"ექსტენციის სტრატეგია"
"ექსტენციის სტრატეგია"
"ზოგჯერ აზრს არავის ვეკითხებით, იმ შეხედულების გამო, რომ "ვინ რა უნდა მასწავლოს, ჩემი მამა-პაპა ასე აკეთებდა". არადა, პროცესები, ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება და სხვაგვარ მიდგომებს ითხოვს, ამას კი სწავლა უნდა. ისევ ცოდნის დეფიციტსა და აუცილებლობასთან მივდივართ. უნდა გავერკვიოთ, რას გვთავაზობს სახელმწიფო. თუ ის სასიკეთოდ არ გამოვიყენეთ, არაფერი გამოვა... სოფლად მცხოვრები ადამიანები თანდათან მიხვდებიან, რომ სხვისთვის კითხვის დასმაში ცუდი არაფერია"

2017 წლის 28 დეკემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სასოფლო-სამეურნეო "ექსტენციის
ორწლიანი სტრატეგია" დაამტკიცა, რომლის ძირითადი გამოწვევაა ფერმერთათვის ახალი ტექნოლოგიების გაცნობისა და ცოდნის გადაცემის გზით ქვეყნის სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლება. მეურნეობის წარმართვისას ფერმერებს ექმნებათ სხვადასხვა პრობლემა, უჩნდებათ შეკითხვები. ამ დოკუმენტის თანახმად, იქმნება საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ახალი სისტემა, რომლის ამოცანა სწორედ ფერმერების ინფორმირება და მათი დახმარებაა. ფერმერებს საკონსულტაციო
მომსახურებას შესაბამისი დარგის სპეციალისტები გაუწევენ. დოკუმენტის მომზადებაში ჩართული იყო მარიამ გელაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, "მამულ-დედულის" კონსულტანტი.

- რა უძღოდა წინ ამ დოკუმენტის შემუშავებას?

- ჩვენი დეპარტამენტის ფუნქციებში შედის საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში სამინისტროს ამჟამად არსებული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებისა და რეგიონული სამმართველოების კოორდინაცია. ეს სტრუქტურები 2013 წელს ჩამოყალიბდა და მათ ძირ­ითად ფუნქციას ფერმერებისთვის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურება წარმოადგენს. 2003-2012 წლებში სოფლის მეურნეობა ქვეყნისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას არ წარმოადგენდა. მიაჩნდათ, რომ ეს დარგი ეკონომიკის განვითარებას ხელს ვერ უწყობდა. ამან უარყოფითი გავლენა მოახდინა როგორც დარგის განვითარებაზე, ასევე ფერმერთა განათლების დონეზე. იმ დროისათვის გამგეობებში არსებ­ობდა თითო პოზიცია, სადაც მუშაობდა აგრარული განათლების მქონე ადამიანი. მას მუნიციპალიტეტის მასშტაბით უნდა გაეწია რჩევები მცენარეთა დაცვის, მეცხოველეობისა და მემცენარეობის საკითხებზე, რაც ერთი თანამშრომლისათვის, რაც უნდა კარგი აგრარიკოსი ყოფილიყო, შეუძლებელი იყო. შესაბამისად, ეს მუშაობის ხარისხზეც აისახებოდა და რეგიონებსა და სამინისტროს შორის გარკვეული ინფორმაციული ვაკუუმიც გაჩნდა.

