სანდო ბიზნესი კოოპერატივის სახელით - კვირის პალიტრა

სანდო ბიზნესი კოოპერატივის სახელით

ჩვენი კოოპერატივის ქალები ბევრს და ერთგულად შრომობენ, მართალია, ჯერ არც ისე დიდი შემოსავალი გვაქვს, მაგრამ უეჭველად გავზრდით. რაც მთავარია, ეს ჩვენს მშობლიურ ადგილებში მოპოვებული შემოსავალია

როცა ახმეტაში ნატალია მამაგულიშვილმა კოოპერატივი "ჩადუნა - კავკასიელ ქალთა კოოპერატივი არგოხში" შექმნა, ფაქტობრივად, არაფერი გააჩნდა იდეისა და რაიმეს კეთების სურვილის გარდა, წარმოიდგინეთ, მომავალი კოოპერატივის წევრების მხარდაჭერაც კი - მუხლჩაუხრელად ისედაც ვშრომობთ და თუკი რამე გასაყიდი გვექნება, კოოპერატივის დაუხმარებლადაც გავყიდითო. ახალგაზრდა ქალმა თავისი იდეის მომგებიანობა მალე დაამტკიცა, მით უფრო, რომ იცოდნენ, საქმის გამკეთებელი იყო - მანამდე არგოხის დანგრეული კლუბი სწორედ ნატალიას ინიციატივით აღორძინდა. ბოლოს და ბოლოს, კოოპერატივიც შეიქმნა.

ნატალია მამაგულიშვილი წარმატებას კოოპერატივის წევრებს მიაწერს, რომ არ ამყოლოდნენ, არაფერი გამოვიდოდაო:

- არგოხი ლამაზი და მრავალეროვანი სოფელია. აქ ქართველებთან ერთად ოსები და ქისტებიც ცხოვრობენ. დიდი სოფელი არ არის, მაგრამ მშრომელი და პატივსაცემი ხალხი ცხოვრობს. ერთ დროს სოფელს მშვენიერი კლუბი ჰქონდა, მაგრამ ისე დაინგრა, შესვლაც აღარ შეიძლებოდა. დანგრეულს ვერაფერს ვიტან, ამიტომაც კლუბის აღდგენა გადავწყვიტე და ერთ-ერთ უცხოურ ორგანიზაციას მივმართე. პროექტი დამიფინანსეს, თუმცა ის თანხა საკმარისი არ იყო და ახმეტის მერიას ვთხოვე დახმარება. მითხრეს, სიამოვნებითო. ასე რომ, ახლა არგოხში მშვენიერი კლუბი გვაქვს, რომლითაც მარტო ჩვენ როდი ვსარგებლობთ. ერთხელ რომ დავიწყე, ვეღარც გავჩერდი - მეგობარს ვუთხარი, მინდა კოოპერატივი შევქმნა, კოოპერატივის სახელით პროდუქციის გაყიდვა გაგვიადვილდება და დამეხმარე, კლუბში ქალები შევკრიბოთ-მეთქი. ქალები კი შეიკრიბნენ, მაგრამ ეცინებოდათ, რა კოოპერატივი, ისედაც ბევრს ვშრომობთ, ეს რაღა საჭიროაო. მაინც დავითანხმე.

- რომელი პროდუქტი შეარჩიეთ გასაყიდად?

- პირველად სოფლის კვერცხი. ისედაც არის მოთხოვნა ამ პროდუქტზე, მაგრამ მხოლოდ მოთხოვნა შემოსავალს ვერ მოიტანს, თუ რეალიზაცია არ ააწყვე. კოოპერატივში 10 ქალია და ყველას პირობა მივეცი, რამდენი კვერცხიც უნდა გქონდეთ, რეალიზაციას მე მოვაგვარებ-მეთქი. კოოპერატივი სწორედ იმიტომ არის საჭირო, რომ პროდუქციის სანდოობა არ დადგეს ეჭვქვეშ. იქნებ ერთ ადამიანს არავინ დაუჯეროს, რომ მას ნამდვილად სოფლის კვერცხი აქვს ბაზარზე გამოტანილი, მაგრამ კოოპერატივის სახელით სანდოობის მოპოვება და გაყიდვა ბევრად ადვილდება, მით უფრო, თუ ეკოლოგიურად შემოწმებულ პროდუქციას გაიტან ბაზარზე. მალე სამკურნალო მცენარეების შეგროვებაც დავიწყეთ და ამ საქმემაც გაამართლა. სამკურნალო ჩაის ნაკრებისთვის ვაგროვებთ მცენარეებს: ცაცხვის ყვავილს, ბარამბოს, ფურისულას - ყველაფერს, რაც ჯანმრთელობას ქიმიური წამლების გარეშე აღგვიდგენს, თანაც, ეკოლოგიურად სუფთას.

- ეს როგორღა მოიფიქრეთ?

- დიდი ფიქრი არ სჭირდებოდა. უკვე პოპულარულია სამკურნალო ჩაი, ხალხმა იცის, რამდენად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ახმეტასა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაკრეფილი მცენარეები და ცაცხვის ყვავილი ეკოლოგიურად იმდენად სუფთაა, მასზე მოთხოვნა რომ იქნებოდა, ვიცოდი. ის დაწესებულებებიც თავად მოვძებნე, რომლებიც ამ ჩაის ჩაიბარებენ, მათ შორის რესტორნებიც.

- სად აშრობთ მცენარეებს?

- საშრობი თვითონვე გავაკეთეთ. შინ გამოუყენებელი რკინის კონსტრუქცია მქონდა, შევმინეთ და მილები დავატანეთ ჰაერის ცირკულაციისთვის. მცენარე აქ ძალიან კარგად შრება. დაწესებულებებს უკვე შეფუთულ ჩაის ვაბარებთ. ჩვენი კოოპერატივის ქალები ბევრს და ერთგულად შრომობენ, მართალია, ჯერ არც ისე დიდი შემოსავალი გვაქვს, მაგრამ უეჭველად გავზრდით. რაც მთავარია, ეს ჩვენს მშობლიურ ადგილებში მოპოვებული შემოსავალია.

ეთერ ერაძე