"რკინის მწურავი" - კვირის პალიტრა

"რკინის მწურავი"

"მჭედელს ოთხი სტიქიის მბრძანებლად მოიხსენიებდნენ. მას ხელეწიფებოდა ოთხი სტიქიის შერევით მეხუთე სტიქიის, რკინის ჩამოქნა"

ვახტანგ გორგაძე გარეკახეთში, ქალაქ საგარეჯოში ცხოვრობს. სახლის სარდაფში მოწყობილ მყუდრო სამჭედლოში ჩვეულებრივ ცივ იარაღთან ერთად, მივიწყებულ საბრძოლო იარაღსაც ამზადებს. ოსტატს გადაწყვეტილი აქვს, სამჭედლო გააფართოოს და სახელოსნოს გვერდით, ვრცელ დარბაზში, მეგობარ მჭედლებთან ერთად შექმნილი ნახელავი გამოამზეუროს, რათა ყველა - ადგილობრივი თუ ტურისტი - ქართულ სამჭედლო ხელოვნებას ეზიაროს.

- სულ რამდენიმე კაცი ვაკეთებთ საქართველოში ცივ იარაღს. მჭედლობასთან ერთად, ბევრ ძველ ხელობას წაეყარა ნაცარი. მაგალითად, მეზარნიშეობას, ოქროს ჩასმას მინასა და ძვალში, მოსევადებას, მოვერცხვლას. ძველი ხალიბების უნიკალური ცოდნა ფოლადის შესახებ თითქმის გამქრალია. დღეს საქართველოში მადანი აღარ იხარშება, არც არავინ შემორჩა ძველი, რომ გირჩიოს რამე. მადნიდან "რკინის დაწურვისა" და მტკიცე ფოლადის მიღების ცოდნა დაკარგულია. ის, რისი აღდგენაც ორიოდე მჭედელმა შევძელით, ზღვაში წვეთია.

- როდის დაინტერესდი ამ საქმით?

- ბავშვობიდან გამიტაცა საბრძოლო იარაღმა. მერე აღმოვაჩინე, რომ საქართველოშიც არანაკლები ოსტატები გვყავდნენ, ვიდრე დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს. გავეცანი ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორიას და მეგობრებთან ერთად შევუდექი "ქართული ხალიბური" ფოლადის შესახებ იმ მწირი მასალების შეგროვებას, რაც სასწაულით ჯერ კიდევ არ მისცემოდა მივიწყებას. თურმე საქართველოდან ცივი იარაღით არაერთი ის ქვეყანა მარაგდებოდა, რომელიც ახლა ლიდერია ხარისხიანი ფოლადის წარმოებით.

ქართველ მეიარაღეებს დამპყრობელი ხშირად მოტყუებით, დაშინებით გაიწვევდა. ამ ყოველივემ მწვავე ხასიათი რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის დროს შეიძინა. ამას მოჰყვა იარაღის დამზადებისა და წარმოების შეზღუდვა, აიკრძალა საბრძოლო სახეობები, კრივი ბარბაროსობად მონათლეს, ჭიდაობა ტრავმულ სპორტად შერაცხეს. მოკლედ, ნელ-ნელა ჩაკლეს მეომრული, ვაჟკაცური სული, კულტურა და მას მიაყოლეს მდიდარი ცოდნა...

ხმლის ტარება აუკრძალეს მოსახლეობას, მისი მხოლოდ ჩოხასთან ერთად ტარება შეიძლებოდა. ხანჯალი კიდევ გადაურჩა იმპერიულ ინტერესებს. ხანჯლის პირს ვერ შეეხნენ და ვადა დაამოკლეს, რომ ხელში დაჭერა გაძნელებულიყო. თუ ტარზე ოთხი თითი ეტეოდა, უკვე საბრძოლოდ ითვლებოდა და მისი მატარებელი კანონით ისჯებოდა. ბედის ირონიით, სწორედ რუსეთიდან გვიწევს დღეს აქედან გატაცებული ცოდნის დაბრუნება. დღეს საქართველოში ერთადერთი ოსტატია ზაქრო ნონიკაშვილი, რომელიც რუსულ "ბულატს", სახეცვლილ ქართულ ჯავარს ხარშავს...

ძალიან მინდა, ჩემს მშობლიურ ქალაქ საგარეჯოში, ვრცელი სამჭედლო-სახელოსნო გავაკეთო. ამისთვის ყველა საჭირო ხელსაწყო-დანადგარი მაქვს, მოსაძიებელი მხოლოდ ფართობი მრჩება. იმედი მაქვს, ჩემს წამოწყებას მხარს აუბამს საზოგადოება, მეტი გულშემატკივარი გამოუჩნდება ამ საქმეს, შეგირდებიც გამოჩნდებიან.

