მერის მოხატულ სამყაროში
09-04-2018
მერის მოხატულ სამყაროში
"ყველაფრის მოხატვა მიყვარს, თეფში იქნება ეს, სარკე, თუ ჭურჭელი. ჩემი ფანჯრის შუშაც კი მოვხატე. ოჯახის წევრები პროდუქტებს მიმალავენ, მეხუმრებიან, ესეც არ მოხატოო..."

ორიგინალური სტილი და ხასხასა ფერები მხატვარ-დეკორატორ მერი გვენეტაძის შემოქმედებას ყველასგან გამოარჩევს. 8-9 წლის წინ ახალი გატაცება გაუჩნდა - სააღდგომო კვერცხების მოხატვა დაიწყო და მას შემდეგ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს განსაკუთრებული განწყობით ელოდება.

მერი გვენეტაძე: - პროფესიით მხატვარ-დეკორატორი ვარ... მიყვარს სახასიათო პორტრეტების შექმნა, განსაკუთრებით ქართული კინოს პერსონაჟები მხიბლავს.­ დახატული მყავს
დარეჯანი, მარგალიტა, ფუფალა და სხვა გმირები. მოგეხსენებათ, "გარიგებაში" მთავარ როლს ნანული სარაჯიშვილი ასრულებს. დავხატე მაროს პორტრეტი და ნანული სარაჯიშვილს გადავეცი. გაუხარდა და ესიამოვნა.

- როგორც ვიცი, ნივთების მოხატვა თქვენი გატაცებაა. როგორ გაგიჩნდათ ამგვარი დაინტერესება?

- ეს ისტორია საოჯახო ნივთების გალამაზებით დაიწყო: ყველაფრის მოხატვა მიყვარს, თეფში
იქნება ეს, სარკე თუ ჭურჭელი. სახლში­ ჩემი ფანჯრის შუშაც მოხატული მაქვს და ყველაფერს ვალამაზებ, რაც შეიძლება მოიხატოს. მიყვარს სარკეების მოხატვაც. ოჯახის წევრები პროდუქტებს მიმალავენ, მეხუმრებიან, ესეც არ მოხატოო... მოკლედ, ჩემი ახალი გატაცება მომეწონა და ასე დაიბადა ჰობი, რომელსაც დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნება ჰქვია. ყველაფრის მოხატვა შემიძლია, თუმცა, ჩემი ნივთებიდან ყველაზე მეტად სააღდგომო კვერცხები მიყვარს.

- როგორ ქმნით ამ სილამაზეს?

- სამზადისს 2-3 თვით ადრე ვიწყებ: ხელოსანს ხისგან ვამზადებინებ კვერცხებს და შემდეგ ვიწყებ მათ მოხატვას აკრილის საღებავებით. ხის გარდა სხვა მასალებზეც ვმუშაობ. თავდაპირველად ნამდვილ კვერცხებზე ვხატავდი, მაგრამ ფუჭდებოდა და ჩემი ნაშრომი მენანებოდა. ამიტომაც გადავედი თაბაშირზე, კერამიკაზე, ხესა და პლასტმასზეც. ეს შრომატევადი საქმეა, ზოგს ჰგონია, რომ ადვილია, მაგრამ რაც უფრო პატარაა ნივთი, მით უფრო ძნელია მისი მოხატვა, თითოეული მათგანი დიდი შრომის ნაყოფია. მოხატული კვერცხი რამდენჯერმე უნდა გააშრო. ჯერ ერთ ფენას ვხატავ, მერე - მეორეს, მესამეს და ა.შ. ლაქის გაშრობის შემდეგ სამი დღე მაინც სჭირდება, რომ აღდგომის კვერცხმა საბოლოო სახე მიიღოს. მიხარია, რომ ჩემი ნაშრომი არაერთ ოჯახში ინახება - ჩემი სააღდგომო კვერცხები კარგად იყიდება. აღდგომის წინა დღეებში შეკვეთებს ვერ ავუდივარ.

ხშირად ვიყენებ სხვადასხვა ტიპის ორნამენტს და "საფირმო" ფერებით ვამდიდრებ, რომლებიც ჩემი სულიერი სამყაროდან მოდის. ფერის გრძნობა ბავშვობიდან­ მქონდა და ეს ძალიან მეხმარება. ჩემი გრაფიკული ნამუშევრებისა და ნახატების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ იყიდება: რუსეთში, უკრაინაში, შენგენის ქვეყნებში, აშშ-ში და სხვაგან. საქართველოშიც ბევრს მოსწონს, მაგრამ ფასის გამო აქ უფრო დეკორატიულ ნივთებს იძენენ. ეს ნივთები სამხატვრო სალონებში იყიდება და ტურისტებსაც ძალიან მოსწონთ. ნამუშევრების გავრცელებას სოციალური ქსელიც მიადვილებს - ჩემი გვერდი მაქვს და შეკვეთებს უცხოეთიდანაც ვიღებ.

- რელიგიურ თემატიკას რა ადგილი უჭირავს თქვენს შემოქმედებაში?

- ის ჩემთვის საინტერესო და ახლობელია. დიდი სიამოვნებით შევისწავლიდი ხატწერის ტექნიკას, მაგრამ ალბათ, ამის დროც დადგება...

- ვიცი, რომ ბევრი მოსწავლე გყავთ, როგორ არჩევთ მათ?

- დროთა განმავლობაში მუშაობის ჩემებური ტექნიკა ჩამომიყალიბდა, რომელსაც მხოლოდ მოსწავლეებს ვუზიარებ. მართლაც უამრავი მოსწავლე მყავს. ისინი, ძირითადად, ზრდასრული ადამიანები არიან. ჩემი აზრით, ხატვა ყველას შეუძლია, მთავარი სურვილი და მონდომებაა. ჩემი მოსწავლეების უმეტესობას ადრე ფუნჯიც არ სჭერია ხელში. მიხარია, რომ ჩემი შვილი, მარიამიც კარგად ხატავს. ეს საქმე ჩემს ვაჟს - ვლადიმერსაც მოსწონს.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით