"არ მახსოვს, ჩემი მერცხლები პირველ აპრილს არ მოსულიყვნენ - თითქოს კალენდარი იციან"
27-04-2018
"არ მახსოვს, ჩემი მერცხლები პირველ აპრილს არ მოსულიყვნენ - თითქოს კალენდარი იციან"
"მინდა ვერეს ხეობა ბეთანიამდე გამწვანდეს"

ერთ ბუნების მოყვარულ კაცზე უნდა გიამბოთ. ამბობს, რომ მალე 80 წლის გახდება და ბუნება ასე რომ არ ჰყვარებოდა, ცხოვრება გაუჭირდებოდა. ანზორ საჯაიას, გარდა იმისა, რომ შინ უამრავი მცენარე აქვს და მის აივა­ნზეც უამრავი მერცხალი ბინადრობს, თბილისის, კერძოდ კი, ვერეს ხეობის (ბეთანიამდე) გამწვანების თავისებური ხედვა აქვს, თუმცა, როგორც ამბობს, მის იდეებს არ ისმენს ის, ვინც უნდა ისმენდეს.

- პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტი ვარ. სახელმწიფო უნივერსიტეტში 43 წელი ეკონომიკას,
ორგანიზაციასა და მართვას ვკითხულობდი. მეუღლეც იქ მუშაობდა, მათემატიკოსია.

- როგორც მითხარით, ძალიან გიყვართ ბუნება, ცხოველ-ფრინველი, მცენარეები...

- კი, ასეა. ეზოში ჩემი შვილების სახელზე სამი ძირი ნაძვი დავრგე (სამი ვაჟი მყავს) და "სამეული" დავარქვი. ბუნების სიყვარული მამაჩემისგან მომდევს, კარგი აგრონომი იყო და მან შემაყვარა. მყნობით­ დაწყებული,
ყველანაირი მწვანე ოპერაცია ვიცი. არსებობს კვირტით მყნობა, გაპობით მყნობა. ამ ყველაფერს გურიაში ვსწავლობდი... ჩემი შვილები თბილისში იზრდებოდნენ, ამიტომ ბუნების სიყვარული რომ ჰქონოდათ, არდადეგებზე სოფელში ჩამყავდა.

მამაჩემის მოყვანილი ყურძნისგან დაწურულ ღვინოს სტალინს უგზავნიდნენ და მაგ საქმეში მეც ვმონაწილეობდი - პატარა ბიჭი ვიყავი და სიამოვნებით ვეხმარებოდი.

სკოლა სოფელში დავამთავრე. გურიაში ახალგაზრდები პრაქტიკაზე რომ ჩამოდიოდნენ, მამა მათთან მგზავნიდა. სხვადასხვა ნაკვეთის აზომვაში ვმონაწილეობდი.

- როგორც გავიგე, გაქვთ იდეა, როგორ­ გამწვანდეს ქალაქი, თუნდაც ვერეს ხეობა, რომელსაც ბაგებში თქვენი სახლი გადაჰყურებს.

- ჩემი სახლის აივნიდან უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი კარგად ჩანს და ხიდიც, რომელიც ბაგებთან აკავშირებს. მაგ ხიდზე სტუდენტები გადმომყავდა და ხეობას მივუყვებოდით, ხეებს ვრგავდით... ახალგაზრდებისთვის სასარგებლო პრაქტიკა იყო. თანხასაც გამოიმუშავებდნენ. მერე დავდიოდი და იმ ხეებს ვსხლავდი. მინდა ვერეს ხეობა ბეთანიამდე გამწვანდეს. თუ როგორ, ესეც მოფიქრებული მაქვს: აკაცია არაჩვეულებრივი მცენარეა, თვითონ მრავლდება, ჰოდა, კარგი­ იქნება, თუ ხეობას აკაციებს გავაყოლებთ­. მორწყვაც არ უნდა. როგორი საქმეა? ხეობა გამწვანდება. ახლა დავდივარ ვერეს ხეობაში და ხეხილის თესლებს ვყრი მიწაში.

- თქვენი აივანი იშვიათი სანახავია - აქ ბინა მერცხლებს დაუდვიათ, 26 ბუდე დავთვალე. როდიდან ბინადრობენ? ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილი ამდენი ბუდე არსად მინახავს.

