"ამხელა ქალი დავდივარ და მტრედის ბუმბულს ვაგროვებ" - კვირის პალიტრა

"ამხელა ქალი დავდივარ და მტრედის ბუმბულს ვაგროვებ"

300-მდე მშვენიერი და უცხო ნამუშევარი - ბუმბულით, ანუ ნატურალური მასალისგან შექმნილი პორტრეტები, ნატიურმორტები, პეიზაჟები. ავტორი რუსუდან კაციტაძე ამ ყველაფერს ხატვას უწოდებს და წერასთან ერთად, ის ჰობიზე გაცილებით მეტია. სამყაროს სილამაზე ბავშვობაში, რაჭის გამორჩეულ გარემოში შეიგრძნო.

პროფესიით ფიზიკოსია, შემოქმედებისთვის დიდი ფანტაზია აქვს და ღრმა სულიერი სამყარო. "ჩემი მოკრძალებული შემოქმედება მეხმარება და ძალასაც მაძლევს, რომ ყოფითობას გავუმკლავდე"," - ამბობს ქალბატონი რუსუდანი.

- რაჭაში გავიზარდე, უთბილეს ოჯახში... დედა ქსოვდა, კერავდა, ქარგავდა, ვაზის ლერწებისგან ლამაზ შანდლებს აკეთებდა, სიმინდის ფუჩეჩისგან ულამაზეს ნივთებს წნავდა, ეზოში ყვავილებს თხილის წნელებისგან პატარა ღობეებს შემოაწნავდა ხოლმე, მუყაოსა და სელის ძაფისგან კი ლარნაკებს აკეთებდა. ალბათ, სილამაზის სიყვარული დედისგან მომყვება.

თავიდან ყვავილების ფურცლებსა და ფოთლებს ვახმობდი და ლამაზ კომპოზიციებს ვაკეთებდი.…ერთ დღესაც ყვითელზოლიანი ფრინველის შავი ბუმბული ჩამივარდა ხელთ და ვიფიქრე, ამისგან მშვენიერ კომპოზიციას შევქმნი-მეთქი. ერთ კომპოზიციას მზის ფორმა მივეცი, მეორეს - ყვავილის. პირველი რამდენიმე ნამუშევარი შავ ხავერდის ქსოვილზე გავაკეთე. მერე ფონი მოვხსენი და მუშაობა მხოლოდ ბუმბულით განვაგრძე.

ნელ-ნელა გაირკვა, რომ ბუმბულს საოცარი ფერები აქვს. ყველა ნამუშევარში ბუნებრივი ფერია გამოყენებული. მაგალითად, ეგზოტიკური ქათმის ბუმბული სინათლეს ისე ირეკლავს, რომ ცალი მხრიდან წითელია, მეორიდან - ლურჯი. რომ შემეღება, ბუნებრივ ფერებს დავკარგავდი.

- ფრინველის ბუმბულს სად მოიპოვებთ?

- მრავალ კომპოზიციაში მაქვს გამოყენებული ქათმის, მამლის ბუმბული, აგრეთვე, სხვა შინაური ფრინველისაც. ყველამ იცის და მიგროვებენ ბუმბულს. განსაკუთრებითY სოფელში, მონადირეები ნანადირევის (ხოხბის, მწყრის) ბუმბულს მაწვდიან.

- ყველაზე ლამაზი ნამუშევარი რომელი ფრინველის ბუმბულისგან გამოდის?

- გია ყანჩელის "ყვითელი ფოთლების", ცნობილი სიმღერის კომპოზიციის გაკეთება ვცადე, რისთვისაც მხოლოდ შინაური ქათმის ლამაზი ყვითელი ბუმბული გამოვიყენე. ნამუშევარს რომ დახედავთ, ისეთია, მართლა ჭადრის ყვითელი ფოთლები გეგონებათ. მაგალითად, ჩემს ბალერინას ხოხბის ყელის ბუმბულის "პაჩკა" აცვია.

თუთიყუშები ბუმბულს ხშირად იცვლიან და მათი პატარა ლამაზი ბუმბულისგან მშვენიერი კომპოზიციები გამოდის. ამიტომ ახლობლებსა და ნაცნობებში თუთიყუში ვისაც ჰყავს, გალიის დასუფთავებისას დაყრილ ბუმბულს მიგროვებენ. ზოოპარკშიც დავდივარ ბუმბულისთვის. შარშან ბათუმის ზოოპარკში მოვაგროვე გედის ულამაზესი ბუმბული და კიდევ რამდენიმე ეგზოტიკური ფრინველისა...

