვილი პირიქით - იაფი. თხელი ქვით აშენებული კედლები უფრო დეკორატიულია. ასეთ კედელში მეტი ფერთა მონაცვლეობაა, საცქერადაც უფრო საამოა. ისინი, ძირითადად, სკვერების, სასტუმროების, რესტორნებისა და აგარაკების მოსაპირკეთებლად მიაქვთ. ზოგს პირიქით, მამაპაპური სახლის გასამაგრებლად თუ ასაშენებლად მსხვილი, ღონიერი ქვები სჭირდება. ამაშიც ერთგვარი ხიბლია და კედლებიც მეტად მკვიდრია. მუშები სამომპოვებლო და სამშენებლო ჯგუფებად იყოფიან. შემკვეთის სურვილის შემთხვევაში, ვაშენებთ კიდეც. ამჟამად ჩვენი ქვით ქალაქ დუშეთში სკვერის კედლები ამოჰყავთ. კახეთში მარნების ასაშენებლად ჩამაქვს, ბაკურიანსა და გუდაურში მიაქვთ, კურორტებსა და აგარაკებზე. ბოლო ხანს მოთხოვნა გაიზარდა. ხალხი მშენებლობის ძველ სტილს უბრუნდება, ბევრი არათუ აპირკეთებს კედლებს, სახლიც მხოლოდ ამ ქვით ამოჰყავს. საძირკვლის ლიბოსაც ანანურის ქვით ამშვენებს. ჩვენებური ქვა წყალს ცოტას ატარებს, მოსული ნალექის დაახლოებით 90%-ს აირიდებს და უკან უბრუნებს ბუნებას.

წყლის ის მცირე რაოდენობა, რაც კედელში ხვდება, არ არის საკმარისი ქვის დასაშლელად. ასე რომ, კედლები ზამთარ-ზაფხულ მედგრად უძლებს სეზონურ შემოტევებს. ასევე შესაძლებელია ანანურის ქვის არა მხოლოდ ერთმანეთზე სიბრტყით დაწყობა, არამედ მოსაპირკეთებლად აკვრა უბრალო ქვით ან აგურით თუ ბლოკით აშენებულ კედელზე. ქვის "ფეხზე დაყენება" ბევრი სულაც არ ჯდება, კედელზე ბევრი ქვა არ მიდის. სახლი მშვენდება, ლამაზდება, ფერად ქვიშასავით ბრწყინავს, შორიდანვე იტაცებს თვალსა და გულს.

ახლო მომავალში ტექნიკის შეძენას ვფიქრობთ, ქანების გასაწმენდი ექსკავატორი გვჭირდება. ექსკავატორი დაგვეხმარება როგორც გადასაზიდად, ასევე გაწმენდით სამუშაოებში, აგრეთვე, ლიცენზიით გათვალისწინებული ხეობის კლდის ნაშალისგან გათავისუფლების საქმეში. ვფიქრობთ ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თვითმცლელის შეძენაზეც.

რაც შეეხება მოპოვებით სამუშაოებს, აქ მამაპაპურ ძალაყინსა და სამუშაო იარაღებს არაფერი შეედრება. ტრაქტორი ქვებს დაამტვრევს, ამ დროს ცოცხალი ძალაა საჭირო, დიდი სიფრთხილე უნდა ქანების სწორად მოხსნას. გარდა ამისა, ადამიანებიც საქმდებიან და ესეც მნიშვნელოვანია.

- ლიცენზიის მოპოვება ადვილია?

- სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არა. ჩემ გარდა, ჯახის ხეობაში მხოლოდ ორს აქვს ლიცენზია. კლდეები ძალიან მიუდგომელია, თუ ამ საქმეში არა ხარ ჩახედული, არაფერი გამოვა. სამუშაოების დროს ჯგუფს ვხელმძღვანელობ, თავზე ვადგავარ, რათა კლდიდან მოწყვეტის საშიშროება ნულამდე დავიყვანო, ადამიანების სიცოცხლეზე ვაგებ პასუხს. თითოეულ ნაბიჯს დიდი სიფრთხილითა და ყურადღებით ვეკიდები.
მინდა ჩემს ხალხს ისე ჰქონდეს საქმე, ყველამ ანანურის ქვით გაილამაზოს და შემოიმტკიცოს ეზო-ყურე, კერია, საცხოვრებელი და აგარაკი, მარანი თუ სასტუმრო. მომავალში ქვის საკვეთი, საჭრელი და სახერხი დანადგარების ყიდვაც მინდა, რათა უკეთესად ჩავწვდე მშობლიური ქვის ბუნებას, მის სიღრმეებს, უფრო მრავალფეროვანი სახე-სურათები შევქმნა მისგან და მკვიდრი ფორმები მივიღო.

კახა მჭედლიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები