ბუნებრივი საღებავებით ღებვის ხელოვნება
ბუნებრივი საღებავებით ღებვის ხელოვნება
"ენდრო არა მხოლოდ საუკეთესო საღებავი, საუკეთესო მკურნალიცაა. თაფლზე დამზადებულ ენდროს ნაყენს ჯერ კიდევ ავიცენა მოიხსენიებდა უამრავი დაავადების სამკურნალოდ"

აღდგომის დღესასწაულს რომ ენდროსავით არაფერი ალამაზებს, ყველა ჩვენგანმა იცის, თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ საუკუნე-ნახევრის წინ საქართველოში, კერძოდ, კახეთში, ენდროს პლანტაციებიც იყო გაშენებული. ენდროს გარდა, ჩვენს ქვეყანაში კიდევ უამრავი მცენარე ხარობს, რომელთა გაუხუნარი ფერით შეღებილი ნივთები თუ ქსოვილები საუკუნეებს უძლებს. მეცნიერების დასკვნით, ბუნებრივი საშუალებებით მიღებული ფერები 10-ჯერ უფრო გამძლეა დროისა და კლიმატის
მიმართ, ვიდრე ხელოვნური. ენდროსა და სხვა ბუნებრივ საღებავებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში უხსოვარი დროიდან მოდის, ბიოლოგი ნანა დოლიძე გვესაუბრება.

- ენდროთი სააღდგომო კვერცხები ქრისტიანულ სამყაროში - მათ შორის, საქართველოში, უძველესი დროიდან იღებებოდა. ჯერ კიდევ ძველი რომაელები, ეგვიპტელები და ბერძნები ამზადებდნენ ენდროსგან წითელ საღებავს შალის, აბრეშუმისა და
ბამბის ქსოვილებისთვის. ქართველებიც ენდროთი ვღებავდით შალის ქსოვილებს, უნიკალურ ქართულ ხალიჩებსაც კი. საქართველოში ღებვის კულტურას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მეცხვარეობის განვითარებამ.

მსოფლიოში 55-მდე სახეობის ენდრო არსებობს და მათგან მხოლოდ ორი სახეობის კავკასიური ენდრო იზრდება საქართველოში. სწორედ ეს ორი სახეობა იმდენად წარმატებით უწევდა კონკურენციას აზიურ ენდროს, რომ ის აქლემებითაც კი გაჰქონდათ აღმოსავლეთის ქვეყნებში. როცა საქართველო რუსეთმა დაიპყრო, XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან ჩვენში ენდროს პლანტაციების გაშენებასაც მიჰყო ხელი. ისტორიული ცნობების მიხედვით, ენდროს პლანტაციები თელავში, სიღნაღში, აწყურში, ქუთაისში იყო გაშენებული. ხელოვნური საღებავის შემოსვლის შემდეგ ენდროს პლანტაციები საჭირო აღარ იყო, თუმცაღა, ველური ენდრო დარჩა და ჩვენს ხალხს ენდროთი არც კვერცხის თუ ქსოვილების შეღებვა შეუწყვეტია. უკეთეს საღებავს რას მოვიფიქრებდით?

- ბევრი საუკეთესოდ ღებავს ენდროთი კვერცხს, თუმცა, ზოგი ამბობს, არ გამომივიდაო, ასე რატომ ხდება?

