კანადურმა ინდაურმა ჩვენებური "დაჩაგრა"?! - კვირის პალიტრა

კანადურმა ინდაურმა ჩვენებური "დაჩაგრა"?!

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში ინდაურების ფერმის მიგნება იმიტომ გამიხარდა, რომ ჩვენში ინდაურის ფერმები თითქმის არ არსებობს, არადა, მისი ხორცი ძალიან სასარგებლოა, წონითაც ყველა შინაურ ფრინველს აღემატება, მით უფრო, თუკი ბროილერის ჯიშს, ანუ ყველაზე მეხორცულ ინდაურს ეხება საქმე. სწორედ ამ ჯიშის ინდაურის გარეშე წარმოუდგენელია ამერიკაში საშობაო დღესასწაულის გამართვა. გორელმა ძმებმაც, ლევან და კობა კეჩხუაშვილებმა, ეს ჯიში მოაშენეს:

- შრომას ბავშვობიდანვე დავეჩვიეთ. მშობლები ყველა საქმეში გვრთავდნენ, ვაშლის ბაღის მოვლა იქნებოდა თუ საკარმიდამო ნაკვეთის. ჩვენც თანდათან გავიგეთ, რომ კეთილდღეობის მიღწევა შრომის გარეშე არ იქნება. როცა ერთ ადგილზე არ დგახარ, სიახლეებსაც ადვილად იზიდავ. ინტენსიური ბაღების პროექტები რომ დაიწყო, ჩვენი ტრადიციული შემოსავლის წყარო, ძველი ჯიშის ვაშლის ბაღიც გავკაფეთ და ახალი გავაშენეთ.

- ცოტა არ იყოს, მეწყინა. ყველამ თუ გაკაფა, გორის ქართული ვაშლი გადაშენდება და მისი გემოც დაიკარგება.

- ვინ თქვა, რომ გორული ვაშლის გემო გავანადგურეთ! ინტენსიური ჯიში იმას ნიშნავს, რომ ხე შედარებით დაბალია, რის ხარჯზეც მსხმოიარობა იზრდება და მოვლაც იოლდება. კლიმატურ პირობებსაც უძლებს. მხოლოდ საძირე ჩამოვიტანეთ უცხოეთიდან, თორემ ზედ ჩვენებური ვაშლი დავამყნეთ და გემოც ძველებური აქვს. მერე ქათმების ფერმაც გავაკეთეთ. შემოსავალმა მოგვცა მოტივაცია, ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა ინდაურზეც შეგვესწავლა.

- ბაზარზე მისი დეფიციტი დაგხვდებოდათ...

- ცხადია. ეს იმის გამო კი არ ხდება, რომ ინდაური არ გვიყვარს, ძნელი გასაზრდელია. ჩვენში ინდაურის ფერმები, როგორც წესი, არ ფუნქციონირებს, მხოლოდ შინაურ პირობებში ამრავლებენ, ზოგჯერ ქათმის კრუხითაც კი... პროექტი 2010 წელს დაგვიფინანსეს, კანადური ინდაურის კვერცხის ჩამოტანაც იყო გათვალისწინებული. კანადური ინდაურის გაზრდასა და მოვლაზე ტრენინგები წინასწარ გავიარე და მალე კანადიდან 2000 კვერცხი ჩამოვიდა თვითმფრინავით. მას შემდეგაც ასე ჩამოგვაქვს ამერიკიდან... კანადური ინდაური სპეციალურად გამოყვანილი მეხორცული ჯიშია, რომელსაც სიმძიმის გამო უჭირს ბუნებრივად განაყოფიერებული კვერცხის დადება. Kკვერცხს ჩვეულებრივად დებს და ჩვენც მივირთმევთ, მაგრამ განაყოფიერებული არ არის და გამოსაჩეკად კვერცხს ამერიკიდან ვიწერთ. ინკუბატორში სხვადასხვა პერიოდის მიხედვით სხვადასხვა ტემპერატურაა საჭირო - 3-4 გრადუსით მაღალი, ვიდრე ქათმის გამოჩეკისას. ეს საქმე პროფესიონალიზმს მოითხოვს.

- მაგრამ ფერმაში გამოზრდილი "საშობაო ინდაური" ალბათ ჩვენებურ ინდაურზე გემრიელი მაინც არ არის.

- ვერ ვიტყვი, რომ ზუსტად ისეთივე გემური თვისებები აქვს, როგორც სოფლის მინდვრებში გაზრდილს, მაგრამ მაინც ძალიან გემრიელია. სხვანაირად არც გაგვეყიდება. მისი გაზრდის ინსტრუქციაში აღნიშნულია, რომ ვიტამინებისა და პროტეინების გარდა, ბუნებრივი კომბინირებული საკვებიც აუცილებლად უნდა მიეწოდოს. ჩვენი ინდაურების საკვების 80%D სიმინდი და ხორბალია. რაც მთავარია, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გენმოდიფიცირებული. ასე რომ, ჩვენი ინდაურიც ძალიან გემრიელია. ახლა ამერიკიდან წელიწადში 12 000 კვერცხი ჩამოგვაქვს, საიდანაც დაახლოებით 10 000 ინდაურს ვზრდით. კანადური ინდაური ზოგჯერ 25 კგ-მდეც ადის, თუკი ბოლომდე გავზარდეთ. თუმცა, არც ერთი არ აგვყავს ამ წონამდე - 3-4 თვისა გაგვაქვს სარეალიზაციოდ, როდესაც მისი წონა 10 კილოგრამამდე აღწევს. 7 თვის კანადური ინდაური უკვე 15-16 კილოა. სულ ჩვენი ფერმიდან წელიწადში 50 ტონამდე ფრინველის ხორცი გადის. ძირითადად საახალწლოდ ვყიდით. ამ დროს დღეში ჩვენი ფერმიდან 800 კგ-მდე ხორცი გადის გასაყიდად. თუმცა, ჩვენს ფერმას კლიენტები სხვა პერიოდშიც ჰყავს. ჩვენს ინდაურებს დაახლოებით თვე-ნახევრისას საქართველოს ყველა კუთხიდან ყიდულობენ, მერე კი თავად ზრდიან სურვილისამებრ, მწვანე მდელოზეც უშვებენ.

ეთერ ერაძე