ტრიტიკალეს ყანები და ნაომი კემპბელის "ჯიშის" ძროხები - კვირის პალიტრა

ტრიტიკალეს ყანები და ნაომი კემპბელის "ჯიშის" ძროხები

ტრიტიკალე - ჭვავისა და ხორბლის შეჯვარებით მიღებული უნიკალური მარცვლეული, რომელიც დაახლოებით 30 წლის წინ შეიქმნა და ფაქტობრივად, მაშინვე გაქრა! ეს მხოლოდ იმის გამო, რომ გარემო სიახლის მისაღებად მზად არ იყო. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ტრიტიკალეს ღირსებებს დავიწყება მაინც არ ეწერა: პირუტყვის ფერმებმა საუკეთესო საკვების ძიებაში სწორედ ტრიტიკალე მოიძიეს და დათესეს. მართალია, ჯერჯერობით მხოლოდ მათ, ვისაც ტრიტიკალეს ყუათიანობაში ეჭვი არ ეპარებოდა, მაგრამ მათ აუცილებლად სხვებიც მიჰბაძავენ, - იშვიათად მოიძებნება პირუტყვის საკვები, რომელსაც იმდენი ღირსება ჰქონდეს, რამდენიც ტრიტიკალეს.

წალკელი ფერმერი დარეჯან კანთელაძე წლეულს ტრიტიკალეს ყანებს მესამედ თესავს. მისი ფერმა ამ კულტურამ კიდეც დაანაყრა და კიდეც გაალამაზა, - როცა საკვები ჯანსაღია, მაშინ პირუტყვიც ჯანმრთელია და მისი ცქერაც გსიამოვნებს. პროფესიით ფილოლოგმა ტრიტიკალეს შესახებ არც არაფერი იცოდა, მაგრამ ძიების შემდეგ აღმოაჩინა.

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე, ბევრი გაოცებული შემომყურებს, ქალაქელმა ქალმა ძროხებისა რა იცოდიო, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. იმდენად მიყვარს ჩემი პირუტყვი, რომ არ მახსოვს, ჯერ ხბო დასაკლავად გამეყიდოს. თუ დარწმუნებული არ ვარ, რომ ჯიშის მოსაშენებლად მიჰყავთ, არ გავყიდი.

ჩემი მეუღლე წალკის სოფელ სანთადან არის, სადაც 20 წლის წინ დეიდა დაეღუპა და სწორედ მის დაკრძალვაზე გვითხრეს ნათესავებმა, - იცით, ჩვენს სოფელში საუკეთესო ფერმა შეიქმნება, რადგან ჩვენი ბალახიც კი განსხვავებულია, ალპურ ზონასთან ახლოს ვცხოვრობთ და ჩვენი რძე და თაფლი წალკის სხვა სოფლებთან შედარებითაც განთქმულიაო. ამის გაგონება იყო და, თავიდან ვეღარ ამოვიღე სანთაში ფერმის გაკეთების აზრი. პირველად ძალიან გამიჭირდა, ძროხასაც კი ვერ ვეკარებოდი, მეშინოდა, მაგრამ ყველაფერს იმდენად გაფაციცებით ვსწავლობდი, რომ ვეტექიმის მოსვლისას ის დროც კი მენანებოდა, ჩემს მეუღლეს ცოტა ხნით რომ გამოელაპარაკებოდა ხოლმე, სულ მინდოდა, პირუტყვთან ემუშავა და მეც მესწავლა. საბოლოოდ, იმდენი რამ ვისწავლე, რომ ახლა უკვე ვეტერინარის დახმარება აღარც მჭირდება.

- ფერმის შექმნა როგორ დაიწყეთ?

- არც მიფიქრია ისეთი უცხოური პირუტყვის შეძენაზე, რომელიც 40-45 ლიტრ რძეს იწველის და ადგილიდან ფეხს არ დგამს. აბა, ისეთ რძეს რა გემო უნდა ჰქონდეს, როცა მისი მომცემი პირუტყვი ნედლ ბალახს არ ჭამს და ადგილიდან ვერ იძვრის?! სხვათა შორის, უცხოეთში მსგავსი წველადობის პირუტყვს ბიოსერტიფიკატს არ აძლევენ. ჰოდა, მეც ადგილობრივი, წაბლას ჯიშის პირუტყვი შევარჩიე, რომელიც 16 ლიტრამდე იწველიდა. მოგვიანებით, როცა ცოტა ფეხზე დავდექი, ჩემს წაბლასთან შესაჯვარებლად ჰოლანდიური ჯიშის ჭრელას ხბოები ჩამოვიყვანე. დავზარდე, შევაჯვარე და საუკეთესო ჯიშის ძროხა მივიღე.

- ასეთი რთული გზა რატომ აირჩიეთ - ჯერ ხბოების ჩამოყვანა უცხოეთიდან, მერე კი მისი გაზრდა და შეჯვარება, ამას ხომ დრო სჭირდება?

- 6-7 წელიწადი დასჭირდა, მაგრამ ეგ დრო არ დამნანებია, რადგან ხელოვნურ განაყოფიერებას არ მივესალმები. ასე რომ, დღეს საუკეთესო ჯიშის ძროხები მყავს, რომლებიც 20-25 ლიტრს იწველიან. პირუტყვი ზაფხულში ალპურ საძოვარზე მიმყავს და მხოლოდ ზამთარში მყავს ბაგურ კვებაზე. ძალიან ლამაზი ჯიშია, არ შემიძლია არ დავიტრაბახო, რომ მათ წალკაში ამის გამო ნაომი კემპბელიც კი შეარქვეს. რაც შეეხება ხბოებს, ნაწილს საჯიშედ ვყიდი, ნაწილს კი მოსამრავლებლად ვიტოვებ. ყველი ადვილად მეყიდება. სხვათა შორის, იმისთვის, რომ მართლაც კარგი ყველი მქონოდა, უამრავი სახეობის ყველის ამოყვანა შევისწავლე. ტრიტიკალეც იმიტომ მოვიძიე, რომ პირუტყვი ჯანსაღი მყოლოდა და რძის ნაწარმიც კარგი გამომსვლოდა. ახლა უკვე რძის ქარხანაც მაქვს და ყველიც ამომყავს. თუკი გინდა, რომ ძროხა იწველიდეს, ხორბალი უნდა მისცე საკვებად, მაგრამ ხორბალი მძიმე მოსანელებელია და ვეძებდი, რა გავაკეთო-მეთქი? ტრიტიკალე ვიპოვე. ის ხორბლისა და ჭვავის თვისებებს აერთიანებს და ხალხიც იყენებს საკვებად, მე კი პირუტყვს ვაჭმევ. ტრიტიკალეში ბევრი ცილაა. სხვათა შორის, ეს კულტურა გარემოსადმი შეგუების საუკეთესო თვისებებით გამოირჩევა - სიცხესა და სიცივეს ერთდროულად უძლებს. აAმიტომაც დავთესე თამამად, დაახლოებით 500 ჰექტარზე. საუკეთესო მოსავალს იძლევა - 250 კილოგრამიდან 5 ტონა მოსავალი მივიღე და ამაზე კარგი რაღა ვინატრო?!

ეთერ ერაძე