ბოსლეველი მეკრამიტე
ბოსლეველი მეკრამიტე
"ჩვენი თიხა ძალიან რბილია. როგორც ბავშვებს პლასტილინით ძერწვა უხარიათ, მეც ისე მიხარია, ხელში რომ ავიღებ. ვისაც დღეს ჩვენი კრამიტი მიაქვს, ყველა ამბობს, სახლის გადახურვისთვის ამაზე უკეთესი არაფერიაო"

15 წლის ლაშა მახათაძე შესაძლოა ერთადერთი ახალგაზრდაა, რომელიც სახლის გადასახურავ ქართულ კრამიტს საკუთარი ხელით ამზადებს, - ამ უნიკალურ მამაპაპურ საქმეს, რომელიც ბოლო დროს ხელოვნურმა სახურავებმა შეცვალა, ანალოგი არა აქვს. მეტიც, ლაშას წარმატებით ფრთაშესხმული მისი მეგობრები სოფელში დღეს ლაშასგან სწავლობენ ქართული კრამიტის ჩამოსხმას.

ყველაფერი
იქიდან დაიწყო, საიდანაც­ ლაშას მამა-პაპა მოდიოდა - ზესტაფონის სოფელ ბოსლევიდან. აქ ყოველი გოჯი მიწა საკრამიტე თიხას შეიცავს. ლაშას დაბ­ადების დროიდან ეს საქმე ნელ-ნელა კვდებოდა. თუმცა ლაშას ბაბუას, ძველ მეკრამიტეს, დროსთან შეგუება არაფრით არ უნდოდა, ამიტომ კრამიტის ჩამოსხმას ჯიუტად განაგრძობდა, იშვიათ მსურველს ჩალის ფასად აძლევდა. მას
ლაშას მამაც ეხმარებოდა. ეს უძველესი ხელობა ლაშამ პატარაობიდანვე შეისწავლა.

- კარგად მახსოვს, ბაბუას შრომას ვაკვირდებოდი, ხანდახან შევეშველებოდი ხოლმე. 8 წლის ვიყავი, როცა ბაბუა ავად გახდა, ეს საქმე მიატოვა და ძალიან დარდობდა. მახსოვს, საავადმყოფოში მივედი და შევპირდი, შენს საქმეს აუცილებლად გავაგრძელებ, კრამიტს მეც გავაკეთებ-მეთქი. მერე კრამიტის ჩამოსხმა მამაჩემმა განაგრძო და მას ვეხმარებოდი. უკვე ერთი წელია, რაც ნამდვილი კრამიტი ჩამოვასხი.

მამაჩემი ჭიათურაში დადის სამუშ­აოდ, ღამის ცვლაში, 24 საათს მუშაობს და მეორე დღეს ისვენებს. როცა მამა არ არის, მაშინ მე ვასხამ კრამიტს. დღეში უკვე 200-მდე კრამიტს ვასხამ, მამაჩემი კი 250-მდე ადის. ოდესმე მეც დავეწევი.

- ალბათ, ყველას უკვირს, რომ 15 წლის ბიჭს ამდენი შეგიძლია.

- ჩვენი თიხა ძალიან რბილია; როგორც ბავშვებს პლასტილინით ძერწვა უხარიათ, მეც ისე მიხარია, ხელში რომ ავიღებ. სანამ თიხა რბილია, მისგან ყველაფერს გააკეთებ, მაგრამ ყველაზე ნაღდი მისგან კრამიტი გამოდის. მე სახლის გადახურვის არაფერი მესმის, მაგრამ ვისაც დღეს ჩვენი კრამიტი მიაქვს, ყველა ამბობს, სახლის გადახურვისთვის ამაზე უკეთესი არაფერიაო.

- კრამიტით გადახურული სახლი ზაფხულში გრილია და ზამთარში - თბილი.

- თანაც, თუ რომელიმე გატყდა, მთელ სახურავს კი არა, მხოლოდ იმ ერთს გამოცვლი.

- ამდენი საკრამიტე თიხის მოტანა, გამოშრობა და გამოწვა არ იქნება ადვილი.

- მე კრამიტს ვაკეთებ, ვზელ და ვაყალიბებ, დანარჩენს მამა და ჩემი ძმა აკეთებენ - კრამიტის გამოსაწვავ ქურას მამაჩემი აამუშავებს დილის 4 საათზე და უკვე საღამოს 6 საათისთვის კრამიტი გამომწვარია. დანარჩენში ჩემი ძმა მეხმარება. ქურასაც ის წმენდს და თიხასაც ის მოიპოვებს, დაყრის ურემზე და სოფელში მოაქვს. ხანდახან მეც შევეშველები ხოლმე. ჩემი საქმე კრამიტის ჩამოსხმაა. მიწიდან ახალამოღებულ სველ თიხას დღე-ღამის განმავლობაში ვაცლი გამოშრობას და მერე ჩამოსხმას ვიწყებ.

- თიხა შორიდან მოგაქვთ?

- თიხა ყველგან არის ჩვენს სოფელში, სადაც კი ბარს დაჰკრავ. მიწის ზედაპირიდან 20 სანტიმეტრ სიღრმეზეა, მაგრამ სოფელში ხალხს ყანა აქვს და ვინმეს ყანას ხომ არ გავთხრით, ამიტომ მოშორებული გორებიდან მოგვაქვს.

- სანამ ეკოლოგიურ კრამიტზე მოთხოვნა გაიზრდება, კლიენტი, ალბათ, ცოტა გეყოლება, შესაბამისად, გასამრჯელოც ცოტა გექნება. ამდენი შრომის ფასად რომ ნაკლებს იღებ, ეს მოგწონს?

- ჩემი ტოლი ბიჭები საერთოდ ვერ იღებენ ვერაფერს და ვერც აკეთებენ, მე კი ბევრი საქმე მაქვს. პირველი ფული კრამიტის გაყიდვაში, 10 წლის რომ ვიყავი, მაშინ ავიღე. დედას მივეცი, რომ სახლისთვის რამე ეყიდა. ახლა ცოტას ვიტოვებ და დანარჩენს ოჯახს ვაძლევ. მახსოვს, ბაბუაჩემს კრამიტი თავად ჩაჰქონდა ურმით ზესტაფონში გასაყიდად, ახლა კი მყიდველები აქეთ ამოდიან... ეს ძალიან მიხარია, - რაც უნდა ბევრი კლიენტი გამოგვიჩნდეს, არავის არ გავუშვებთ უკრამიტოდ. ახლა ჩემს მეგობრებს ვასწავლი ჩამოსხმას. ასე რომ, ბევრი ოსტატი ვიქნებით.

ეთერ ერაძე
qaruma
09 მარტი 2018 09:46
ღმერთმა დაგლოცოს და გული არ გაგიცივოს!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები