ოქროწკეპლით "გალახული"... - კვირის პალიტრა

ოქროწკეპლით "გალახული"...

საქართველოში გავრცელებული სარეველა მცენარეები

სარეველა მცენარეებს დიდი ზიანი მოაქვს ნებისმიერი ქვეყნის სოფლის მეურნეობისთვის და ფერმერებს პრობლემებსაც უქმნის. საქართველოში სარეველების ათასამდე სახეობაა აღრიცხული. მათთან ბრძოლა რთულია, რადგან სარეველა კარგად ეგუება გარემოს, სწრაფად ვითარდება და მრავლდება. საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულ სარეველებზე სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი გაბრიელ გოგოლაძე გვიამბობს.

იაპონური გრაკლა

მცენარე ძალიან ლამაზია. ამის გამო ის სოხუმის ბოტანიკურ ბაღში შემოიტანეს, შემდეგ კი, როგორც სარეველა, ისე გავრცელდა. გრაკლა მრავალწლიანი ბუჩქოვანი მცენარეა. ისევე როგორც სხვა მავნე მცენარეებს, ნიადაგიდან დიდი რაოდენობით საკვები ელემენტები გამოაქვს, რის გამოც ნიადაგს აღარიბებს. იაპონურ გრაკლასთან ბრძოლა მეტად ძნელია. ეს მცენარე დაახლოებით 30 წელია, რაც ჩვენში შემოვიდა და დასავლეთ საქართველოში სწრაფად გავრცელდა. გრაკლას ძალიან დიდი ზიანი მოაქვს სხვა მცენარეებისთვის.

მამულა

ფესურებიანი მრავალწლიანი სარეველაა. დასავლეთ საქართველოში მას აბზინდასაც ეძახიან. ამ მცენარეს რაც მეტს დაბარავ და გათოხნი, ხელახლა ორმაგად და ათმაგად ამოიყრის. სადაც მამულა გავრცელდება, ნიადაგი მთლიანად გამოფიტულია. ამ სარეველასთან ბრძოლა განსაკუთრებით ძნელია, ამიტომ მის წინააღმდეგ ქიმიური პრეპარატები ან მულჩირების მეთოდი გამოიყენება. მამულა ყველაზე მეტად ერთწლიან მცენარეებს აზიანებს. საყურადღებოა, რომ ამ მცენარეში მოთავსებული მატლი საუკეთესო სატყუარაა მეთევზეებისთვის.

ოქროწკეპლა

ძირითადად, ხარობს სამეგრელოს რეგიონსა და აფხაზეთში. ისიც ბუჩქოვანი სარეველაა და ნიადაგს უკიდურესად ფიტავს და აღარიბებს. ამიტომ ოქროწკეპლა სხვა სასარგებლო მცენარეებს აზიანებს. ოქროწკეპლასთან ბრძოლა რთულია. უარყოფითი თვისებების მიუხედავად, მცენარე ძალიან ლამაზია და ერთი დადებითი თვისებაც აქვს: მის ყვავილს ფუტკარი ეტანება და გემრიელ თაფლს ამზადებს. ხალხურ მედიცინაში ოქროწკეპლას ფართოდ იყენებდნენ ნაღვლის ბუშტის, სიყვითლის, ტუბერკულოზის სამკურნალოდ. ის საქართველოში შემოიტანეს, როგორც სასარგებლო მცენარე, მაგრამ მავნებელი აღმოჩნდა.

ხვართქლა

ამ სარეველას ქართლში დედოფლის კაბასაც უწოდებენ, სხვა კუთხეებში - ხვიარას. ხვართქლა მრავალწლიანი ხვიარაღეროიანი სარეველაა. მას მომრგვალო ფოთლები და თეთრი ყვავილები აქვს. როგორც წესი, ზაფხულში ყვავილობს და უკიდურესად ფიტავს ნიადაგს. ხვართქლა საქართველოში თითქმის ყველგან არის გავრცელებული და მავნე მცენარეებს შორის "საპატიო" ადგილი უჭირავს.

მაყვალი

შესაძლოა, ზოგიერთს გაუკვირდეს, მაგრამ მაყვალიც მავნე მცენარეების რიცხვში შედის. მას გემრიელი ნაყოფი აქვს, მაგრამ სხვა მცენარეებისთვის სარეველაა. ეს მცენარე ნიადაგს ფიტავს და აზიანებს. მისი კერა თუ არ მოვსპეთ, იმავე ადგილას სხვა მცენარეულ კულტურებს ვერ გავახარებთ. მაყვლის ამოძირკვა ძნელია. მართალია, მას ბევრი დადებითი თვისება აქვს, მაგრამ ჩვენს პირობებში ის მაინც მავნე მცენარედ უნდა მივიჩნიოთ.

თეთრი ნარი

მასობრივად გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოში. ის, ძირითადად, მარცვლეულ კულტურებს აზიანებს. ამ მცენარის ფესვი 2-3 მეტრამდე და უფრო ღრმადაც ეშვება ნიადაგში. მისი ღერო მაღალია, ზედა ნაწილი - დატოტვილი. თეთრი ნარის თესლი ქარს შორს მიაქვს და ავრცელებს. ეს მცენარე საქართველოში ყველგან გვხვდება, მაგრამ განსაკუთრებით გავრცელებულია იმ ადგილებში, სადაც მარცვლეული კულტურები მოჰყავთ. თეთრი ნარი ნიადაგის დამუშავებასაც აძნელებს და მოსავლის აღებასაც.

სპეციალისტი გვირჩევს

როგორ ვებრძოლოთ მავნე მცენარეებს

გაბრიელ გოგოლაძე: - სარეველებთან ბრძოლა ტრადიციული მეთოდებით უნდა დავიწყოთ: გათოხნა, გათიბვა, გადაბარვა, კულტივაცია, მულჩირება და სხვ. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ყველა სარეველას ვერ სპობს. გვიმრას, ოქროწკეპლას, მაყვალსა და ზოგიერთ მავნე მცენარეს მხოლოდ ქიმიური პრეპარატებით თუ მოვერევით. დღეს ყველაზე მეტად გამოიყენება გლიფოსტატის ბაზაზე დამზადებული ჰერბიციდები: "რაუნდაპი", "ურაგანი", "კლინი", "ნოკდაუნი" და სხვ. ამ პრეპარატებით სარეველა ვეგეტაციის პერიოდში უნდა შევწამლოთ. შესხურება საჭიროა დილის საათებში და საღამოს, ოღონდ უნდა ვეცადოთ, რომ ქიმიური ხსნარის წვეთები კულტურულ მცენარეს არ მოხვდეს. დოზა არის 1-1,5%-იანი წყალხსნარი. სამწუხაროდ, სარეველების საწინააღმდეგო ბიოლოგიური პრეპარატები არ არსებობს, ამიტომ მათ ამოსაძირკვად ისევ ქიმიური საშუალებები უნდა გამოვიყენოთ.