"ბრაკონიერებს გალიაში ჰყავდათ გამოკეტილი და ურტყამდნენ" - კვირის პალიტრა

"ბრაკონიერებს გალიაში ჰყავდათ გამოკეტილი და ურტყამდნენ"

"გალიაში ჰყავდათ გამოკეტილი, არ აჭმევდნენ, არ ასმევდნენ და ზოგჯერ ურტყამდნენ კიდეც. ვიყიდე და გადავარჩინე. მას მერე ჩემთანაა, ჩემი ოჯახის წევრია"

გასულ კვირას ქუჩაში მოვკარი თვალი - იდგა, მხარზე ქორი ეჯდა, გარშემო ხალხი ეხვია და მათ შეკითხვებს პასუხობდა. გამოველაპარაკე. ბაზიერი ვარ, ეს ჩემი ქორია, ჩემი ოჯახის წევრიაო. ქუჩაში მოულოდნელად გაცნობილი ბაზიერი 21 წლის მალხაზ ხუციშვილი აღმოჩნდა, რომელიც მარნეულში ბებიასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ძმასთან ერთად ცხოვრობს.

- მიყვარს ფრინველები, ცხოველები, მაგრამ უფრო - მტაცებელი ფრინველები: მიმინო, ქორი, შევარდენი. ბაზიერი მემკვიდრეობით ვარ. როგორც მეუბნებიან, ჩვენთან ამ საქმეს 13 თაობა მისდევდა - ბაზიერები იყვნენ დედას მხრიდან ფაღავა-დადიანები (ბებია ფაღავა-დადიანი მყავს) და მეც 13 წელია, ამ საქმეს მივდევ. ბავშვობაში დიდი ბაბუა მასწავლიდა. მერე ბაბუა გარდაიცვალა და რაც მან ვერ მოასწრო, თვითონ ვისწავლე.

- შენს ქორზე გვითხარი რამე...

- დედალია, ჯერ კიდევ ბარტყი. ბრაკონიერებს გალიაში ჰყავდათ გამოკეტილი, არ აჭმევდნენ, არ ასმევდნენ და ზოგჯერ ურტყამდნენ კიდეც. ვიყიდე და გადავარჩინე. მას მერე ჩემთანაა, ჩემი ოჯახის წევრია.

- ეს მტაცებელი ფრინველი შინ თავისუფლად დადის და არავის ერჩის?

- მისი გალიაში ჩასმა არ შეიძლება, შეიძლება ბუმბული დაუზიანდეს, შეშინდეს და გულიც გაუსკდეს. სახლში მისთვის საგანგებოდ ხის მორი მაქვს, რომელზეც გრძელი თოკით არის მიბმული. დღეში ერთხელ ან ორჯერ გავუშვებ და კვლავ უკან მოფრინავს. მგონია და მჯერა, რომ მას ჩემი უსიტყვოდ ესმის. მტაცებელია, მაგრამ ადამიანს არ ერჩის - როგორც ექცევიან, ცდილობს, ასევე მოექცეს თვითონაც. ჩვენ შორის ურთიერთნდობაა. ბაზიერობა ჩემი ცხოვრების სტილია. ეს არის ფრინველის სიყვარული, ტრადიციების აღორძინება, წინაპრების საქმის არდავიწყება და ბევრი რამ... ამაზე დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო.

- მოკლედ, ძალიან გიყვარს შენი საქმე...

- კი. ეს იქიდან მოდის, რომ ფრინველები განსაკუთრებულად მიყვარს.

- აცრა არ სჭირდება ქორს?

- ჩვენთან მტაცებელი ფრინველი არ იცრება. საქართველო ჯერ იმ დონეზე არ არის, რომ ასეთი აცრები ტარდებოდეს.

- კიდევ რა საქმე გიტაცებს?

- მეტი არც არაფერი. მინდა, საქართველოში ფრინველებისთვის სამკურნალო ცენტრი გაიხსნას, სადაც დაჭრილი და მომაკვდავი ფრინველების მიყვანა იქნება შესაძლებელი. ძალიან მინდა, გვქონდეს ფრინველების დაცვის ცენტრი, რომ მათი თუნდაც აცრა და და მოვლა შეიძლებოდეს.

- მტაცებელი ფრინველების მოყვარულებს რას ეტყვი?

- ქორთან, მიმინოსთან, შევარდენთან ურთიერთობა განსაკუთრებულია, ადრენალინივით არის. ფრინველთან ერთად რომ ხარ, სულ კარგ ხასიათზე გაყენებს, რა ცუდიც უნდა ხდებოდეს, ყურადღებას არ მიაქცევ, არ გაღიზიანდები. ფრინველი ცდილობს, დაგაწყნაროს და თვითონაც მშვიდად იყოს.

რაც შეეხება რჩევას, ერთს ვიტყვი: ადამიანს მტაცებელი ფრინველის ისეთივე სიყვარული შეუძლია, როგორიც - ძაღლის ან კატის. ამიტომ ყველას ვთხოვ, ფრინველებს ნუ ესვრიან. მათზე იზრუნონ. თანაც საქართველოში უამრავი იშვიათი ჯიშის ფრინველია და უკვე თითქმის ყველა სახეობა გადაშენების პირას არის. ამაზე ღირს დაფიქრება.

ქორი და ბაზიერი

ქორი ბინადრობს ევროპის, ჩრდილოეთ და ცენტრალური აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტყეთა ზონაში. საქართველოში ქორი თითქმის ყველგან გვხვდება, ზღვის დონიდან 2500 მეტრამდე. ბინადრობს ტყეში, თუმცა სარჩოს მოსაპოვებლად ღია ადგილებშიც დანავარდობს. ბუდეს მაღალ ხეზე იკეთებს. მარტის ბოლოს 3-4 კვერცხს დებს. კრუხობა 35 დღემდე გრძელდება. კრუხად ჯდება და ბარტყების აღზრდაში ორივე მშობელი მონაწილეობს. იკვებება ფრინველებით, რომელთაც ჰაერში ფრენისას აიძულებს, დასხდნენ ხეზე, სახურავზე, მიწაზე და შემდეგ მათ ბრჭყალებით იჭერს.

ბაზიერი ქორ-შევარდენთა სანადიროდ დამგეშავი მწვრთნელი და მეთვალყურე იყო ფეოდალურ საქართველოში. ევალებოდა აგრეთვე შევარდნის ბუდის დაცვა და საშევარდნო გადასახადის აკრეფის თვალყურის დევნება. ვახტანგ მეფის დასტურლამალის მიხედვით, იყვნენ ქორის, შევარდნისა და გავაზის ბაზიერები. სამეფო კარის ბაზიერი სანადირო უწყებას ეკუთვნოდა და ბაზიერთუხუცესს ემორჩილებოდა.

ლალი ფაცია