ვაკეში, მრგვალ ბაღთან ვცხოვრობ, სადაც ბევრი მტრედია. ალბათ, ზოგს არანორმალური ვგონივარ, ამხელა ქალი დავდივარ და მტრედის Aბუმბულს ვაგროვებ, შინ მიმაქვს და ყუთებში ვახარისხებ...

- ერთ კომპოზიციას რამდენი ბუმბული და დრო სჭირდება?

- ზოგს დიდი დრო სჭირდება, ზოგს - ნაკლები. რაოდენობას რაც შეეხება, მაგალითად, ფონი ბევრ ბუმბულს ითხოვს.

მაგალითად, პორტრეტზე "ბედნიერების ლურჯი ფრინველი", ფაქტობრივად, 1 თვეს ვიმუშავე. თუმცა, თუ ფონი გავაკეთე, შემიძლია ნატიურმორტები 2 დღეშიც დავასრულო.

როცა პორტრეტებსა და ზოგ კომპოზიციას ვქმნი, თავდაპირველად ფანქრით უნდა მოვხაზო. ყველაზე მეტად აბსტრაქციების კეთება მიყვარს. ჩემი საყვარელი ნამუშევარი "ოცნება და რეალობა" აბსტრაქციაა, 4 კუთხეში სახეებია გამოსახული. სირაქლემის კუდის ბუმბულით გავაკეთე ობობას ქსელი, უსაყვარლესი ნამუშევარი კი გარდაცვლილი დის პორტრეტია.

- ბუმბულის გარდა, რას იყენებთ?

- წებოს, სამუშაო იარაღებად მაკრატელს, დანას, ნემსს. სკრუპულოზური სამუშაოა, პორტრეტზე ოდნავ რომ გადავიდეს ზედმეტი ბუმბული, პორტრეტი აღარ გამოვა.

- ეს ყველაფერი რა არის თქვენთვის?

- ბოლო დროს ვხვდები, რომ ჰობიზე გაცილებთ მეტია. ჩვეულებრივი, საშუალო ფენის წარმომადგენლის ცხოვრება მაქვს, არ ვარ გაჭირვებული, არც მდიდარი, ამწუთას პროფესიით არ ვმუშაობ. ყოფითი პრობლემების მოგვარება ისევე მიწევს, როგორც ყველა ქალს, ამას ვერ გავუმკლავდებოდი, რომ არა კომპოზიციების ხატვა და წერა - როცა ვხატავ, ვერ ვგრძნობ, თუ რამე არსებობს ირგვლივ, არ მახსოვს...

8 წელიწადს ვმონაწილეობდი ფესტივალ "არტგენში".

თავიდან რომ მუშაობა დავიწყე, თითქმის შეუჩერებლად ვქმნიდი, მერე 2008 წელს და გარდამეცვალა და გავჩერდი, მაგრამ საქმეს მოგვიანებით დავუბრუნდი და ჩემი დის ის პორტრეტი შევქმენი. რადგან წერა მიყვარს, ბოლო დროს ნოველებისა და ლექსების წერამ გამიტაცა. ახლა ხატვისთვის ნაკლებად ვიცლი, ხანდახან 1 თვეში 3 კომპოზიციას მიყოლებით ვაკეთებ, მერე შეიძლება რამდენიმე თვე აღარაფერი გავაკეთო. ყოველ ნახატში სულის ნაწილს ვდებ. გამოფენა არასოდეს მქონია. შინ ნამუშევრებისთვის კედელი მაქვს დათმობილი და როცა საქმეს მოვილევ, ვჯდები და ჩემს პორტრეტებს ვესაუბრები.

- რას ურჩევთ მას, ვინც ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ნაფიქრალის გადმოცემას, თავის რეალიზაციას?

- ყველა ადამიანმა საკუთარ თავში რაღაც პატარა ნიჭი უნდა იპოვოს, თუნდაც ყვავილების მოვლა-მოშენებაში. მგონი, ასეთი ნიჭი ყველას აქვს. თუ აღმოაჩენენ, შემდეგ რეალიზაციასაც შეძლებენ. მთავარი სურვილია, მერე ყველაფერს ადვილად გაუმკლავდებიან. ასე რომ, ეცადონ.

ლალი ფაცია