"პატარა კახეთი" აჭარაში - კვირის პალიტრა

"პატარა კახეთი" აჭარაში

"კახეთს ვერ დავეწევით, მაგრამ მეღვინეობას ისეთი პირი უჩანს, რომ ქედაში კიდევ უფრო აღორძინდება"

საქართველო ღვინის სამშობლოა და მთიან აჭარაშიც უძველესი ღვინის მარნების არსებობა, რა გასაკვირია. როგორც ქედელი მეღვინე ზურაბ გათენაძე ამბობს, მიწის ხვნისა თუ სახლის აშენებისას ბევრჯერ წამოუდვია აქ ტრაქტორს ციცხვი მათი ნაშთებისთვის...

დღეს მთიან აჭარაში მარანსა და იქ ჩაყრილ ქვევრებს იშვიათად ნახავთ - საუკუნეების მანძილზე მუსლიმან დამპყრობელთა თარეშმა აქაურ მეღვინეობას კვალი დაატყო, თუმცა ვაზს ვერაფერი მოუხერხა, აჭარლებმა ვაზი შთამომავლობამდე მაინც მოიტანეს, მათ შორის ბევრი გადაშენებული ჯიშიც: ალმურა თეთრი (თეთრი), ახალაკი, ბათომურა, ბაღის ყურძენი, ბროლა, გორგოული, ვაიოს საფერავი, თურვანდი, კაიკაციშვილისეული თეთრი; კვირისთავა, კიბურა, კირწითელა, მაგარა მათენაური, მეკრენჩხი, საფერავი, საწურავი, სხალთური, შავშურა, შიშველი, ჩიტისთვალა, ჯავახეთურა, მტრედისფეხა... სულ 44 ჯიში. შემდეგ ამ ჯიშებს გასანადგურებლად საბჭოთა სახელმწიფომ შეუტია, საბოლოოდ ორიოდე ჯიშიღა დარჩა: უმეტესად ჩხავერი და ცოლიკაური.

ბოლო წლებში აჭარულმა მეღვინეობამ განვითარება კვლავ დაიწყო და ნელ-ნელა უძველესი ჯიშებიც ბრუნდება. მათ შორის, ქედაშიც, რომელსაც თურმე "პატარა კახეთს" ეძახიან ძირძველი მევენახეობის გამო - ეს აჭარაში ყველაზე ხელსაყრელი კლიმატური ზონაა მეღვინეობისთვის. ქედაში ამჯერად ერთადერთი ღვინის ქარხანა - "აჭარის ველი" ამუშავდა. ქარხანა ყურძენს მოსახლეობისგან ყიდულობს და ამით აჭარაში მეღვინეობის უძველესი კანონზომიერების აღორძინებასაც ემსახურება. ქედელი მეღვინე ზურაბ გათენაძის ოჯახში არასოდეს შეწყვეტილა ღვინის დაწურვა, ოღონდ კასრებში.

- ჩემი წინაპრები რომ მეღვინეები იყვნენ, ამას ათასწლოვანი ქვევრები ადასტურებს. ტექნიკა, სადაც კი მიწას ოდნავ ღრმად გათხრის, მათ წაადგება. მოდიან ისტორიკოსები, თხრიან და მუზეუმებში გადააქვთ. სახლებში ქვევრები არ შემოგვრჩა, მაგრამ ღვინოს ხის კასრებში ვასხამდით და ასე ვუმასპინძლდებოდით მტერ-მოყვარეს. საწურის, ცოლიკაურისა და ჩხავერის ჯიშის ვაზი გვედგა და ღვინო არ გვაკლდა. ჩვენს ღვინოს ოდნავ მომჟავო, სპეციფიკური გემო აქვს, მაგრამ სწორედ ეგ არის ჩვენებური ღვინის ეშხი. ზოგი კი გვეტყვის პურმარილის დასაწყისში, თქვენს ღვინოს ცოტა მჟავე გემო აქვს და, ალბათ, დალევა გამიჭირდებაო, მაგრამ ეგ პირველი ჭიქის დალევისთანავე ავიწყდება. და აი, რატომ: ჩვენს ღვინოს ნაკლები შაქრიანობა აქვს და იმიტომაც არის ოდნავ მომჟავო. მჟავიანობის შეგრძნება პირველი ჭიქის შესმისთანავე ქრება. სამაგიეროდ, ჩვენს ღვინოს ნაკლები ტანინი აქვს და დასალევად ჰაერივით მსუბუქია. ამიტომ ნაბახუსევიც ნაკლებად იცის. ტანინიან ღვინოს მძიმედ ინელებს ორგანიზმი, გადაჭარბებული ტანინის მონელება დაახლოებით იგივეა, რაც მეტისმეტად ცხიმიანი საკვებისა.

რაც შეეხება სიმჟავის ხარისხს, ქედაში ის იმიტომ არის მაღალი, რომ მთაში ყურძენი ნაკლებად ასწრებს მზის სხივებში დაშაქრებას. ეს არ ეხება ჩხავერს, რომელიც დეკემბრის დასაწყისშიც კი იკრიფება და ჩრდილში იღებს მზის ენერგიას. საოცარი ყურძენია, ძალიან მაღალხარისხოვანი და დიდი ბედნიერებაა, რომ ეს ჯიში ხელახლა აღორძინდა. თუმცა არც ქედის ცოლიკაურია საქართველოს სხვა კუთხეების ცოლიკაურზე ნაკლები.

ამას წინათ ზესტაფონის, ვანის, ბაღდადის, ჩოხატაურისა და ქედის ცოლიკაურის ღვინოების გამოფენაზე ქედის ცოლიკაურმა პირველი ადგილი აიღო.

- თქვენში ამ ცნობილი ჯიშების გარდა ბევრი სხვა ძირძველი ჯიში იყო და მათ გადარჩენას არ ცდილობთ?

- რამდენიმე სანერგე მეურნეობაა აჭარაში და, ალბათ, ძველი ჯიშების აღორძინებაც დაიწყება. ბევრმა გლეხმა ქვევრებიც კი ჩაყარა. რაც ათადან-ბაბადან მოგვდგამს, მისი ამოძირკვა იოლი როდია. ჩვენებურები ახლა უჟანგავი ლითონის კასრებში ასხამენ ღვინოს, მაგრამ რაც უფრო ბევრი დარწმუნდება, რომ სხვისი ქვევრის ღვინომ მის ღვინოს აჯობა, ქვევრებს მით უფრო ბევრი ჩაყრის. უძველესი აჭარული საწურის აღორძინებას ვცდილობთ. მისგან ისეთი მუქი წითელი ღვინო იწურება, რომ არ გინდოდეს, შეხედვით შეგასმევს თავს. ეს ჯიში რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნდეს ქედაში. ისეთი მკვრივი და მსხმოიარე მტევანი იცის, რაც უნდა ცუდ ხასიათზე იყო, მისი შეხედვა ხასიათზე მოგიყვანს. ერთი თავისებურებაც აქვს - მტევანში მარცვლები არათანაბრად მწიფდება და სილამაზეს ესეც აძლევს. მზე საწურსაც უყვარს, ამიტომ იმ ფერდობებზე იძლევა საუკეთესო მოსავალს, რომელსაც მზე სამხრეთიდან უდგება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაღალმთიან აჭარაში გაზაფხულისა და საშემოდგომო წაყინვები იცის და სწორედ საწური უძლებს.

- ქედის ქარხანა, ალბათ, ყურძენს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს.

- ჩხავერი დეკემბრის დამდეგს იკრიფება და მზად ვართ ყველა ჩავიბაროთ - ქარხანას 500 ტონა ყურძნის ჩაბარება და გადამუშავება შეუძლია, თანაც მაღალ ფასად. ცოლიკაურსაც ვიბარებთ, მხოლოდ ჰიბრიდული ყურძნის ჩაბარება არ გვიღირს, თორემ ხარისხიან ყურძენზე უარს როგორ ვიტყვით. ქედაში ცოლიკაური თითქმის ყველა სოფელშია და ქედის ცოლიკაურზე მოთხოვნა ყოველთვის დიდია, რადგან მაღალხარისხოვანია. ასე რომ, ქედელებს უღირთ, ცოლიკაური თავადვე გაყიდონ როგორც ყურძნად, ასევე ღვინოდ. კლიენტიც ადგილზე მიდის და 1 კილოგრამ ყურძენში 2 ლარამდე უხდიან. ცოლიკაურის ღვინოც იყიდება კიდევ უფრო მაღალ ფასად - ჭირია თუ ლხინია, ქედის ცოლიკაური მთელ აჭარაში ყველგან სიამოვნებით ისმება. იმიტომაც არის, რომ ქედას "პატარა კახეთს" ეძახიან.…კახეთს ვერ დავეწევით, მაგრამ მეღვინეობას ისეთი პირი უჩანს, რომ ქედაში კიდევ უფრო აღორძინდება.

ეთერ ერაძე