ქალი კამელიებით - კვირის პალიტრა

ქალი კამელიებით

"ყვავილობს ზამთარშიც - ადრე ნოემბრიდან იწყებს და მაისის ჩათვლით განაგრძობს... მოკლედ, კამელიის 80-მდე ჯიში მაქვს შესწავლილი და დამუშავებული"

93 წლის ნუნუ ჯინჭარაძე აგრონომია, სუბტროპიკოსი. წლების განმავლობაში ბათუმის ბოტანიკური ბაღის სელექციის განყოფილებაში მეცნიერ მუშაკად მუშაობდა, მოგვიანებით კი კამელიით დაინტერესდა და ამ მცენარის შესწავლას თუ სელექციას 35 წელიწადი შეალია.

ნუნუ ჯინჭარაძე: - მაშინ კამელიაზე მასალა თითქმის არ არსებობდა. ჯიშები იყო, მაგრამ სახელები არ ჰქონდათ დადგენილი. ამიტომ ბაღის დირექტორთან ერთად გადავწყვიტეთ, კამელია ყოფილიყო ჩემი სამუშაო თემა. მუშაობაში, უცხოური ლიტერატურის გამოწერაში, საუკეთესო ბიბლიოთეკარი, ვერონიკა ველგეიმი მეხმარებოდა. შედეგად, ამ მცენარით ნელ-ნელა დაინტერესდნენ, ფასიც ჰქონდა და მოთხოვნაც იყო. ყოფილ საბჭოთა სივრცეში (მოსკოვი, ალმა-ათა, ტაშკენტი) არსებული ბოტანიკური ბაღები ყიდულობდნენ და მათთვისაც ვამრავლებდი.

- კამელიის რამდენი დასახელება არსებობს?

- არც ერთს არ ჰქონდა სახელი და ამ ყველაფრის დადგენას ბევრი წელიწადი დასჭირდა. მოკლედ, კამელიის 80-მდე ჯიში მაქვს შესწავლილი და დამუშავებული.

- ალბათ, ძალიან შეგაყვარათ თავი.

- რა თქმა უნდა. აგერ, აივანზე ჩემი გამოყვანილი ჰიბრიდი ახლაც მაქვს, ყოველდღე რომ არ მოვეფერო, არ შემიძლია. ბოტანიკურ ბაღში ვეღარ დავდივარ, რადგან პენსიაზე ვარ.

დიდი მონდომებით ვიყავი ჩართული კამელიების შეჯვარების, ახალი ჯიშების გამოყვანის საქმეში. მათგან მივიღე პირველი და მეორე თაობა, რომელთაგან საინტერესო ფორმები გამოვარჩიე. კამელიის აღწერა მისი ზომიდან, ფერიდან და ფორმიდან იწყება. ყვავილები სხვადასხვა ფორმის აქვს.

კამელიის სამშობლოდ იაპონია, ჩინეთი და კორეა ითვლება, სადაც ველურად იზრდება. შავი ზღვის სანაპიროზე XIX საუკუნის მეორე ნახევარში, 60-70-იან წლებში შემოვიდა.

- როგორია მისი მოვლის წესები?

- კამელიის ყვავილობა კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული. ყვავილობას ადრე ნოემბრიდან იწყებს და მაისის ჩათვლით განაგრძობს. არის ადრე მოყვავილე, საშუალო პერიოდის მოყვავილე და გვიან მოყვავილე. ვისაც როგორ ურჩევნია, იმის მიხედვით გააკეთებს არჩევანს. შავიზღვისპირეთში ჩვეულებრივად ხარობს, მოსწონს მჟავე ნიადაგი. გამოვცადე ზესტაფონშიც, ნეიტრალურ ნიადაგზე, და კარგად გაიხარა. ზომიერი ტენი უნდა, კარგად იტანს კრეჭას და ნახევრად განათებული ადგილები უყვარს. მაგალითად, კახეთშიც კარგად გაუხარია, თბილისშიც ხარობს. კარგი იმით არის, რომ მარადმწვანე მცენარეა, პრიალა ფოთლები აქვს და ყვავილობს ზამთარში - იმ დროს, როცა ბევრ მცენარეს ყვავილობა შეწყვეტილი აქვს. ულამაზესი ყვავილის გამო ვარდის კონკურენტსაც უწოდებენ. მისი გამოყენებით მშვენიერ დეკორაციებსაც ქმნიან. კარგია გრუნტშიც, გრუნტის ორანჟერეისთვის, ოთახის პირობებშიც... ჩემი აზრით, უკეთესი კულტურა სუბტროპიკებისთვის არ არსებობს. მას `ცივ საოცრებასაც" უწოდებენ.

ოღონდ ეს არის, ძალიან ნელა იზრდება. არსებობს სხვადასხვა შეფერილობისა და მოყვავილე. მოკლედ, კამელიები ჩემი ცხოვრების აზრი, ბაღის სიამაყე, საფირმო ნიშანიც კი გახდა.

ლალი ფაცია