- საოცარი სანახავია, გეთანხმებით... საქართველოში კლდის მერცხალია გავრცელებული, დასავლეთში, ჩვენკენ, არის მეკერიეც - ასე ეძახიან. აქაც ბევრია, მაგალითად, მეტეხთან კლდეში ბევრი ბინადრობს. ისე, ცოტა დაუნდობლები არიან, პატიოსან მერცხლებს ბუდეს ართმევენ. ჩემს მერცხლებს ბუდეები ღია აქვთ, ისინი კი ბუდეს ხურავენ, მხოლოდ თვითონ რომ შეძვრნენ. ყველანი რომ მოგროვდებიან, ერთ ამბავს ტეხენ, დილაობით კი გამაოგნებელი ჭიკჭიკი ისმის.

- როდის დაიდეს ბინა თქვენს აივანზე?

- 2011 წლიდან. მას მერე არ მახსოვს, პირველ აპრილს არ მოსულიყვნენ - თითქოს კალენდარი იციან. მაოცებს მათი სიზუსტე. თავიდან ხუთი-ექვსი ბუდე გააკეთეს. რომ ნახეს, ეს კაცი აქ დასახლებასა და გამრავლებას არ გვიკრძალავსო, მეორე წელს თითქმის გაივსო აივანი. წლეულსაც, ტრადიციულად, პირველ აპრილს მოვიდნენ. მარტში ქარიანი დღეები იყო, რამდენიმე ბუდე კი დაზიანდა, მაგრამ ახლა აღადგენენ.
პირველი სექტემბრისთვის მიდიან, ერთიც არ რჩება. ზაფხულში პერიოდულად ზღვაზე მიდიან. ბავშვობაში მომისმენია, არ არსებობს, დღეში ერთხელ ზღვის მარილიანი წყალი რომ არ დალიონო.

- აქედანაც მიდიან ზაფხულში ზღვის წყლის დასალევად?
- ამაზე თავს ვერ დავდებ. პირველ აპრილს მოვიდნენ, შემეხმიანენ, გამახარეს და ახლა მგონი, ზღვაზე არიან წასული.
აქაურობას კი სვრიან, სამაგიეროდ, დილაობით მათი ჟრიამულის მოსმენას არაფერი სჯობს. ადრე დასავლეთიდან სპეციალურად ჭიაყელები მომქონდა, მაგრამ ახლა ძნელი დასაჭერია.

- ამბობენ, მერცხლის ბუდის დანგრევა არ შეიძლებაო.
- მეც ასე ვიცი და უფრო და უფრო ვრწმუნდები. ძალიან ვნანობ, ბავშვობაში შაშვი რომ მომიკლავს ან სხვა ფრინველი. რით გამოვისყიდო ეს დანაშაული?! მერცხალზე ხალისიანი ფრინველი არ მეგულება. თითქოს გიბიძგებს, რომ სიკეთე აკეთო.
უკვე ისე შემეჩვივნენ, გაოცდებით. აივანზე რომ ვზივარ, ისე ახლოს სხდებიან, არც მერიდებიან. თითქოს იციან და გრძნობენ, რომ არაფერს ვავნებ. ფრინველები, ცხოველები, მცენარეები, როგორც ბავშვები, ისე მიყვარს.

- თითო ბუდეში რამდენი ცხოვრობს?

- ხუთი-ექვსი. ყველანი დედმამიშვილ­ები არიან, ერთი ოჯახის ნამრავლია და ერთად იმიტომ სახლობენ.
ადამიანმა სიკეთის კეთება არ უნდა დაივიწყოს. ბოროტება არ უნდა გამოავლინო და კიდევ, მერცხლებს ბუდეები არ უნდა დავუნგრიოთ!

ლალი ფაცია
მარი
02 მაისი 2018 10:23
უსაყვარლესი ბატონი ანზორი ჩვენი მეზობელი და არა მარტო მეზობელი, პატრონი, მომვლელი და კეთილმოსურნე. დიდხანს იცოცხლეთ ბატონო ანზორ. პატივიცემით მარი
მერაბი
30 აპრილი 2018 14:22
მერცხლები ყოველთვის კარგ ადამიანებთან იდებენ ბუდეს.

რედაქტორის რჩევით