ხალისიანი ამბები ფერმაში - კვირის პალიტრა

ხალისიანი ამბები ფერმაში

"მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე ყველა ერთად მხიარულად ვშრომობთ და როცა ვისვენებთ, მაშინაც არ ვიტყობთ დაღლას. ასეთ ცხოვრებაზე ყოველთვის ვოცნებობდი და ოცნება ავიხდინე"

ქიზიყში, დედოფლისწყაროში, თეონა სეხნიაშვილი მეუღლესა და შვილთან, 4 წლის გაბრიელთან ერთად, საოჯახო მეურნეობას უძღვება. მართალია, მასპინძლები დამწყებები არიან, მაგრამ"თეოს ფერმაში იმდენი ხალისიანი ამბავი ხდება, იქნებ იქაური ამბების მოყოლა ბევრი ახალგაზრდა ფერმერისთვის სამაგალითოც აღმოჩნდეს.

- ჩვენი ფერმა ვაშლოვნის აღკვეთილის მახლობლად არის. სტუმრები ხშირად აღნიშნავენ მის განსაკუთრებულ ადგილმდებარეობასა და სილამაზეს, ჩვენ კი, ალბათ, თვალი შევაჩვიეთ აქაურობას. ისე კი, საქართველოს ყველა კუთხე მშვენიერია და ყველგან შეიძლება სასურველი გარემოს მოწყობა. ჩვენს ფერმას, ეზოს გარდა, გასადევარიც აქვს, საქონელს საძოვარზე ვუშვებთ ყურისმგდებელ ნაგაზთან ერთად; ფრინველებსა და ცხოველებსაც ხელოვნური სარწყულებლები აქვთ ეზოში, თუმცა, თუ ეს არ აკმაყოფილებთ, განსაკუთრებით - ზაფხულში, ფერმის შემოგარენში გუბურებზე, არხებსა და პატარ-პატარა ტბებზეც ვუშვებთ. დღის განმავლობაში ცხენზე ამხედრებული ვამოწმებთ ფერმის ბინადრებს, შორს ხომ არ წავიდნენ, ან რამეს ხომ არ აზიანებენ. საფრთხეს ნაგაზებიც გვანიშნებენ ყეფით. ღამღამობით ხშირად მტაცებელიც გვაკითხავს, თუმცა ხელგაშლილად ვერ ვხვდებით. მართალია, ვერაფერს გვაკლებენ, მაგრამ გვაფრთხილებენ და გვეხმიანებიან, ფხიზლად იყავით და ყურადღებას ნუ მოადუნებთო. ფერმის ტერიტორიაზე ხეხილიც ბევრია, განსაკუთრებით კაკლის უხვი მოსავლით დაგვაჯილდოვა წლეულს ბუნებამ. რაც ხილად არ იყიდება და აღარც გვენახება, არყად ვხდით და ჩირად ვახმობთ. სოკოც მოგვყავს.

- ათასნაირი ფრინველი გყავთ...

- დიახ, თითქმის ყველა შინაური ფრინველი გვყავს მცირე გუნდებად. კრუხი წიწილებს საბუდარში ჩეკს. პატარები დედის სითბოს ქვეშ იბადებიან. ვცდილობთ, ფერმაში ბუნებრიობა შევინარჩუნოთ. ეს ხელს უწყობს ბინადართა მშვიდობიან თანაცხოვრებას. თუმცა ზოგჯერ არც ეს შველით, ზოგიერთი მათგანი ისე წაეკიდება მეორეს, გეგონება ქვეყნის დასასრული ახლოვდება, განსაკუთრებით ბატები და ინდაურები ძიძგილაობენ. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ასეთ გარემოში იზრდება ჩემი შვილი. ამათ ხელში რა მოაწყენს! მახსოვს, ინდაურებისა და გაბრიელის პირველი შეხვედრა და გაცნობა ჩხუბით დამთავრდა. გოჭუნებთან, ბატკნებსა და ბაჭიებთან თამაშით ყოველდღე იქცევს თავს.

ფარაში ერთი რქაგრეხილი ყოჩია, ამას წინათ არც მე შემეპუა და დამეჭიდა. განურჩევლად სურს, ყველა ძირს დასცეს, ამიტომ ყველა სტუმარს ვაფრთხილებ, რომ მასთან ხუმრობა არ ღირს და მოერიდონ.

ფერმაში მოწეული ნატურალური სანოვაგით ჩვენც ვსაზრდოობთ და ხელსაც ვინაცვლებთ. სამომავლოდ ფერმის მასშტაბების გაზრდას ვფიქრობთ. შესაძლოა, საოჯახო სასტუმროც მოვაწყოთ, სადაც უცხოელ სტუმრებსაც მივიღებთ, ადგილობრივებთან ერთად. ისინი შეძლებენ, არა მარტო გასინჯონ ჩვენი პროდუქტი, არამედ მომზადებაში, ცხოველებისა და ფრინველების მოვლაშიც მიიღონ მონაწილეობა. იცხოვრონ ჩვენსავით და უხაროდეთ ყოველი დღის გათენება. ყველაზე მეტად ვეცდები, რომ ბუნებრიობა შევუნარჩუნო ფერმას, რათა უფრო მეტი ღირსება შევძინო აქ წარმოებულ პროდუქტს. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ოჯახთან, ნათესავებსა და მეზობლებთან ერთად ვცხოვრობ და ვაკეთებ საყვარელ საქმეს. მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე ყველა ერთად მხიარულად ვშრომობთ და როცა ვისვენებთ, მაშინაც არ ვიტყობთ დაღლას. ასეთ ცხოვრებაზე ყოველთვის ვოცნებობდი და ოცნება ავიხდინე.

კახა მჭედლიშვილი