მჭედელს ოთხი სტიქიის მბრძანებლად მოიხსენიებდნენ ოდითგან. მას ხელეწიფებოდა ოთხი სტიქიის შერევით მეხუთე სტიქიის, რკინის ჩამოქნა, ხოლო მისგან საბრძოლო იარაღის ამოყვანა. კარგი მჭედელი ხელმარჯვე ოქრომჭედელი, მხატვარი და მოქანდაკეც უნდა ყოფილიყო. მინდა, ახალგაზრდებმა მეტი შეიტყონ მამაპაპეული ცოდნისა და იარაღის შესახებ. ჩემს სახელოსნოს საექსპონატო სახე და სანახაობრივი დატვირთვაც ექნება, სადაც ნამუშევრები გამოიფინება. თუმცა, მუზეუმისგან განსხვავებით, შესაძლებელი იქნება მათი ხელში აღება, გასინჯვა, გამოცდაც კი, რათა უკეთ შეიგრძნონ და გაიგონ, რასთან აქვთ საქმე.

დავიწყებული ცივი იარაღებიდან ეკალბურთსა და გურზს გამოვყოფდი.

გურზი ეკლიანი ჯოხია, მოკლე ხელკეტი, ეკალბურთი კი ჯაჭვით მოსაქნევ ხორკლიან ბურთს ერქვა. ბრძოლაში ჩვენი წინაპრები მოკლე დარკინულ მათრახებსაც ოსტატურად იყენებდნენ. "ვეფხისტყაოსანში" აღწერილია სცენა, სადაც სწორედ ამ მათრახით ხოცავს ტარიელი როსტევან მეფის მიერ მის შესაპყრობად გამოგზავნილ მეომრებს.

მეომარს თუ დასჭირდებოდა, მის ხელში ყველაფერი იარაღად იქცეოდა, თუმცა ეს უკვე სხვა საბრძოლო ხელოვნებაა. "მართალი კაცის ხელში ბუმბულიც ორლესულივით ჭრისო", - ამბობდნენ ჩვენი წინაპრები. კიდევ იყო ნაირგვარი ფარ-შუბი.

ერთ-ერთ შუბს შმაგი ერქვა, იხმარებოდა შურდულები, სასროლი დანები-ბოლოფუნჯები. ბევრის თქმა შეიძლება ქართულ ფარზე, განსაკუთრებით - ხევსურულ ფარზე. საცერულს ეძახდნენ ცერზე გასაკეთებელ თავდაცვით საშუალებებს. იყო სასერი, დოლაბი, ეკლიანი სათითე, რომლებითაც სახიფათო და უნიკალური ილეთები სრულდებოდა.

არც ისე დიდი ხნის წინ საქართველოში სტუმრად მყოფ იაპონელებს ხევსურული ფარიკაობა აჩვენეს. წარმოდგენის შემდეგ განცვიფრებულებს უთქვამთ, ქართველებმა არ იციან ამის ფასი, თორემ არ გვაჩვენებდნენო... იაპონიაში, როგორც თვითოOნ თქვეს, იმავეს მოთხოვნისას ცივი და მკაცრი უარით გამოგვისტუმრებდნენ უკან, ჩვენ კი უფლება მივეცით, ქართული კეჭნაობა თავიდან ბოლომდე კამერით გადაეღოთ. აი, ასეთი სტუმართმოყვარეები ვართ.

- ორი სიტყვა კეჭნაობაზეც გვითხარი...

- კეჭნაობის მიზანი მოწინააღმდეგისთვის სისხლის გამოდენაა მხოლოდ, იმის იქით წასვლა არ შეიძლება. ლაპარაკია მხოლოდ კანის გაჭრაზე, მსუბუქ, "მეგობრულ" ჭრილობაზე - ეს კი, თავის მხრივ, ჩვენ მიერ ფარ-ხმლის ფლობის ხელოვნებაზე მიუთითებდა.

თუ კეჭნაობისას ჭრილობა ღრმა აღმოჩნდებოდა, მოკეჭნავეს ჯარიმა ეკისრებოდა. ერთ-ერთი ასეთი ჯარიმის მიხედვით, ჭრილობაში რამდენი ხორბლის მარცვალიც ჩაეტეოდა, იმდენი სული ძროხა უნდა მიეცა დამზიანებელს დაზარალებულისთვის. თუ ჭრილობის სიღრმე ნაკლები იყო, მაშინ ცხვრით იხდიდა. ხმლის წელს ქვემოთ დარტყმა სირცხვილად ითვლებოდა და აკრძალული იყო, რადგან ამ შემთხვევაში დაჭრილ ვაჟკაცს მოუწევდა ექიმის წინაშე შარვლის გახდა, ან ჩოხის კალთისა თუ ტყავკაბის აწევა, მკურნალი კი ხშირად ქალი იყო.

დღეს მეომარ ქართველ კაცს სამუშაო იარაღიღა შეატოვეს მიწასთან სასაუბრო ენად, კიდევ ერთხელ მოსწყვიტეს მიწას და "მიწის დაწურვის" უნიკალურ ცოდნას, რაც საბრძოლო იარაღის დამზადებითა და გამოყენებით გამოიხატებოდა. ამის მაგალითია ნადირობა, რომელიც დროთა განმავლობაში ფრინველ-ცხოველის ჟლეტასთან გაიგივდა, ძველად კი ნადირობა მეომრის აღზრდის ერთ-ერთი საფეხური იყო.

კახა მჭედლიშვილი