იმერეთის ხევსურეთში ყველი ჭურში "ზის" - კვირის პალიტრა

იმერეთის ხევსურეთში ყველი ჭურში "ზის"

უძველესი დროიდან ქართველებმა ყველის ამოყვანის მრავალგვარი ტექნოლოგია შექმნეს, რომელთაგან ზოგიერთი დღეს დაკარგულია. ბაღდადის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში წინაპართა მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების უნიკალური ნიმუში დღემდე მოვიდა - გოჩა გელხვიიძე ღვინის ქვევრების გვერდით, მიწაში ყველის ქვევრებიც აქვს ჩაყრილი - მისი მამა-პაპა ყველს ისე ინახავდა და ეფერებოდა, როგორც ღვინოს. ასეა მთელ სოფელში, რომელ ოჯახშიც უნდა შეხვიდე, ყველის ჭურებს ყველგან შეხვდები.

- ბევრი ლამაზი სოფელია საქართველოში, მაგრამ ჩემს სოფელს ვერც ერთი ვერ შეედრება. როგორც ვიცი, მთელ იმერეთში ამაზე მაღალი სოფელი არ არსებობს, იმიტომაც ეძახიან აქაურობას იმერეთის ხევსურეთს. იმდენად მაღლა ვართ (ზღვის დონიდან 1000 მეტრამდე), რომ ალპურ ზონას ვებჯინებით. აქედან მესხეთ-ჯავახეთსა და აჭარაში მიდის გზები. ჩვენი მამა-პაპა ამ გზებით დადიოდა საქართველოს ამ კუთხეებში. სოფლიდან პირუტყვიც დაჰყავდათ ალპურ საძოვრებზე. სწორედ ალპური საძოვრებიდან ჩამოტანილ ყველს ვინახავთ ჭურებში ზამთრობით. ჩვენი ჭურის ყველი ვისაც უგემია, ალბათ, სხვა ყველის ჭამა გაუჭირდება.

- თუკი ზღვის დონიდან ასე მაღლა ხართ, ვაზი როგორღა ხარობს თქვენთან?

- ჩვენთან ისეთი უნიკალური ჯიში ხარობდა, როგორიც რკოა. მისგან საოცარი ვარდისფერი ღვინო იწურება. ბოლო წლებში გადაშენების პირას იყო, ახლა ამ ვაზის აღორძინების სურვილს ვხედავ და მახარებს. ჩვენში ცოლიკაურიც ხარობს, თუმცა მთავარი მაინც მესაქონლეობაა. სოფელში ყველას ჰყავდა თხები და მსხვილფეხა პირუტყვი. ჩვენი თხის ყველიც ძალიან გემრიელია, მაგრამ მასზე მოთხოვნის შემცირებას თხების რაოდენობის შემცირებაც მოჰყვა. რაც შეეხება ძროხის ყველს, ის მართლაც გამორჩეულია. ჩვენი საქონელი ზაფხულობით ალპურ ზონაში იკვებება და ყველიც იქ ამოჰყავთ. ეს ყველი ინახება შემდეგ ჭურში.

- მანამდე ალბათ საძოვრებზე ინახავენ მარილწყალში, ეს ყველს გემოს არ უცვლის?

- ჩვენს ყველს ალპური ბალახის გემო აქვს და ამ გემოს ვერაფერი შეუცვლის. თანაც ყველი საძოვარზე მხოლოდ 2-3 დღეს ჩერდება, მარილწყალს ემატება ყველის შრატიც, რომელიც დაწურვისას გამოეყოფა. შემდეგ ყველი სოფელში ჩამოქვთ. შინ ამ ყველს ჭურში ამოვალაგებთ, მარილწყალს პირამდე დავასხამთ და ჭურს ხის სარქვლით დავხურავთ, ჭურისთავს კი აყალოთი გადავგლისავთ. ზედ მიწაც უნდა დაიყაროს, რათა სახურავიდან ჭურმა სიგრილე შეინარჩუნოს. თუ ცხელა, ამ მიწას ცოტა წყალს მოვასხამთ ხოლმე. ჭურს კი თავად მიწის წიაღი უნარჩუნებს ტემპერატურას, რომელიც ზამთარში თბილია, ზაფხულში - გრილი.

- აყალო მიწა ახლოს გაქვთ?

- კი, აქვე, სოფელთან. აყალოცა და ყველიც ახლოს რომ გვქონდა, ამიტომ მოიფიქრა ჩვენმა წინაპარმა ყველის ჭურში შენახვა. ისე, იმერეთში ყველს თიხის დერგში ინახავენ, მაგრამ არა მიწაში ჩადებულ ჭურში.

- ალბათ ყველს ბევრი ნასვრეტი აქვს.

- რასაკვირველია... ამ ყველის გემო ბევრმა არ იცის, ამიტომაც ფასი დიდად არ განსხვავდება სხვა ყველისგან...

ეთერ ერაძე