- ყველაფერს ცოდნა უნდა. ჩემი გამოცდილებით, 50 კვერცხის შესაღებად დაახლოებით ნახევარი კილოგრამი (ოდნავ მეტიც) ენდროა საჭირო; თუმც ჯერ კარგად უნდა დავჩეჩქვოთ და წყალში დავალბოთ, შემდეგ ორი ლიტრი წყალი დავამატოთ და ნელ ცეცხლზე 1 საათით შემოვდგათ. ნახარში უნდა გავწუროთ, დავუმატოთ 2 სუფრის კოვზი მარილი; გაწურვის შემდეგ დარჩენილი ჩენჩო მარლაში გამოვკრათ და იმ ქვაბის კუთხეში ჩავკიდოთ, სადაც კვერცხი იღებება, მერე კი ერთი საათის განმავლობაში ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე...
ბევრმა არ იცის - ენდრო არა მხოლოდ საუკეთესო საღებავი, საუკეთესო მკურნალიცაა. თაფლზე დამზადებულ ენდროს ნაყენს ჯერ კიდევ ავიცენა მოიხსენიებდა უამრავი დაავადების სამკურნალოდ, მაგალითად, გამოიყენებოდა ნერვის ანთების, მგრძნობელობის დაკარგვის, ელენთის სამკურნალოდ... დღეს კი ენდროთი დამზადებული საშუალებებით მკურნალობენ შარდკენჭოვან დაავადებებს - ენდრო საშარდე გზებიდან გამოდევნის წვრილ ქვიშას და ხსნის სპაზმებს. მის ნაყენს იყენებენ მეხსიერების გასაუმჯობესებლადაც.

ჩვენი წინაპრები ენდროსა და სხვა მცენარეების შერევით უნიკალურ ფერებს იღებდნენ - ყველამ ვიცით, რა ფასადაც იყიდებოდა ძველი ქართული ხალიჩები. საქართველოში უამრავი უნიკალური საღებავი მცენარე იზრდება. მაგალითად, ღვია, რომლის კენკრა ყვითელ-ყავისფერ, მომწვანო-მორუხო საღებავის დასამზადებელ ნივთიერებას შეიცავს, კურდღლისცოცხა (ყვავილსა და ფოთლებში არის ყვითელი საღებავი), ზაფრანა (ფორთოხლისფერი საღებავი), მათრახა (ლურჯი საღებავი)... ხახვშიც კი უნიკალური ყავისფერი საღებავია, მაგრამ საქმე ის არის, როგორ გამოიყენებ, როგორ გაამაგრებ ისე, რომ გაუხუნარი ფერები მიიღო. ჩვენმა წინაპრებმა ღებვის ტექნოლოგია კარგად იცოდნენ და სწორედ ასეთ გაუხუნარ ფერებს ქმნიდნენ.

მაგალითად, ფშავში შავად ღებვისთვის თავშავასთან ერთად იყენებდნენ ძაღას, კაკლის წენგოსთან ერთად კი - ნაცართვალას. ყვითლად ღებვისთვის რძიანა ბალახთან ერთად შაბსა და თხილს, ან თუთის ფოთოლს იყენებდნენ. წითლად ღებვისთვის ენდროსთან ერთად მოიხმარდნენ შაბსა და თრიმლის ფოთოლს. მწვანედ ღებვისთვის - ჭინჭარს შაბიამანთან ერთად, ან რძიანა ბალახსა და ინდიგოს. ლურჯად ღებვისთვის - ანწლს ნაცართან ერთად. ყავისფერის თითქმის ყველა ტონი კი, ძირითადად, კაკლის წენგოთი მიიღებოდა. ყველა ამ საღებავის გასამაგრებელ, ფერების შესანარჩუნებელ საშუალებად ითვლებოდა ნაცართვალა, აგრეთვე თეთრი შაბი, შაბიამანი, ძაღა, არყის ხის ნაცარი...

ღებვასაც ცოდნა უნდოდა. ჭურჭელი მომინანქრებული ან თუჯის უნდა ყოფილიყო. გაუხუნარი ფერების მიღებას იმის ცოდნაც სჭირდებოდა, როდის და სად უნდა შეგროვებულიყო და გამშრალიყო მცენარე.

- მაგრამ ეს ცოდნა ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა...

- ასე როდი ვიტყოდი. მაგალითად, თუშეთში ტურისტებს სწორედ ბუნებრივი ფერებით მოქსოვილი თუშური წინდები მოსწონთ და თუშებმა მატყლის ღებვა ისევ ბუნებრივი საშუალებებით დაიწყეს. მიხარია, რომ საუკუნეების განმავლობაში დაგროვილ ცოდნას განადგურების ნებას არ აძლევენ.

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები