"ახლა ჩვენს ბაღში იისა და სუმბულის თავბრუდამხვევი სურნელი დგას" - კვირის პალიტრა

"ახლა ჩვენს ბაღში იისა და სუმბულის თავბრუდამხვევი სურნელი დგას"

"სოხუმელები ვართ და როგორც ჩანს, ეზო-კარზე განსაკუთრებული ზრუნვა იქიდან მოგვდევს. ადრე აქაურობას დანგრევა-დამტვრევას უპირებდნენ, თუმცა იმედი არ დაგვიკარგავს და მიზანმიმართულად ვშრომობდით. სურათებზეც გვაქვს მთელი ისტორია აღბეჭდილი - თავიდან ერთი ოთახი გვქონდა, მერე მეორე მივამატეთ და ბოლოს დავაშენეთ კიდეც"

ნანა ჩხენკელი პროფესიით ფიზიკოსია, მეორე სპეციალობით კი - ჟურნალისტი, თუმცა ახლა ბუღალტრად მუშაობს. ქალბატონი ნანა ოჯახთან ერთად წყნეთის ხევში უკვე 17 წელია, ცხოვრობს. ოჯახის დიასახლისისა და უფროსის მზრუნველ ხელს იქაურობა ოაზისად უქცევია. ისინი ჩვენი გაზეთის აქტიური მკითხველები არიან. ახლა სწორედ მათი ულამაზესი ეზო-კარის შესახებ მოგითხრობთ, რომელსაც ზრუნვას არ აკლებენ.

ნანა ჩხენკელი: - მდინარე ვერის ხეობაში ვცხოვრობთ. მე და ჩემს მეუღლეს - კოტე კობახიძეს ბუნება ძალიან გვიყვარს. ჩვენი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, მთელი საქართველო გვაქვს მოვლილი, განსაკუთრებით - მთიანი ადგილები. ბუნების სიყვარულმა და სილამაზემ შეგვაძლებინა, შეგვექმნა ის სივრცე, რომელიც გვახარებს ჩვენ და ყველა აქ მომსვლელს. ჩვენი ეზო და სახლ-კარი სულ 750 კვმ-ზეა გაშენებული, სახლის ფანჯრები პირდაპირ მდინარეს გადაჰყურებს.

როცა 17 წლის წინ აქ დავსახლდით, ხრიოკი დაღმართი დაგვხვდა, გამხმარი ხეებით. ყველაფერი ნელ-ნელა ჩვენი შრომით მიდიოდა წინ და სახეს იცვლიდა.

ახლა მრგვალი კლუმბი გვაქვს. ადრე ხან სამკუთხა იყო და ხანაც - ოთხკუთხა. ბოლოს რატომღაც მრგვალზე შევჩერდით. ლამაზი ყვავილნარი გვაქვს. ყვავილების ჯიშები ისეა შერჩეული, რომ ბაღში ყოველ სეზონზე რაღაც ხარობს. ბალახიც ისეთი გვაქვს, არასოდეს ხმება. მუდამ მწვანე გარემოა ირგვლივ. ტერასაზეც ქოთნებში მარადმწვანე ნაძვები, ბუჩქები მაქვს - ასეთ მცენარეებს სპეციალურად ვარჩევ.

წლეულს ვარდებს ჩვენთან არც დაუსვენიათ, რადგან ზამთარი არ ყოფილა. ფოთლები მწვანე აქვს და უკვე იფეთქა კიდეც. შესაძლოა, წლეულს ადრეც იყვავილოს. ვარდის 40 ჯიშზე მეტი მაქვს, რომლებიც შადრევნის გარშემოა გაშენებული.

- შადრევანიც თქვენი ხელით მოაწყვეთ?

- შადრევნის სქემა მე და კოტემ შევქმენით და ქუთაისში შევუკვეთეთ. ბევრი სხვადასხვა დასახელების ყვავილი გვაქვს, მათ შორის, დეკორატიულიც. ვუვლით ხეხილის ბაღსაც. ყველანაირი ხილია, მანდარინისა და ფორთოხლის გარდა. პატარა ბოსტანსაც ვუვლი, სადაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი (მწვანილი) მომყავს.

