"თუ ჩიტი ამითვალწუნებს, ჩემთვის ეს ტრაგედიაა" - კვირის პალიტრა

"თუ ჩიტი ამითვალწუნებს, ჩემთვის ეს ტრაგედიაა"

"ჩემს ნიმფასა და თუთის "სხვაგვარი სითბოც" სჭირდებათ და ღირსეული პარტნიორები უნდა მოვუყვანო"

"ტარბმა, მგონი, არც იცის, რომ ჩიტია - ძალიან "გაადამიანებულია". ჩიტებთან კონტაქტი არ უყვარს. მათი დანახვაც კი არ სურს. თუ დაინახა, რომ სხვა ჩიტიც მხარზე დამასკუპდა, ნერვიულობისგან კანკალებს..."

წლეულს არაერთი ადამიანი გაგაცანით, ვისაც ესა თუ ის ფრინველი შინ ოჯახის წევრივით ჰყავს. ასეთი ჩვენი კომპანიის თანამშრომლებს შორისაც აღმოვაჩინეთ - ჟურნალ "გზის" ჟურნალისტი ეთო ყორღანაშვილი. ჩვენი კოლეგა თავის გატაცებაზე გვესაუბრება.

- დაახლოებით ოთხი წლის წინ "ფეისბუკზე" განცხადება ვნახე: ცხოველთა თავშესაფრის წარმომადგენლები უპატრონოდ დარჩენილი 100-ზე მეტი ბარტყის (ტარბების, იგივე ვარდისფერი შოშიების) გაზრდაში დახმარებას ითხოვდნენ. ორი ბარტყი წამოვიყვანე. ერთი იოლად იზრდებოდა, მეორე კი სუსტი გამოდგა: გვიან შეიბუმბლა, კუდი ამოსვლას აგვიანებდა, ფრენა უჭირდა, ფეხები დაშავებული ჰქონდა, ამიტომ როცა გაიზარდნენ, ძლიერი ბარტყი გავუშვი, სუსტი კი დროებით დავიტოვე. ეს "დროებით" წლამდე გაგრძელდა - ამდენი ხანი დასჭირდა, რომ ჩიტს დამსგავსებოდა. ამასობაში ძალიან შემეჩვია, დამოუკიდებლად ცხოვრებას ვეღარ შეძლებდა და ვეღAარ გავუშვებდი (რჩევა ორნითოლოგსაც ვკითხე). ასე დარჩა ჩემთან ტარბი და მეხუთე წელია, ერთად ვცხოვრობთ.

ტარბის შემდეგ შინ კოჭლი მწყერი, სახელად გუნდა მოვიყვანე. მას ცხოველების ბაზრობაზე მე და ჩემი მეგობარი შემთხვევით წავაწყდით. გამყიდველმა, რადგან კოჭლია, დასაკლავად არის "გადადებულიო". შემეცოდა და ვიყიდე.

გუნდამ ჩემთან რამდენიმე თვე იცხოვრა. კვერცხების დებაც დაიწყო. სამწუხაროდ, ჩემი უყურადღებობის გამო, გადაფრენის პერიოდში აივნიდან გამიფრინდა. იმედია, კარგად არის.

- რით გიზიდავენ ფრინველები?

- საოცარი გარეგნობის გარდა, აქვთ საკუთარი ხასიათი, ინდივიდუალიზმი. თუ ჩიტი ამითვალწუნებს, ჩემთვის ეს ტრაგედიაა. ამას წინათ, ზოომაღაზიაში ხმაურით შევედი - ვლაპარაკობდი და ვიცინოდი. იქვე, გალიაში მყოფ ჟაკოს ჩემი თავხედობა არ მოეწონა და "ღრენა" დამიწყო.

ბავშვობაში ორი ფრთოსანი, დედალ-მამალი წიწილა - ციპა და წრიპა მყავდა. მოგეხსენებათ, მამალი პოლიგამიურია და რომ წამოიზარდნენ, ციპამ სხვა დედლებისკენაც დაიწყო ცქერა (როცა ეზოში სასეირნოდ გამყავდა), მე კი საბრალოს ვაიძულებდი, "ცოლის" ერთგული ყოფილიყო.

არ ვიცი, ამ თუ სხვა მიზეზით, გამიბრაზდა და ერთი-ორჯერ საკბენადაც გამომეკიდა. ამიტომ ციპაც და წრიპაც სოფელში წავიყვანეთ.

- ამჟამად რამდენი ფრინველი გყავს?

