"ციხიდან რომ გამოვედი, ძროხა მაჩუქეს და ასე დაიწყო ჩემი ბიზნესი" - კვირის პალიტრა

"ციხიდან რომ გამოვედი, ძროხა მაჩუქეს და ასე დაიწყო ჩემი ბიზნესი"

70 წლის ბედიშა ხარჩილავა წალენჯიხაში ცხოვრობს და მეცხოველეობას მისდევს, რძის პროდუქტებს მაღაზიებსა და რესტორნებში აბარებს. 2 წლის წინ თბილისში ყველის ფესტივალზე ჩამოვიდა და სამეგრელოს ყველის მწარმოებლებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. პარალელურად წალენჯიხის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მთავარ სპეციალისტად მუშაობს. 10 წელი გერმანულის მასწავლებლად იმუშავა, შემდეგ 17 წელი - წალენჯიხის რაიონული არქივის დირექტორად. სწორედ იმ პერიოდში ქრთამის აღების ბრალდებით დააპატიმრეს... ეს ყველაზე რთული დღეები იყო მის ცხოვრებაში, თუმცა უფრო მძიმე აღმოჩნდა ციხიდან გამოსვლის შემდგომი ცხოვრება - 6 თვის შემდეგ მისი ვაჟი დაიღუპა, ორმოცი დღეც არ იყო გასული, რომ ქალიშვილიც გარდაეცვალა.

ბედიშა ხარჩილავა: - 2006 წელს დამაპატიმრეს. რაიონული არქივის დირექტორი ვიყავი და დანომრილი ფულით შემომიგზავნეს გოგო... ეტყობა, ჩემი ადგილი ვიღაცას უნდოდა და პროვოკაცია მომიწყვეს. 10 თვე გავატარე ციხეში, ორი თვე მქონდა დარჩენილი, ადმინისტრაციამ გამიწია რეკომენდაცია და გამათავისუფლეს.

- ბიზნესი როგორ წამოიწყეთ?

- ციხეში და შემდეგაც ჩემთან დადიოდა არასამთავრობო ორგანიზაცია "თანაზიარის" ხელმძღვანელი ხათუნა ბეჭვაია. ეს ორგანიზაცია პატიმრების რეაბილიტაციითა და რესოციალიზაციით არის დაკავებული. რომ გამოვედი, ამ ორგანიზაციამ ძროხა მაჩუქა და ასე დაიწყო ჩემი ბიზნესი. მეორე ძროხა ზუგდიდის იუსტიციის სახლმა მაჩუქა, მათაც აქვთ პროგრამა ყოფილი პატიმრებისთვის. სამსახურში დავდიოდი, ძროხებს ვუვლიდი, რძის პროდუქტებს ვყიდდი და თბილისში ფესტივალზეც ჩავედი ჩემი ხელით დამზადებული პროდუქტით. პირველი ადგილი დავიკავე სულუგუნისა და მაწვნის წარმოებაში. უცხოელებმაც "ყველაზე უკეთესის" ხარისხი მიანიჭეს ჩემს სულუგუნსა და მაწონს.

- სად ყიდით პროდუქციას?

- ძირითადად, მაღაზიებში, რესტორანთან მაქვს ხელშეკრულება და სახაჭაპურე ყველით ვამარაგებ. მერე

მონაწილეობა მივიღე პროექტ "აწარმოე საქართველოში". ჩემმა პროექტმა გაიმარჯვა და 5.000 ლარის ღირებულების სამი ძროხა მომცეს. ახლა კიდევ ერთ პროექტში ვმონაწილეობ და იმედია, იქაც მოეწონებათ ჩემი ბიზნესიდეა.

მამამთილი მესაქონლე იყო, სულ ვეხმარებოდი. მეგონა, ძალიან კარგად ვერკვეოდი ამ საქმეში, მაგრამ ტრენინგები რომ ჩაგვიტარეს, გავოცდი, იმდენი სიახლე გავიგე.

ეს ბიზნესი ძალიან მომგებიანია, თუ გულით მოეკიდები. უნდა გიყვარდეს პირუტყვი და იცოდე, როგორ მოუარო.

შვიდის ნახევარზე ფეხზე ვარ. ვწველი ძროხებს, ვამზადებ მაწონს, მოვამთავრებ საქონლის მოვლას და მერე შვილიშვილი მიმყავს სკოლაში. ამაში ჩემი მეუღლეც მეხმარება. მერე მივდივარ სამსახურში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში... შვილიშვილი ცეკვაზე დაგვყავს და იქიდან ერთად მოვდივართ სახლში... სოფელში საქმეს რა გამოლევს. თხილის პლანტაციაც გვაქვს. გვყავს რამდენიმე ოჯახი ფუტკარიც და ნატურალურ თაფლს მაღაზიებში ვაბარებთ.

თეა ხურცილავა