- როგორც გავიგე, დევნილები ხართ.

- კი, სოხუმელები ვართ და როგორც ჩანს, ეზო-კარზე განსაკუთრებული ზრუნვა იქიდან მოგვდევს. ადრე აქაურობას დანგრევა-დამტვრევას უპირებდნენ, თუმცა იმედი არ დაგვიკარგავს და მიზანმიმართულად ვშრომობდით. სურათებზეც გვაქვს მთელი ისტორია აღბეჭდილი - თავიდან ერთი ოთახი გვქონდა, მერე მეორე მივამატეთ და ბოლოს დავაშენეთ კიდეც.

- ტალავერში რა ყურძენია გაშენებული?

- ალადასტური, ადესა, ვარდისფერი თითა... ქიშმიშის ჯიშიც გვაქვს, მაგრამ რატომღაც არ ისხამს. ჩვენთან კივიც ხარობს, მშვენივრადაც ისხამს. ასე რომ, ვენახი და კივი კარგად თანაცხოვრობს.

რაც შეეხება მცენარეებს, უამრავი სათბურია და იქ ვყიდულობ, თუმცა უფრო მრავალწლიანებს ვრგავ. ტალავერში ბზის ბუჩქებია, Lარის ლავანდა, ზამბახები, ვარდები, რომლებიც სივრცეს ავსებს.

თუმცა ნაკვეთს სარეველა ეძალება და მისი განადგურება გვიწევს. ყველაფერში კოტე მეხმარება, განსაკუთრებით - დაბარვაში. ვარდებს შეწამვლა უნდა. ნიადაგში ნაკელი შემაქვს. ნაკელი მიწას კი ამდიდრებს, მაგრამ ბევრი სარეველაც ამოჰყავს.

- რის გაზიარება შეგიძლიათ მკითხველისთვის?

- სილამაზე თუ გიყვარს, უნდა მოინდომო და შექმნი კიდეც. სამზარეულოში დიდი ფანჯარა მაქვს. მაგიდა ისე დგას, რომ ვჯდები, ეზოს გავყურებ და ვტკბები. თუ ეს არ გიყვარს და არ გინდა, რომ გქონდეს, ვერც გააკეთებ. ბევრი მოდის, ნერგები მიაქვს, მაგრამ ყველა ვერ ახარებს. ამიტომ ვამბობ, რომ ეს უნდა მოგდგამდეს.

ახლა ჩვენს ყვავილნარში იებისა და სუმბულის თავბრუდამხვევი სურნელი დგას. ამ გაზაფხულზე 50 კონა ია მაინც მექნება გაჩუქებული. ჩემმა შვილიშვილებმა, ვერიკომ და სოფიკომ, იის ვაჟინიც მოადუღეს.

ეზო უკვე თეთრად არის გადაპენტილი - ყვავის გარგარი, ალუჩა. თითოეული თაფლის ტკბილ სურნელს აფრქვევს და ირგვლივ საოცარი არომატი დგას. მთელი ზამთრის განმავლობაში ფერადი იაჟუჟუნები და დეკორატიული კომბოსტოები ახალისებს ჩვენს სივრცეს.

ჩვენ და ჩვენს შვილებს გვიყვარს ბუნება. ვაჟმა, რომელიც სამი შვილის მამაა, წოდორეთში იყიდა ნაკვეთი და სახლს აშენებს. ვერ წარმოუდგენიათ კორპუსში ცხოვრება.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- მცენარეებს მუ-დმივად ვიწერ ინტერნეტით, ხანაც სანერგეებში ვყიდულობ. ზოგს დიზაინსაც ვუცვლი... რაც სიამოვნებას მანიჭებს, იმას ვაკეთებ. სამომავლოდ დიდი ბაღის გაშენებას ვაპირებ, "აფრების გაშლა" სხვაგვარად მინდა.

ლალი ფაცია