- ტარბის გარდა, მყავს ორი თუთიყუში - ნიმფა და ტალღოვანი, და ორიც შაშვი.ადრე არც ვიცოდი, რომ ჩიტები ამთქნარებდნენ. ჩემი ტარბი დილით ბალიშთან ჩამომიჯდება და მოთმინებით მელოდება, როდის გავიღვიძებ. თუ საბნიდან ხელს გავუწოდებ, ჩემს ხელზე წვება, ამთქნარებს და იძინებს. შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ... ნიმფას მოძალადე მამა ჰყავდა, რომელიც ნისკარტს თავში ურტყამდა. ნიმფებს თავზე ლამაზი ქოჩორი ("გვირგვინი") აქვთ, ამ საბრალოს კი სულ გადაპუტულ-მოტიტვლებული ჰქონდა თავი. გულმა არ მომითმინა და ვიყიდე - ოჯახური ძალადობის მსხვერპლს გულგრილად ვერ მივატოვებდი. სამი წელია, ერთად ვართ. ახლა ნიმფიკოს ქოჩორი ამოუვიდა და ლამაზი "გოგოც" დადგა. ძალიან ვუყვარვარ. სულ ცდილობს, ჩემ სიახლოვეს იყოს. თავს მიშვერს - მომფხანეო. მეტად მგრძნობიარეა: თუ მოფერება დავუგვიანე, საბრალო სახეს მიიღებს და საცოდავად "წკმუტუნებს".

ტალღოვანი თუთიყუში თუთი კნემიდოკოპტოზით დაავადებული მოგვიყვანეს. "ფეისბუკზე" გვერდი მაქვს, სადაც ხალხი რჩევებს გვეკითხება. თუთის შესახებაც იქ მოგვწერეს - მოგიყვანთ და იქნებ უშველოთო. საშინელ დღეში იყო, არ მეგონა, თუ გადარჩებოდა. ეს დაავადება კი საშიშია, მაგრამ მკურნალობა - იოლი: დინდგელის მალამოში პარაზიტების საწინააღმდეგო წამლის (რომელსაც მეფრინველეობა-მეცხოველეობაში იყენებენ) 1-2 წვეთს ვურევთ და თუთიყუშს დაზიანებულ ადგილებზე ვუსვამთ კვირაში ერთხელ. მოკლედ, ჩემი მეგობრის დახმარებით, თუთი განიკურნა. პატრონსაც მივწერეთ, მაგრამ აღარ გამოგვხმაურებია, ამიტომ უკვე კარგა ხანია, შინ მყავს. ზის და ღუღუნებს - სიცოცხლე ძალიან უყვარს და ეს პოზიტიური ენერგია მეც გადმომდო. ახლახან შაშვის ორი ბარტყი მომიყვანეს. თურმე, ქუჩაში კატები დასდევდნენ. გავზრდი და ბუნებაში დავაბრუნებ.

- გალიაში გყავს?

- შაშვები ჯერ ყუთში მყავს. სულ დახტიან, ამიტომ რკინის გალიაში რომ ჩავსხა, რამეს დაიშავებენ. ოთახში ხშირად ვუშვებ, რომ ფრენა ისწავლონ. როცა მაბრაზებენ, მოფერებით ვემუქრები, იცოდეთ, თქვენგან "ჩაშაშვულს" მოვამზადებ-მეთქი...

ჩემს ყველა ჩიტს თავისი გალია აქვს. როცა შინ ვარ, ტარბი თითქმის სულ გალიის გარეთ არის. დანარჩენ ჩიტებსაც არ ვჩაგრავ - რიგრიგობით ვუშვებ. მათი გალიის კარიც სულ ღია იქნებოდა, მაგრამ რატომღაც ყველა მათგანი ტარბს დასდევს, ტარბმა კი მგონი, არც კი იცის, რომ ჩიტია - ძალიან "გაადამიანებულია". ჩიტებთან კონტაქტი არ უყვარს. თუ დაინახა, რომ სხვა ჩიტიც მხარზე დამასკუპდა, ნერვიულობისგან კანკალებს და ჩხავის... როცა სხვა ჩიტებს ვეფერები, იბუტება - თავისი სამალავი აქვს და ასეთ დროს იქ განმარტოებას ამჯობინებს.

- როგორ უვლი ჩიტებს?

- ტარბის ძირითადი საკვები წიწილებისთვის განკუთვნილი გრანულებია. გარდა ამისა, კვების მრავალფეროვანი რაციონი აქვს, რომელიც სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულისგან შედგება. განსაკუთრებულად ყურძენი, ვაშლი და ბანანი უყვარს. ერთი პერიოდი სეზამის მარცვლები მოსწონდა. თუთიყუშებს სხვადასხვა მარცვლეულით ვკვებავ: შვრია, ფეტვი (სამი სახის), ჩიტიფეტვა, სელი, მზესუმზირა... ყველა ჩიტს ვიტამინებს ვასმევ: ზოგი ბუმბულის ცვენის პერიოდშია სასარგებლო, ზოგი საჭმლის მონელებისთვის არის კარგი... ოთხი სახის ვიტამინი მაქვს და პერიოდულად ჩიტებს პროფილაქტიკური მკურნალობის კურსს ვუტარებ. პატარა შაშვებს ლეკვის საჭმელს ვაჭმევ, ცხელი წყლით ვალბობ, ვაგრილებ და ნაყინის ჩხირით ვაწვდი. მერე ნელ-ნელა მათაც გრანულებზე გადავიყვან. ამასობაში გაფრენის დროც დაუდგებათ. მთავარია, ბარტყები ძალიან არ მივიჩვიო და გაშვების პერიოდი არ გამომრჩეს: დამოუკიდებლად ცხოვრება უნდა შეძლონ.

ზაფხულობით ხშირად ვპატრონობ უპატრონო ბარტყებს, ძირითადად, შაშვებს, თუმცა ერთხელ ნიბლიაც (სკვინჩა) გავზარდე. ძალიან პატარა იყო, საჭმელს არ ჭამდა და ზონდით ვკვებავდი. მეამაყება, რომ სიკვდილის უფლება არ მივეცი.

ზოგჯერ ადამიანები ბარტყებს პოულობენ და სურთ, თვითონ გადაარჩინონ - სიმინდის ღერღილსა და პურის ნამცეცებს დაუყრიან, ჰგონიათ, აკენკავს. არადა, ეს არც ბარტყს შეუძლია და არც დაჭრილ თუ დაავადებულ ჩიტს. სამწუხაროდ, ჩემთან მაშინ მოჰყავთ, როცა პატრონები იმედს დაკარგავენ - ფრინველი ვეღარც თავს სწევს და ვეღარც თვალს ახელს. რამდენჯერმე ისეთი დასუსტებული ბარტყი მოუყვანიათ, რომ სახლში მიყვანამდე მომკვდარა. ამიტომ ჯობია, თავიდანვე მომმართონ - ასე თუ ისე, მეტი გამოცდილება მაქვს...

ჩემს ნიმფასა და თუთის ჩემთან მეგობრობა მოსწონთ, მაგრამ "სხვაგვარი სითბოც" სჭირდებათ. ამიტომ მათ ღირსეული პარტნიორები უნდა მოვუყვანო.

სამწუხაროდ, ჯანმრთელი თუთიყუშის პოვნა ძნელია. ძალიან გავრცელებულია ვერაგი დაავადება "პინგვინი" (პოლიომა ვირუსი), რომელიც არ იკურნება. ის გადამდებია და ჰაერწვეთოვანი გზითა და მტვრითაც გადადის. იმ სახლში, სადაც დაავადებული თუთიყუში ცხოვრობდა, ვირუსი რამდენიმე თვე ძლებს. სხვა ფრინველი ნახევარი წლის შემდეგაც რომ მოიყვანოთ, მაინც დაავადდება. სამწუხაროდ, ზოომაღაზიების უმრავლესობაში ასეთი თუთიყუშები იყიდება.

ხშირად გამყიდველები მყიდველებს ატყუებენ - ჩიტი პატარაა, ბარტყია და კუდი ჯერ არ ამოსვლიაო, არადა, ბარტყს პირველად კუდი და ფრთები ეზრდება - ბუდიდან გამოსვლისას საფრენად მზად უნდა იყოს.

- ბევრი დრო მიაქვთ შენს ჩიტებს?

- ერთი პრობლემა ის არის, რომ ახლა შაშვებმა "დამატყვევეს" - ყოველ 1-2 საათში სჭირდებათ კვება, ამიტომ შინიდან დიდი ხნით ვერ გავდივარ. საერთოდ, ძირითადად, შინ ვმუშაობ. ამ დროს ტარბი მხარზე მაზის ან ლეპტოპის უკან სძინავს და მელოდება, მისთვის როდის მოვიცლი. თუ სატელეფონო ინტერვიუს ვწერ, რომელი რესპონდენტის ხმაც მოეწონება, მის ლაპარაკს თავის ჟღურტულს ააყოლებს.

- თუთიყუშებიდან რომელიმე ხომ არ ლაპარაკობს?

- არა, რადგან ერთი მდედრია, მეორე კი ზრდასრული მომიყვანეს. ლაპარაკს პატარა მამრები უკეთ სწავლობენ. ტალღოვანმა თუთიმ ტარბივით ჭიკჭიკი ისწავლა და ხანდახან ვერც ვხვდები, რომელი ჭიკჭიკებს.

ნიმფებს სიმღერის ნიჭი აქვთ, მაგრამ ჩემი ჩიტი მხოლოდ "ფუ-ფუს" გაიძახის ან კივის, როცა ბრაზობს. ეს მაშინ ხდება, თუ გალიიდან გამოშვებას დავუგვიანებ.

- რას ურჩევდი, ან უბრალოდ ეტყოდი ადამიანებს, ვისაც ფრინველები არ უყვართ?

- სიყვარულს ვერავის აიძულებ. მთავარია, ჩიტებს არაფერი დაუშავონ. ისე კი მიკვირს, როგორ შეიძლება ჩიტები არ გიყვარდეთ? ძალიან საყვარლები არიან, თანაც ბავშვურები და მიამიტები...

ლალი ფაცია