"ქართველმა ბავშვებმა ამერიკულ პროექტში მაჭიკის დვრიტით გაიმარჯვეს" - კვირის პალიტრა

"ქართველმა ბავშვებმა ამერიკულ პროექტში მაჭიკის დვრიტით გაიმარჯვეს"

"ეს არის სამართლიანი და ჯანსაღი ბიზნესი!"

არცთუ შორეულ წარსულში ბევრ ოჯახში ბავშვობიდან სწავლობდნენ საქმის კეთებას, შემდეგ კი ქვეყნისთვის გამოსადეგ ადამიანებად იზრდებოდნენ. დღეს ეს ტენდენცია შესუსტდა, თუმცა... იმ სამეწარმეო კონკურსში, რომელსაც ამერიკაში დელავერის შტატი აწყობს და 50 ქვეყანა მონაწილეობს, სწორედ ქართველმა ბავშვებმა გაიმარჯვეს.

როგორ დავამზადოთ ყველისთვის ბუნებრივი კვეთი? - ოთხ მეცხრეკლასელს (სანდრო პაპაშვილი, ელენე შარაბიძე, საბა გურესაშვილი, მათე სვანიძე), რომლებიც დედაქალაქში დაიბადნენ და გაიზარდნენ, უძველესი ქართული საქმის კეთების ნიჭი აღმოაჩნდა. ასე რომ, როცა მასწავლებელმა იკითხა, ვინ მიიღებს დვრიტის დამზადებაში მონაწილეობასო, ოთხივემ ერთდროულად ასწია ხელი, მერე კი ისე იშრომეს, პროექტი საუკეთესო აღმოჩნდა და მალე დაფინანსდება კიდეც.

მადონა ლიპარტელიანი, წმინდა ექვთიმესა და გიორგის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი: - უნდა ვაღიაროთ, რომ ქართველები იმ საუკუნოვანი ცოდნის დაკარგვის ზღვარზე ვდგავართ, რომელიც წინაპრებმა დაგვიტოვეს. სწორედ ამიტომ, როგორც კი თვალს მოვკრავ რაიმე პროექტს, მაშინვე ვიწყებ ფიქრს. ასე აღმოვაჩინე დელავერის შტატის პროექტი "ბრილიანტის გამოწვევა", რომელიც მონაწილეებს ლამის კონსტრუქციებით ასწავლის, თუ როგორ უნდა ააწყონ საწარმო და ბიზნესი.

ქართველებმა ყველის ამოსაყვანი დვრიტის დამზადება დიდი ხანია მივივიწყეთ. მას პირუტყვის კუჭის მაჭიკისგან ვამზადებდით და ჯანმრთელ მომავალსაც ვზრდიდით. მივივიწყეთ იმიტომ, რომ გვეზარება საქმე - მაჭიკის გარეცხვა, მერე გახმობა, დაჭრა და ბოლოს დვრიტის დამზადება. პეფსინით ყველის ამოყვანა ხომ უფრო იოლია - ჩაასხამ ერთ-ორ კოვზს რძეში და ყველიც მზად არის! ყველის პეფსინით ამოყვანა დღეს ჩემს სვანეთშიც კი დაიწყეს. ჩემმა ქალიშვილმა ერთ დღეს სვანეთიდან ჩამოტანილი ყველი გასინჯა და ალერგია დაეწყო. არადა, სვანეთში ყველი ოდითგანვე მაჭიკით ამოჰყავდათ. მაჭიკთან ერთად ძვალსაც აგდებდნენ, რადგან მასში კალცი შედიოდა და რძის უკეთ აჭრას უწყობდა ხელს...

როცა ამერიკულ პროექტში მონაწილეობა გადავწყვიტე, ბავშვებს ვკითხე, აბა, ვინ მიიღებს მაჭიკით ყველის ამოყვანის პროექტში მონაწილეობას-მეთქი. აი, ამ ოთხმა ერთდროულად ასწია ხელი.

სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ჩემი მოსწავლეებისთვის ცოდნა მხოლოდ პარაგრაფების სწავლა კი არა, დამატებითი ცოდნის მოძიებაა. ამ ბავშვებმა არაჩვეულებრივად იციან ინგლისური ენაც და ამ თემაზე იმდენი ინფორმაცია მოიძიეს, თავადაც გამიკვირდა. ისიც აღმოაჩინეს, რომ ბუნებრივ კვეთს მსოფლიოს არც ერთ ყველის საწარმოში არ იყენებენ - ყველი ყველგან პეფსინით ამოჰყავთ, ის პეფსინი კი გენმოდიფიცირებულია, მათ შორის, ჩვენთან შემოსულიც. სქემა ასეთია: პეფსინში ჩანერგილია ის გენი, რომელიც ახდენს ცილის სინთეზირებას, შესაბამისად, რძე დედდება და ყველის ამოსაყვანად მზადდება. არადა, ზუსტად ასე შლის რძის ცილას მაჭიკიც, მაგრამ კუჭის ბუნებრივი ფერმენტებით. ჩვენი მიღწევით იქნებ საქართველოში დავუბრუნდეთ ყველის ბუნებრივი კვეთით ამოყვანას, რაც მეუფე იოანე გამრეკელის და პროექტის პარტნიორის, პავლე თვალიაშვილის დამსახურებაც იქნება, რომლებიც სულ გვეხმარებოდნენ.

- თავად მინახავს რეკლამა, რომ საუკეთესო შვეიცარიული ყველი მაჭიკის კვეთით ამოჰყავთ.

- მზადდება, ოღონდ მაჭიკის ქიმიური და არა ბუნებრივი დამუშავებით. ჩვენში დვრიტის გამოსაყვანად მაჭიკს ბუნებრივ წყალხსნარში აგდებდნენ, შვეიცარიელები კი ყველს ქიმიურად დამუშავებული მაჭიკით ამზადებენ, ხომ არის განსხვავება?!

ასე ამოყვანილი ყველი ბევრად ჯანსაღი და ძვირია, ვიდრე გენმოდიფიცირებული პეფსინით დამზადებული. ამაში პროექტის მომზადებისას დარწმუნდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც, რომელთაც ორივე ყველი გავასინჯეთ. ბავშვებმა მაშინვე იცნეს, რომელი იყო უკეთესი და პეფსინით დამზადებული გვერდით გადადეს. პროექტში გამარჯვებისთვის ჩემი მოსწავლეები მალე დაფინანსებას მიიღებენ და მაჭიკისგან დვრიტის დამზადებასაც შევუდგებით. უკვე დავდეთ ხელშეკრულება პირუტყვის საკლავთან, დვრიტას კი გავყიდით. სამართლიანი და ჯანსაღი ბიზნესი ეს არის!

ეთერ ერაძე