"მთავარია სიყვარული" - ქალი, რომელიც რიყის ქვებისგან ულამაზეს კალათებს აკეთებს - კვირის პალიტრა

"მთავარია სიყვარული" - ქალი, რომელიც რიყის ქვებისგან ულამაზეს კალათებს აკეთებს

ხათუნა ჭეიშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში ცხოვრობს. პროფესიით პედაგოგია და დაწყებითი კლასის მასწავლებლად სოფლის საჯარო სკოლაში მუშაობს. იმავდროულად, სამეწარმეო საქმიანობასაც მისდევს.

"ძალიან მიტაცებს პოეზია, ვწერ ლექსებს, ჩემს ცხოვრებაში მთავარი ადგილი უჭირავს მუსიკას, ვუკრავ სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე, ვმღერი ხალხურ სიმღერებს, პერიოდულად ვგალობ ვაკიჯვრის ტაძარში. ბოლო დროს მოზაიკამ გამიტაცა. უამრავი კომპოზიცია მაქვს შექმნილი ბისერისა და მოზაიკის გამოყენებით", - ამბობს ქალბატონი ხათუნა, თუმცა მისი გატაცება მხოლოდ ეს არ არის. ჩვენი ინტერვიუ ეთმობა მის ჰობის - რიყის ქვებისგან ეზოში ულამაზესი კალათების დამზადებას.

როგორ გაუჩნდა ამის გაკეთების იდეა, როგორ შექმნა პირველი ნამუშევარი და რა არის ეს ყველაფერი მისთვის, ხათუნა ჭეიშვილი თავად გვიამბობს:

- მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდები, სულ სიახლეების ძიებაში ვარ. ერთ დღესაც ჩავიფიქრე, შემექმნა ისეთი რამ, რაც ჩემს ეზოს დაამშვენებდა და ორიგინალურს გახდიდა. იდეის ხორცშესხმაში ჩემი ლამაზი სოფლის ბუნებრივი რესურსი (რიყის ქვა) დამეხმარა, რომელიც უხვად მოგვეპოვება. მისი გამოყენებით სხვადასხვა ზომის ქვის კალათა შევქმენი. მუშაობისას აღმოვაჩინე, რომ საოცრად რთულ საქმეს შევჭიდებივარ, თუმცა იმდენად დიდი იყო დაინტერესება, რომ ძალიან მოვინდომე და შედეგიც მივიღე. აღფრთოვანებას ვერ მალავენ, როცა ჩემს ქვის კალათებს ათვალიერებენ.

- რიყის ქვის გარდა, კიდევ რას იყენებთ და რამდენ ხანში ამზადებთ თითოეულს?

- ქვის კალათების შესაქმნელად საჭიროა სხვადასხვა ზომის რიყის ქვა, ზღვის კენჭები - სახელურების მოსაპირკეთებლად, არმატურა, სახვევი მავთული, ქვიშა, ცემენტი და წებოცემენტი.

თავდაპირველად განვსაზღვრავთ კალათის ზომას და შესაბამისად ამოვთხრით მიწას, რათა ქვიშისა და ცემენტის ნაზავით კალათის ფუნდამენტი გავაკეთოთ.

შემდეგ რიყის ქვებით კალათის ტანს ვაშენებთ, სასურველი სიმაღლის შემდეგ კი სახელურის კეთებაზე გადავდივართ. ამისთვის ვაკეთებ შესაბამისი ზომის ყალიბს, მასში ვათავსებთ არმატურისა და მავთულების გამოყენებით დაქსოვილ კარკასს, რომელიც ეტაპობრივად ამოივსება ქვიშისა და ცემენტის ხსნარით, პროპორციით - 1/3. ხსნარის გაშრობის შემდეგ ყალიბს ვხსნით და წებოცემენტითა და ზღვის კენჭებით სახელურის მოპირკეთებას ვიწყებთ. თითოეული კალათის შესაქმნელად დაახლოებით ხუთი დღე მჭირდება...

ყველა დასრულებული კალათა ჩემთვის უძვირფასესია. ისინი თავიანთ ხასიათსა და ელფერს წელიწადის დროების შესაბამისად იცვლიან და ადამიანებივით საუბრობენ. თურმე, ქვასაც შესძლებია ემოციის გამოწვევა...

- შეკვეთებსაც ხომ არ იღებთ და რა რჩევის მიცემა შეგიძლიათ სხვებისთვის?

- უამრავი დაკვეთა მიმიღია. მიუხედავად იმისა, რომ კეთება დიდ სიხარულსა და სიამოვნებას მანიჭებს, მაინც წარმოუდგენლად რთულია ჩემთვის, როგორც ქალისთვის, სისტემატურად ასეთი მძიმე სამუშაოს კეთება, თუმცა, გარწმუნებთ, ვისაც სურს, ეზო ქვის კალათებით გაილამაზოს, მისთვის სირთულე არ არსებობს. მზად ვარ, ყველას დავეხმარო.

- ბოლოს კალათებს მიწით ავსებთ და შიგ მცენარეებს რგავთ?

- ქვის კალათებში "მცხოვრები" ყვავილი სხვანაირად ყვავის, სხვანაირ სურნელს აფრქვევს, უფრო დიდხანს ცოცხლობს... თითქოს უფრო ლაღობენ და სხვანაირად ყელყელაობენ... სითბო, სიყვარული და მოფერება ხომ და აუცილებელია!

ლალი ფაცია