2012 წლიდან მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულ დარგად გამოცხადდა და დღის წესრიგში დადგა საკითხი, სამინისტროს მხრიდან მეტი ყურადღება გამახვილებულიყო რეგიონებზე და ფერმერთა განათლებისა და ინფორმირებულობის ხელშეწყობაზე, რათა რეგიონში მოსახლეობა საქმის კურსში ყოფილიყო სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამების თაობაზე და სამინისტროს ჩართულობაზე ამ პროცესებში. ამიტომ, 54 მუნიციპალიტეტში (აჭარის გარდა, მათ ცალკე სისტემა აქვთ) შეიქმნა საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები, რომლებიც მხოლოდ აგრარული განათლების მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტდა. თუმცა ამ სტრუქტურების ჩამოყალიბების შემდეგ მოულოდნელ საკითხს დავეჯახეთ - იქიდან გამომდინარე, რომ ამდენი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს არ ჰქონდა სტრუქტურები რეგიონებში, ამ სამსახურებს, საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გარდა, ბევრი სხვა ფუნქციის შეთავსებამაც მოუწიათ. იმ პირობებში, როცა თითოეული სამსახურის საშტატო რაოდენობა 3-5 თანამშრომლით შემოიფარგლება, ამდენი ფუნქციის შესრულება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. სწორედ ეს გახლდათ კიდევ ერთი მიზეზი ექსტენციის სტრატეგიის დოკუმენტის შექმნისა, რომლის ერთ-ერთ მიზანს არსებული სისტემის ინსტიტუციონალური ცვლილებაც წარმოადგენს.

- ცნობილია, რომ უცხოეთში ასეთი სამსახურები წარმატებით მუშაობენ.

- დიახ, 2014 წელს ექსტენციის სისტემების გაცნობის მიზნით, აშშ-ში, ტეხასის შტატში ვიყავი მივლინებით და ისე დაემთხვა, რომ ამერიკის სოფლის მეურნეობა საინფორმაციო მომსახურების 100 წლისთავს აღნიშნავდა. იქაური ფერმერები მეუბნებოდნენ, ასეთი სამსახურების გარეშე ნაბიჯიც არ გადაგვიდგამს, ამათი რჩევებით წარვმართავთ ჩვენს საქმიანობასო.

საქართველოში სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის მიზნით დონორი ორგანიზაციები (გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციები FAO, UNDP, USAID) აქტიურად მუშაობენ. სწორედ მათ შემოგვთავაზეს დახმარება კლასიკური ექსტენციის სისტემის ჩამოყალიბებაში, რომელიც ჩვენს რეალობას იქნებოდა მორგებული. პირველი ნაბიჯი სტრატეგიის დოკუმენტი გახლდათ. მისი პროექტის შექმნაში დახმარება გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათს ორგანიზაციამ (FAO) გაგვიწია, ხოლო სამინისტრომ დოკუმენტი საბოლოო სახით ჩამოაყალიბა და განისაზღვრა, რა მიმართულებით ვიმუშავებთ მომავალში. ის 2017 წლის დეკემბერში დამტკიცდა.
2019 წლის ბოლოს იგეგმება, რომ სისტემის სამართლებრივი ფორმა იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) ან არასამეწარმეო-არაკომერციული იურიდიული პირი (ააიპ). ეს იქნება ეფექტური სამართლებრივი სტრუქტურის მქონე სისტემა, დაფუძნებული სახელმწიფო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობაზე.

- ფერმერს შეეძლება ნებისმიერ საკითხზე მიმართოს მათ? ვთქვათ, გაუფუჭდა მოსავალი, როგორ დაეხმარებიან?

- დიახ, და სპეციალისტები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ან თავად გაუწევენ კონსულტაციას, ან მისცემენ სწორ მიმართულებას, სად შეძლებენ პასუხის მიღებას. რაც შეეხება მოსავლის გაფუჭებას, სამსახური ზარალს ვერ აუნაზღაურებს, თუმცა დაეხმარება მიზეზის გარკვევაში, რამაც მოსავლის დაკარგვა გამოიწვია. საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები მუდმივ კავშირში არიან სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ სტრუქტურებთან, რომელთა კომპეტენციაში შედის ქვეყნის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პესტიციდების მონიტორინგი. თუ მოსავლის დაკარგვა დაკავშირებულია ამ საკითხთან, მათთან ერთად გაირკვევა, რა პრეპარატია, სად იყო შეძენილი, სწორედ მოხდა თუ არა გამოყენება. ხშირად ვაწყდებით შემთხვევას, რომ ხდება პრეპარატის არასწორად გამოყენება.

ქართლში ჩვენი სამსახური ასეთი ფაქტის შემსწრე გახდა: მივიდა ფერმერი, საშინლად აღშფოთებული იმით, რომ პრეპარატი უხარისხო გამოადგა. 10 ლიტრი წამალი დაასხა და მატლი ვერ "დაახრჩო". აღმოჩნდა, რომ მავნებლის წინააღმდეგ პრეპარატი არასწორ ფაზაში გამოიყენა. მატლის ფაზაში იმ პრეპარატის გამოყენება შეცდომა იყო. ეს არის სწორედ ცოდნის არქონა. სამსახურმა განუმარტა ფერმერს მისი შეცდომა და დააკვალიანა.­ იმედია, იმავე შეცდომას აღარ გაიმეორებს.­ ამიტომ არის ამ სამსახურებისთვის მიმართვა საჭირო.

გურჯაანში ერთმა ფერმერმა გვითხრა, 3 ჰექტარზე­ გარგარის ბაღი მაქვს გაშენებული და საშინელ დღეში ჩავვარდი, გამოიტანს თუ არა, კვირტი ხმებაო. ჩვენი ჯგუფის წევრებმა ტოტის ანათალის მიტანა სთხოვეს. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა დახედეს თუ არა, ლაქა აღმოაჩინეს. დასკვნა ასეთია: ფერმერმა­ ბაღი არასწორად გასხლა, რამაც ჭრილობა გააჩინა, საიდანაც მცენარეში ვირუსი შეიჭრა. ამ ფერმერს ბაღის გასხვლამდე­ სპეციალისტებთან კონსულტაცია რომ გაევლო, ამ მდგომარეობაში ხომ არ ჩავარდებოდა. 3 ჰექტარზე გაშენებული ბაღი გაუფუჭდა. მაგრამ ზოგჯერ აზრს არავის ვეკითხებით, იმ შეხედულების გამო, რომ "ვინ რა უნდა მასწავლოს, ჩემი მამა-პაპა ასე აკეთებდა". არადა, პროცესები, ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება და სხვაგვარ მიდგომებს ითხოვს, ამას კი სწავლა უნდა. ისევ ცოდნის დეფიციტსა და აუცილებლობასთან მივდივართ. უნდა გავერკვიოთ, რას გვთავაზობს სახელმწიფო. თუ ის სასიკეთოდ არ გამოვიყენეთ, არაფერი გამოვა. დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს დარგის განვითარებისკენ მიმართულ სახელმწიფო პროგრამებს. სწორედ ამაში უწევენ დახმარებას საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები ფერმერებს, რომ დეტალურად გაერკვიონ პროგრამების შინაარსში, თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ. მათაც უნდა იაქტიურონ, დაინტერესდნენ და გაითავისონ, რომ მხოლოდ სახელმწიფო ყველას ყველაფერს ვერ გაუკეთებს.

- ზოგიერთ ფერმერს სერიოზული პრობლემა აქვს ფინანსებთან დაკავშირებით.

- დიახ, პრეტენზიები ფინანსებთან დაკავშირებით არსებობს, მაგრამ გონიერი­ ფერმერი, რომელსაც ძალიან სჭირდება შეღავათიანი აგროკრედიტი, შედეგს მაინც მიაღწევს. მაგალითად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ფერმერმა 4-ჯერ შეიტანა განაცხადი იაფ კრედიტზე. 4-ჯერ დაუწუნა ბანკმა, მეხუთედ კი მისცა. ყოველ ჯერზე რა შენიშვნასაც აძლევდა ბანკი, იმ საკითხს საფუძვლიანად სწავლობდა. შეკითხვებით ჩვენთანაც მოდიოდა. ბოლომდე მიჰყვა, რადგან ზუსტად იცოდა, რომ კარტოფილის შესანახი საცავი სჭირდებოდა.

- თქვენთან მოსულმა ფერმერმა კიდევ რა მიმართულებით შეიძლება მიიღოს რჩევა?

- აგროტექნიკის შესახებ, ანუ როგორ­ გავაშენოთ ბაღი, როგორ მოვიყვანოთ ერთწლოვანი კულტურები, როგორ დავამუშაოთ ნიადაგი, რა სასუქები შევიტანოთ. ზოგჯერ ხდება, რომ მეურნე ყველა წესს იცავს, მაგრამ სათანადო ხარისხის მოსავალს ვერ იღებს. ასევეა მეცხოველეობაშიც. ვთქვათ, დილეტანტია და უნდა ფერმის შექმნა, რით დაიწყოს, - კონსულტაცია და ტრენინგი მეცხოველეობის დარგში გათვალისწინებულია. კონსულტაციების მიღება შეუძლიათ ყველა სახელმწიფო პროგრამაზე, იმაზეც კი, ვთქვათ, როგორ შეადგინონ განაცხადის ფორმა, თუ რამე შაბლონია, სად მოიძიონ ის, თუ კომპიუტერთან "ვერ მეგობრობენ". ჩვენი სამსახური მჭიდროდ არის დაკავშირებულიK კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთანაც.

- მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამას ხომ არ დაემსგავსება ესეც?

- ეს პროექტი 4 წელიწადს გრძელდებოდა. არ გვინდა იმის განსჯა, რამდენად სწორად დაიგეგმა ეს პროექტი, რამდენად მზად ვიყავით ამისთვის, სოციალური პროექტი იყო თუ ეკონომიკური. მოდი, პირდაპირ შევხედოთ საკითხს. 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო ყველაზე მცირემიწიან ფერმერთან მიდიოდა და ეხმარებოდა. მანამდე ასახელებდნენ პრობლემას, რომ ტექნიკა არ მაქვს, მიწას ვერ ვამუშავებ, მოსავალი როგორ მოვიყვანო... სახელმწიფო მივიდა და დაუმუშავა მიწა, ამასთან ერთად, მისცა ბარათი, რომელზეც სასუქის, პესტიციდის, თესლის გარკვეული რაოდენობის შესაძენად თანხა იყო გათვალისწინებული, მაგრამ ზოგიერთ ფერმერს არც სასუქი შეუძენია, არც პესტიციდი და ერთი მარცვალი თესლი არ ჩაუგდია მიწაში.

მაგალითად, იყო ასეთი შემთხვევა, ერთ-ერთმა თქვა - მოსავალი რომ მომეყვანა, სოციალურ დახმარებას მომიხსნიდნენო. რომ ვიკითხეთ, სოციალური რამდენი ჰქონდა - 270 ლარიო. ამის გამო არ გაანძრია ხელი. წარმოგიდგენიათ, 4 წლის განმავლობაში რამდენ სიკეთეს მიიღებდა 1,25 ჰექტარის მფლობელი, ცოლ-შვილს ხომ გამოკვებავდა, ოჯახს შემოსავალი გაუჩნდებოდა. ოღონდ მოუწევდა ფიზიკური შრომა, რასაც, სამწუხაროდ, ბევრი გადაჩვეულია. თუმცა ამავე პროგრამის ფარგლებში იყვნენ ფერმერები, რომლებმაც ის კარგად გამოიყენეს. რადგან ზუსტად ჰქონდათ აღქმული, რასთან ჰქონდათ საქმე. ექსტენციის სტრატეგიით გათვალისწინებულია აგრეთვე მონიტორინგის სისტემის შემოღება, - რამდენად მუშაობს და რამდენად კარგი შედეგი მოაქვს ჩვენი სამსახურის მიერ გაცემულ კონსულტაციებს, რამდენად იყენებს ფერმერი სამსახურის მიერ გაწეულ საკონსულტაციო მომსახურებას. შედეგების მიხედვით კი სოფლად მცხოვრები ადამიანები თანდათან მიხვდებიან, რომ სხვისთვის კითხვის დასმაში ცუდი არაფერია.

სხვათა შორის, მოეწყობა სადემონსტრაციო ნაკვეთებიც, სადაც ახალ ტექნოლოგიებს გამოცდიან, არა მხოლოდ პრაქტიკულ, არამედ მეცნიერულ დონეზე, რადგან ექსტენციის განვითარება სამეცნიერო კვლევების გარეშე შეუძლებელია.

ლალი ფაცია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები