"აგრომეტეოროლოგიის დანერგვა საქართველოშიც აუცილებელია"
14-05-2018
"აგრომეტეოროლოგიის დანერგვა საქართველოშიც აუცილებელია"
"ფერმერებს რეგიონების მიხედვით ვაწვდით ცნობებს მოსალოდნელი ყინვის შესახებ"

აგრომეტეოროლოგია ანუ სასოფლო-სამეურნეო მეტეოროლოგია საქართველოში ერთ-ერთი აუთვისებელი დარგია, თუმცა მას აქტიურად იყენებენ აშშ-ში. ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი მეცნიერი ოთარ იოსელიანი, სხვა მეცნიერებთან ერთად, თანამედროვე­ ტექნოლოგიების გამოყენებით მუშაობს აგრომეტეოროლოგიაში ინოვაციების, მცენარეთა დაავადებების პრევენციის მოდელების შექმნასა და ამინდის მონაცემების დამუშავებაზე. ამერიკელი მკვლევრები, ფერმერები და აგროსფეროში მომუშავე ადამიანები ამას გამოიყენებენ როგორც მცენარეების დაავადებების აღმოჩენისთვის, ასევე მოსავლის მოდელირებისათვის. ვაშინგტონის შტატიდან გვესაუბრება ოთარ იოსელიანი.

- სანამ სოფლის
მეურნეობის სფეროში დავიწყებდი საქმიანობას, ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით ვმ­უშაობდი მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის­ ინსტიტუტში. მერე აგროსფ­ეროთი დავინტერესდი და მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტში მიმიწვიეს სამუშაოდ. შემდეგ საფრანგეთში, ანჟერის უნივერსიტეტში ვიკვლევდი ინფორმაციულ ტექნოლოგიებს ღვინის ტურიზმში, იტალიაში კი, პიზის უნივერსიტეტში ვმუშაობდი ქართული ვაზის ჯიშების საერთაშორისო­ მონაცემთა­ ბაზის შექმნაზე. 2015
წელს მიმიწვიეს ვაში­ნგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქ, სხვა მეცნიერებთან ერთად, ვმუშაობ ინოვაციების, ამინდის მონაცემებ­ის დამუშავებასა და მცენარეთა დაავადებების პრევ­ენციის მოდელების შექმნაზე, აგრეთვე - ამინდის მონაცემების შეგროვებაზე, რომელიც გამოიყენება როგორც მცენარეების დაავადებების აღმოჩენის, ასევე მოსავლის მოდელირებისთვის. ვმუშაობ სხვადასხვა მობილური აპლიკაციის შექმნაზეც, რომელთა საშუალებით ამინდის შესახებ მონაცემები მომხმარებელს მიეწოდება.

აგრომეტეოროლოგია არის ამინდის კვლევა და მიღებული­ მონაცემების გამოყ­ენება მოსა­ვლიანობის ზრდისა და სასოფლო-სამეურნეო სფეროს განვითარებისთვის.

მოსავლის მოდელების შედგენისას გამოიყენება ნიადაგების ნაირსახეობა, წლების განმავლობაში დაგროვებული ამინდის მონაცემები და სხვ. მოსავლის მოდელირების მიზანი უფრო დიდი მოსავლის მიღებაა.

მაგალითად, ვაშინგტონის­ შტატში მოჰყავთ ამერიკის სვიის მოსავლის 75%. სვიისგან­ მზადდება ლუდი და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც აგრო­სფეროსათვის, ასევე კერძო ბიზნესისთვის. სვიას არაერთი­ დაავადება ემტერება და თუ, მაგალითად, ჰაერის ტემპერატურა, ქარის სიჩქარე და ტენიანობა არის გარკვეულ ზღვარზე, დაავადების რისკი იზრდება. სვიის პლანტაციაში მომუშავეს მისდის შეტყობინება, ან ჩვენ მიერ შექმნილი მობილური აპლიკაციით ნახავს მონაცემებს კონკრეტული სადგურისთვის. ფერმერებს რეგიონების მიხედვით ვაწვდით ცნობებს მოსალოდნელი ყინვის შესახებ.

აშშ-ში არსებობს აგრარული ამინდის რამდენიმე ქსელი. ერთ-ერთი უდიდესია ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამინდის ქსელი. დღეს 3 შტატში ამ ქსელის 170-ზე მეტი სადგურია, ძირითადად. სტანდარტულ ამინდის სადგურზე დამონტაჟებულია ჰაერის ტემპერატურის, ფარდობითი ტენიანობის, ნიადაგის ტემპერატურის, ნალექების რაოდენობის, ქარის სიჩქარისა და მიმართულების, მზის რადიაციისა და სხვა ტიპის სენსორები. ზოგიერთ სადგურზე დამონტაჟებულია ატმოსფერული წნევის სენსორიც. მონაცემები ყოველ 5 წამში იწერება, ყოველ 15 წუთში მათ მონაცემთა რეგისტრატორი აჯამებს.

საქართველოში ასეთი­ ტექნოლოგიების დანერგვა აუცილებელია, რადგან აგრარული ქვეყანაა. თუმცა, გამოწვევების დაძლევისთვის საჭიროა თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის - აგრომეტეოროლოგიური ამინდის ქსელების გამოყენება. ეს რთულია, მაგრამ შესაძლებელი. უნდა ჩამოყალიბდეს სპეციალური სამსახური, ავტომატური სადგურების მონტაჟისთვის შეირჩეს ფერმერების ათვისებული საუკეთესო ადგილები. გასათვალისწინებელია სადგურების უსაფრთხოებაც. დღეს მსოფლიოში მრავალი ულტრათანამედროვე ტექნოლოგიაა შექმნილი, კვლევითი დაწესებულებები მუშაობენ ინოვაციების შემუშავებაზე, რომელიც როგორც რობოტების, ასევე დრონების აგრარულ სფეროში გამოყენებას გულისხმობს. საქართველოს სოფლის მეურნეობა წინ წავა, თუ თანამედროვე ტექნოლოგიების კვალდაკვალ განვითარდება, რადგან ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.

ნინო წიფურია
ქართველი
19 მაისი 2018 19:07
1990-ან წწ-მდე გორში ( და სხვა რაიონებშიც) წარმატებით მუშაობდა აგრო- მეტეო სადგური ( მცენარეთა დამცველებთან და აგრო-სპეციალისტებთან მუდმივ კავშირში), რომელიც იძლეოდა სიგნალს მოსალოდნელ მოვლენებზე და ვადების დაცვით ჩასატარებელ აგრო ღონისძიებებზე. სიგნალი გადაეცემოდა მეურნეობებს რაიონის ზონების მიხედვით. მეტეო მონაცემებს სადგურისგან ითხოვდა სამოქალაქო ავიაციაც. 25 წელია ჩვენში მოიშალა საჭირო საქმე და ეხლა ამერიკისგან უნდა ვისწავლოთ?. - საწყალო საქართველო!

რედაქტორის რჩევით